"ყველამ უნდა ისწავლოს ინგლისური, მშობლიური ენა უნდა გახდეს მეორე ენა" - ლი კუან იუსინგაპურს ამჯერად ნიკა გილაური ეწვია. ოფიციალურად მისი ვიზიტის მიზნებზე არაფერია ცნობილი. როდის იყო ქართულ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე მაღალჩინოსანი იმის ღირსად მიიჩნევდა, რომ ვიზიტის მიზნებზე თუ შედეგებზე ინფორმაცია მიეწოდებინა.
ხელისუფლების წარმომადგენლების სინგაპურში წაღმა-უკუღმა სირბილი მრავალი წელია გრძელდება. მრავალი წელია პრეზიდენტ სააკაშვილს მისი პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი, ბატონი ბენდუქიძე და სხვები შთააგონებენ, რომ საქართველოს აყვავების და თანაც სწრაფად აყვავების, ერთადერთი გზა ქვეყნის სინგაპურიზაციაა.
სწორედ ზემოთქმულის გამო მიიპყრო ჩემი ყურადღება სტატიამ, რომელიც Forbes.ru – ზე გამოქვეყნდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვიქადის ბედი მუხთალი. ჰოდა, ჩვეული პირდაპირობით გვეუბნება სინგაპურული კეთილდღეობის შემქმნელი და ფაქტობრივად დიქტატორი – ყველამ ინგლისური ისწავლეთ, ხოლო მშობლიური ენა გქონდეთ ისე, საშინაო მოხმარებისთვისო.
რა ვიცი, ვითომ ესაა ჩვენი ერთადერთი ხსნა? მაშინ, დავღუპულვართ და ეს არის.
რამდენიმე დღის წინ 87 წლის ლი კუან იუმ სინგაპურის მინისტრ-მენტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. იგი 30 წელი პრემიერ-მინისტრი იყო, უცვლელი პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ 7 წელი მთავრობას მოძღვრავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მეზღვაურების ღარიბი სოფელი – სინგაპური, აყვავებული ქალაქი-სახელმწიფო, კუნძული-სახელმწიფო გახდა. თუმცა, მოხდა "უმნიშვნელო" ცვლილებები – მკვიდრი მოსახლეობა, მალაელები მთელი მოსახლეობის 13 %-ს შეადგენენ, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად ჩინელები არიან. ქვეყანა ავტორიტარული მეთოდებით იმართება.
საქართველოს სინგაპური ძალიან არ ჰგავს იმით, რომ იქ რეალურად არსებობს კანონის უზენაესობა, რეალურად თავისუფალია ბიზნესი და რეალურად ამაღლდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ცხოვრების დონე.
ლი კუან იუს აღიზიანებს შეკითხვა, რატომ დანიშნა თავისი შვილი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ. მოხუცი გენიოსი თვალთმაქცობს: მე ჩემი შვილი არ დამინიშნავს, მე დავნიშნე პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 14 წელი იმუშავა. სწორედ მან გადაწყვიტა თავის მოადგილედ ჩემი შვილის დანიშვნა. როცა მას, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ჩემი შვილი ოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო და მინისტრს ძალიან მოსწონდა მისი მუშაობა. მე ჩემს შვილს არ შევაქებ, ამბობს ლი კუან იუ, მაგრამ მან გადაწყვიტა მათემატიკის შესწავლა და კემბრიჯში ჩააბარა (გაუჭირდებოდა!). ეს ის კოლეჯია, აღტაცებულია ბედნიერი მამა, სადაც თავის დროზე ისააკ ნიუტონმა მიზიდულობის კანონი დაამტკიცა.
ჩემი პოლიტიკა განათლების სფეროში, მარტივია, - გულახდილია, და რატომაც არ უნდა იყოს, მოხუცი ლი. ჩემი პოლიტიკა იყო მეიძულებინა ადამიანები თავიანთ ძირითად ენად აერჩიათ ინგლისური. ჩინური კარგია, როგორც მეორე ენა. მალაურიც კარგია, ოჯახში მეგობრულად სასაუბროდ. ინგლისურით კი იმუშავებ და კარგად იცხოვრებ, თან მთელ მსოფლიოში მიღებული ენაა.
როგორ უნდა ვაქციოთ ინგლისური ქართველებმა ჩვენს მთავარ ენად, ფაქტობრივად, სახელმწიფო ენად, ამ ამბავს გილაური ჩამოგვიტანს სინგაპურიდან ბუს კვერცხებთან ერთად.
ახლა, ვითომ ქართველებმა რომ დავივიწყოთ ქართული და ვიჟღურტულოთ მხოლოდ ინგლისურად, ამით ვითომ მსოფლიოს რამე დააკლდება? ხომ აღარ არიან შუმერები, ხეთები, ეტრუსკები, პელაზგები, ბაბილონელები, ძველი ეგვიპტელები, ძველი ბერძნები და რომაელებიც კი, ისინი იტალიკებმა, ბარბაროსებმა ჩაანაცვლეს და დღეს ამაზე არათუ იტალიაში, მთელს მსოფლიოში არავინ დარდობს.
ჯანდაბას, ჩვენი თავი?
ჯანდაბას!
ლევან მზიანიშვილი