ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადმოუფრინა
- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას, რას იტყოდით ბოლო დეკადის მთავარი მოვლენის – 26 მაისს აქციის დაშლის თაობაზე?
- უწინარეს ყოვლისა, თავს უფლებას მივცემ, შეგისწოროთ შეკითხვა, მთავარი მოვლენა, ჩემი აზრით, არ ყოფილა 26 მაისს, შუაღამისას, საპროტესტო აქციის დაშლა. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენთვის საფრანგეთის ქალაქ დოვილში, "დიდი რვიანის" შეკრებაზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები აღარ დგას. ამას მოჰყვა ყველა მხრიდან სამარისებური სიჩუმე და როცა ქართულმა საზოგადოებამ თავისი პროტესტი დააფიქსირა, ჩვენი ხელისუფლება მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა. ეს მისია მომხიბლავ ქალბატონს და ცუდ დიპლომატს ნინო კალანდაძეს დაეკისრა, რომელმაც საქართველო "თარგმანში დაკარგულად" გამოაცხადა. მისი საუბრის შინაარსი, თუ საფუძვლიანად და გულდაგულ, გამოწვლილვით განვიხილავთ, დადის შემდეგზე: თქვა, მაგრამა არ უთქვამს. შემდეგ სახელისუფლო არხებმა აჩვენეს უშნოდ დამონტაჟებულ-თარგმნილი სარკოზის განცხადება, იმ მიზნით, რათა ვერ გაგვეგო, ზუსტად რა ითქვა. ფაქტი ასეთია – სარკოზის ეს განცხადება გავრცელდა მთელ მსოფლიოში, უარყოფა კი არ გაუკეთებია არავის. თუ ბ-ნ სარკოზის ასე არ უთქვამს, განა მას აპარატი არ ჰყავს, პრესმდივანი არ ჰყავს, თუ თავად მოუცლელია და ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის არ სცალია, მათ დაავალოს შესაბამისი განცხადების გაკეთება, თორემ, რა ვიცი, აგვისტოს ომის მერე განუწყვეტლივ დაფრინავდა მოსკოვსა და თბილისს შორის და იმდენი ქნა, ჯორჯ ბუშ-უმცროსიც კი განაცვიფრა, რას დარბის ამდენს ეს კაციო, მოარული ხმები ასე აღწერდნენ ბ-ნ ბუშის რეაქციას სარკოზის აქტივობაზე. ან კიდევ, განა საფრანგეთს საქართველოში არ ჰყავს ელჩი?
ფურნიეს ოინები- რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს ჩვენ საფრანგეთის ელჩის მიმართ?- საერთოდ, ბატონი ფურნიე საკმაოდ უცნაურად იქცევა. მთელი მისი ელჩობის პერიოდში დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის ზღვარზე უჭერდა მხარს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, არადა, მისი ვალია ქართველი ხალხის, საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და არა კონკრეტული ლიდერის ან პოლიტიკური ძალის. ბატონი ფურნიე ისეთ რაღაცებს ამართლებდა, რის გამართლებაც მის სამშობლოში, საფრანგეთში წარმოუდგენელია. მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ჩვენ აღშფოთებული ბ-ნი ფურნიე – როცა სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მოკლეს საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგული კომპანიის წარმომადგენელი, ვინმე კოენი. ამ ფაქტის შემდეგ პერიოდს ეკუთვნის მისი დაუნდობელი განცხადება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, როცა მოისმინა ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგები. პიროვნება, რომელიც `ქორთიარდ-მარიოტში" ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტში ლამის რუსული `კაგებეს~ აგენტად იქნა წარმოჩენილი. იქ ხაზი გაესვა, რომ მოკლულის დედა წარმოშობით რუსია, თავად მოკლული მრავალჯერაა ნამყოფი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში. თუმცა ეს ხაზი ოფიციალურმა პროპაგანდამ მომდევნო პერიოდში არ გააგრძელა. სულ მალე ბ-ნი ფურნიე ჩვენი ხელისუფლებისადმი ჩვეულ ლოიალურ პოზიციებს დაუბრუნდა და ჟურნალისტ ნინო ხაჩიძესთან ("თბილისელები") ფაქტობრივად უარყო ადრე ნათქვამი და ჩვენს ჟურნალისტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება დააბრალა. აქ, ცხადია, ეს არ არის მთავარი. ეს, უბრალოდ, შტრიხებია დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ელჩის პორტრეტისთვის, რომლის პოზიციებს აკლია სიმწყობრე, თანმიმდევრულობა და ობიექტურობა, რაც ჩვენს მთავრობას ხშირად დათვურ სამსახურს უწევს.
ბატონო ზურაბ, რატომ გავუკეთე ვრცელი შესავალი? განა ამ ბატონის პირდაპირი ფუნქცია არ არის ქართულ საზოგადოებას ამცნოს, მართლა განაცხადა ბატონმა სარკოზიმ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი აღარ დგასო, თუ გარკვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა პროვოკაციულად დაამახინჯეს მისი ნათქვამი. სწორედ საფრანგეთის ელჩის ვალია სიცხადე შეიტანოს საკითხში, ხოლო ფრანგულმა მხარემ, თუ სარკოზის განცხადების დამახინჯებას ჰქონდა ადგილი, უნდა უჩივლოს სათანადო საინფორმაციო საშუალებებს. რახან ასე არ ხდება, ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ბატონმა სარკოზიმ მართლაც განაცხადა ასეთი რამ, რითაც, ფაქტობრივად, ცნო აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა. ამ ყველაფრის მიჩუმათება ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდება. მინისტრმა ვაშაძემ, რომელიც ამ ბოლო დროს არამკითხეობს და მიტინგების შეფასებებით არის დაკავებული, თავის ფრანგ კოლეგასთან, კეთილი ინებოს და სასწრაფოდ გაარკვიოს ამ საქმის დეტალები. ქ-ნ ნინო კალანდაძის განსახილველი და გადასაწყვეტი პრობლემა ეს არ არის.
საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია ვანუატუს ან დანიელ ორტეგას პოზიციაში არ აგერიოთ.
მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება, ჩანს, ბატონი სარკოზი, რომელსაც ლიბიის დიქტატორმა კადაფიმ წინასაარჩევნოდ მისგან საჩუქრად ფულის მიღებაში დასდო ბრალი, რასაც სარკოზის მხრიდან ნატოს ლიდერობის თავზე აღება და ტრიპოლის დაბომბვა მოჰყვა, გადაიღალა და "მისტრალის" სარფიანი გაყიდვით აღტაცებულმა, რაც მის ქვეყანას მილიარდობით შემოსავალს მოუტანს, მედვედევის საამებლად ვერ მოზომა და გაუტია. . . გახსოვთ, როგორ ბღაოდა ხალხი აგვისტოში, ვარდების მოედანზე - "სარ-კო-ზი, სარ-კო-ზი . . . ", ახლაც ვიბღავლებთ, ოღონდ ასეთი რამ მეორედ არ თქვას, ხოლო ფურნიე დროზე გაიწვიოს აქედან, ან ბატონმა ფურნიემ ეს საკითხი ოპერატიულად და ბოლომდე გაარკვიოს. ის, რომ საფრანგეთის საელჩო დღემდე კომენტარს არ აკეთებს, თავისთავად მრავლისმთქმელია.
გაიმარჯვა ნინო ბურჯანაძემ, დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი და ქართული საზოგადოება- და მაინც, ბატონო ვაჟა, საპროტესტო აქციების დაშლას როგორ შეაფასებთ? - რახან ეს საკითხი დღეს ყველს აინტერესებს, ჩემს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებ. ვფიქრობ, ეს საქართველოშია აზრთა სხვადასხვაობა ამ ათი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თორემ ცივილიზებულ ქვეყნებში საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში ასეთი განმარტებები და შეფასებები საჭირო არ იქნებოდა.
"სახალხო კრებამ" დაუშვა ბევრი შეცდომა. მან საზოგადოებას და თავის წევრებს არ ამცნო სტრატეგიული მიზნისა და კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შესახებ. თითქოსდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბურჯანაძე აპირებდა ეთამაშა ხალხის მასობრივ უკმაყოფილებაზე და მოეხდინა მასშტაბური გამოსვლების პროვოცირება, მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობდა იგი, სიტუაციის მიხედვით სამოქმედო გეზის გაცხადებას. მისი ეს გეგმა არ განხორციელდა. აქციებს განუდგა მთელი ოპოზიციად თვითწოდებული სპექტრი, ხალხის მხარდაჭერა არ იყო მასშტაბური, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას მისცა საშუალება ძალის გამოყენებით აღეკვეთა საპროტესტო აქცია. მიუხედავად შედეგისა, რაც დადგა, მე ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძე და "სახალხო კრება" გამარჯვებულები არიან. მე არ ვეკუთვნი ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა რიცხვს, ხშირად ვაკრიტიკებდი და ვაკრიტიკებ მას, როგორც პოლიტიკური მიმომხილველი, მაგრამ არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ვთქვა: მთელი ამ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა ერთადერთი პოლიტიკოსი – ნინო ბურჯანაძე. განა, ვისთვისაა აღმოჩენა, რომ სახალხო კრება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაციაა. მან შეძლო და გვერდით დაიყენა ქართველი ერის ისეთი ღირსეული წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ჩვენი ერის სიამაყე და სინდისი ნონა გაფრინდაშვილი, სხვები – რეზო ესაძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე და ასე შემდეგ. ამ ერთმა ქალმა და ამ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ისე შეარყია და შეაჯანჯღარა ხელისუფლება, ისე შეულახა იმიჯი და რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, რომ ამას ვერანაირი `შეფიცულების~ თემით, ვერანაირი რუსული კვალით ვერ გადაფარავს. რუსული ფულით ფინანსდებოდაო ბურჯანაძე, გაიძახიან ნაციონალი პროპაგანდისტები, შენ ვისი ფულით მოხვედი ხელისუფლებაში, სულ ფრთოსანი ანგელოზი რომ იყოს ბურჯანაძე, რომელიმე ქართველი ბიზნესმენი გაბედავდა მის დაფინანსებას? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიად წოდებული, ხელისუფლების კონტროლს ჯერ არ დაქვემდებარებული ორგანიზაცია ფინანსდება ქართული ფულით, ქართველების მიერ? რას მიედ-მოედებით. ასე რომ, ბურჯანაძემ გაიმარჯვა, ჩვენ დავმარცხდით.
ხარიხსიანი ქართველები- ვინ ჩვენ, ბატონო ვაჟა? - ჩვენ, ხარისხიანი ქართველები, როგორც ბატონმა ირაკლი ალასანიამ ბრძანა, ვინც არ მივედით 25 მაისს საღამოს მთავრობის სახლთან, ვინც ვეგუებით ყოველგვარ ბოროტებას, ვინც მივუშვით ჩვენი თინეიჯერი ხელისუფლება ქვეყნის დასანგრევად. წააგო ხელისუფლებამ და წავაგეთ ჩვენ, საზოგადოებამ. ჩვენ დავრჩით ხელისუფლების ამარა, რომელსაც ყველაფრის გამართლება შეუძლია, თავს ხან მერიტოკრატიას უწოდებს, ხან ჰიპოკრიტიულ ფენომენს, არადა, მას უფრო პლუტოკრატია მოუხდებოდა სახელად. სადაა ღირსეულთა და განათლებულთა მმართველობა, რომელ რუსულ კვალზე და რუსულ მითებზე ყვებიან? თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ სახელისუფლო ძალას არ აქვს ტრანსფორმაციის უნარი. თქვენ წარმოგიდგენიათ `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური პარტიის როლში? თუმცა, მათზე მეტად "ოპოზიციის" არაადეკვატურობა მაშფოთებს. მე ვთხოვ, როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, ბატონ ირაკლი ალასანიას გამოვიდეს და მოუხადოს ხალხს ბოდიში იმ მიუტევებელი შეცდომისთვის, რაც მან დაუშვა, როცა 28 მაისს საპროტესტო აქციაზე მოსულ საზოგადოებას ხარისხიანი თბილისელები უწოდა, არადა, იმ დღეს მოსულთა უმეტესობა ან დადიოდა სახალხო კრების აქციებზე, ან თანაუგრძნობდა მას. ნინო ბურჯანაძისთვის ტაშის დასაკრავად მიტინგებზე არავინ დადიოდა. თუმცა ამ ქალბატონმა დაამტკიცა, რომ ბევრ კონკურენტ პოლიტიკოსს აღემატება. მე ერთ სატელევიზიო ინტერვიუს შევახსენებ ბატონ ალასანიას. ჭარმაგი ქალბატონი თავის 32 წლის ვაჟს ეძებდა, აქციის დაშლის მეორე დღეს. და ბრძანა, სახლში არავინ მუშაობს, საჭმლის ფულიც არ გვაქვს, ჩემს შვილს უმაღლესი აქვს დამთავრებული, მაგრამ არსად მუშაობს. ვუთხარი: შვილო, ნუ დადიხარ აქციებზე, სახიფათოაო, დედი, რა ვქნა, იქნებ ასე ეშველოს ჩვენს უსაშველო საქმესო, მითხრა. აი, ახლა ვეძებ. ცოცხალია თუ მკვდარი, არ ვიცი.
ეს ქალბატონი და მისი შვილი არიან უხარისხო თბილისელები? ბატონო ირაკლი, თქვენ საქართველოს ეიმედებით, ნუ ჩაიდენთ პოლიტიკურ თვითმკვლელობას, მოიხადეთ ბოდიში. ნურც ისეთ ინიციატივებს წამოაყენებთ, როგორიცაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს ერთპარტიული პარლამენტი თავის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებს გამოიძიებს? ასეთი განცხადებები არაადეკვატურობის ტოლფასია, არაადეკვატურობა კი პოლიტიკოსისთვის, მოგეხსენებათ, რაც არის.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე