"საქართველოს ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნას უნდა დათანხმდეს" პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნას უნდა დათანხმდეს.
როგორც პოლიტოლოგმა “მედინიუსს” განუცხადა, იმისათვის, რომ ორ მოძმე სახელმწიფოს _ საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები გაღრმავდეს, აუცილებელია, რომ ყველა იმ პრობლემის გასაჯაროება მოხდეს, რომელიც ამ 25 საუკუნოვან ურთიერთობებში არსებობს.
“მე პირადად სომხეთის საკონსულოს სამცხე-ჯავახეთში გახსნას მხარს ვუჭერ. უმჯობესი იქნება, თუ ეს საკონსულო ახალციხეში გაიხსნება. საკითხი, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის დიდი ხანია დაპირისპირების საგანია, არც მეფის რუსეთის პერიოდში ჩამოყალიბებულა და არც უფრო ადრე. სომხურ-ქართულ ურთიერთობებს აქვს 25-საუკუნოვანი ისტორია და ყველაზე ცუდი რაც ხდება დღეს, ხდებოდა შევარდნაძის ხელისუფლებისა და საბჭოთა კავშირის დროს, არის ის, რომ არსებული პრობლემები მიჩუმათებულია, ხოლო წინა პლანზე წამოწეულია დეკლარირებული მეგობრობა. ჩემი აზრით, ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს ჯავახეთში, ზოგადად ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, უნდა იყოს მუდმივი საჯარო დიალოგის საგანი. მაგალითად: როცა საქმე ეხება ჩვენი ეკლესია-მონასტრების წარმომავლობაზე სომხების პრეტენზიებს, საქართველოში სომხური თემის მდგომარეობას, ჯავახეთის საკითხს და მათ პრეტენზიებს, თითქოს ეს ისტორიული “ჯავახკია” და ასე შემდეგ, ყველა ეს პრეტენზია უნდა გახდეს განხილვის საგანი უწინარეს ყოვლისა, არასამთავრობო სექტორს შორის. ამ საკითხებზე უნდა იმსჯელონ ქართველმა და სომეხმა მეცნირებმა, ასევე, საზოგადო მოღვაწეებმა”, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, არ შეიძლება, სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მოუგვარებელი პრობლემები ჰქონდეთ.
“როდესაც პრობლემის მიჩქმალულად განხილვა ხდება, იქ, როგორც წესი, ერთი მხარის სასარგებლოდ ხდება სიტუაციის გადაწყვეტა, ხოლო ამ შემთხვევაში რომელი მხარის სასარგებლოდ წყდება სიტუაცია, ეს მკითხველმა განსაჯოს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სამცხე-ჯავახეთში გავხსნათ საკონსულო, თუ კიდევ რამე სჭირდებათ სხვა, ისიც გავხსნათ, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსიც განვსაზღვროთ საქართველოში; თბილისში რომ სომეხი მეწარმეების მიერ აგებული ძველი სახლებია, მათ მემორიალური დაფები გავუკეთოთ, რომ ესენი სომხების აშენებულია, ხოლო როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და სომეხ ძმებთან მართლები ვიქნებით, მერე უკვე რაშიც ისინი არ იქნებიან მართლები, თამამად მივუთითებთ და ყველაფერი დალაგდება. ამის შემდეგ იქნება მეგობრობა და სიყვარული ორ ხალხს შორის”, - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, იგი სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველს ვერ ხედავს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საკონსულო ჯავახეთში სეპარატიზმის წახალისებას ცდილობს, პრევენციისათვის საქართველოს სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს.
“მე ამაში საფრთხეს ვერ ვხედავ. თუ საკონსულოს ერთ-ერთი ფუნქცია კანონის ფარგლებში სომხური კულტურის პროპაგანდა იქნება, მე მგონი, სომხებს საქართველოში ეს არ ეკრძალებათ, ხოლო თუ ეს იქნება სეპარატისტული ტენდენციების წასახალისებლად, სახელმწიფო რისთვის გვაქვს? რაც კანონის მიღმა იქნება, ის აღიკვეთება”, - განაცხადა ბერიძემ.
ცნობისთვის: ოფიციალურ თბილისსა და ერევანს შორის სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი მანასარიანმა ქვეყნის პარლამენტში გააკეთა. ამ ინფორმაციას სომხურმა მედია ავრცელებს.
მანასარიანის თქმით, ამ დროისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
”მედიანიუსი”