
პოლიტოლოგ ვაჟა ბერძის შეფასებით, ე.წ. პოლიტიკურმა “რვიანმა” საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის ბრძოლაში ხელისუფლებასთან დისკუსიისას თავის პრიორიტეტებად მეორეხარისხოვანი საკითხები გამოკვეთა.
როგორც პოლიტოლოგმა “მედიანიუსს” განუცხადა, ხელისუფლება რომ “რვიანის” წინადადებას დათანხმდეს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ამ უკანასკნელის პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებით ჩაატაროს, საპარლამენტო უმრავლესობას უდიდესი უპირატესობით, მაინც “ნაციონალური მოძრაობა” მოიპოვებს.
“ჩემი აზრით, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, “რვიანი” მეორეხარისხოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარის დაწყება საარჩევნო კოდექსითა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესით, მოკლებულია ყოველგვარ აზრს, თუ მანამადე არ დარეგულირდება ყველა ის პრინციპული მომენტი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. პირველ რიგში: ეს არის მედიის თავისუფლება, მეორე _ არასამთავრობო სექტორის რეალური დამოუკიდებლობა, მესამე _ დამოუკიდებელი სასამართლო და მეოთხე, თავისუფალი, კონკურენტული ბიზნესგარემო. ამ ოთხი მომენტის პირველ პუნქტებად დაფიქსირების გარეშე “რვიანის” ნებისმიერი წამოწყება მარცხისთვისაა განწირული. მე მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების “რვიანის” გეგმის განხორციელების შემთხვევაშიც კი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უეჭველად დიდი უპირატესობით (დაახლოებით ამომრჩეველთა 75 პროცენტის მხარდაჭერით) გაიმარჯვებს “ნაციონალური მოძრაობა”. თუ ჩემ მიერ ზემოთხსენებულ ოთხ მიმართულებაზე “რვიანი” იმუშავებს, მეც, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, აქტიურად ჩავერთვები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში”, - განაცხადა ბერიძემ და დასძინა, რომ “რვიანის” წევრი პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებები მას აფიქრებინებს, რომ ეს უკანასკნელი, ნებსით თუ უნებლიედ, ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
“ბატონი ალასანია საარჩევნო გარემოზე ბუნდოვანი საუბრის შემდეგ მიაყოლებს ხოლმე მედიის გათავისუფლების და რაღაც სხვა საკითხების შესახებ განცხადებებს. ჩემი აზრით, იგი თავისი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიედ, ხელისუფლების თამაშს თამაშობს და გამომდინარე აქედან, ზუსტად იმ გეგმას ახორციელებს, რომელიც ხელსაყრელია “ნაციონალური მოძრაობისთვის”. ეს გეგმა, რომელიც “რვიანმა” 7 ივნისს საზოგადოებას წარუდგინა სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს. “რვიანის” შემადგენლობაში ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები შედიან, როგორიც არის დათო ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე და სხვები. სწორედ მათ უნდა გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი საზოგადოებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს პროექტი მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის გაგრძელდება გაუთავებელი საუბარი, რაღაც გაურკვეველ ცვლილებებზე”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა, რომ “რვიანის”, როგორც პოლიტკური გაერთიანების ჩამოყალიბების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს წარმატების მიღწევა უფრო გაუადვილდება.
“რვიანი”, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ჯერ არ შემდგარა და მომავალ არჩევნებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ მათ პოლიტიკური წარმატება, თუUსაქართველოს სინამდვილეში ერთიან პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდებიან”, - აღნიშნა ბერიძემ.
”მედიანიუსი”