”ამერიკელებს მალე ემზარ კვიციანთან და ლოთი ქობალიასთან მოუხდებათ საუბარი, თუ დღესვე არ დაიწყებენ დიალოგს ქართულ საზოგადოებასთან”
”თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი სასამართლოს და კონკურენტული სამეწარმეო სივრცის ჩამოყალიბებამდე მსჯელობა საარჩევნო გარემოზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია”ვაჟა ბერიძე, პოლიტოლოგისაქართველოს ხელისუფლება ისეთივე პრორუსულია, როგორც რევოლუციონერი ოპოზიციონერები. უბრალოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი PR-ის ოსტატია და კარგად ნიღბავს თავის რეალურ მხარდამჭერთა მთელი სპექტრის ვინაობას. ნაციონალური ხელისუფლების ძირითადად ყველა ნაბიჯი, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შესატყვისია, ხოლო გაჩეჩილაძე და ბურჯანაძე კი ჩვენს მეზობელ ”სკვითებს”, ერთი შეხედვით, ამოცანას ურთულებენ. ამერიკელები ისევ დაიბნენ, არ იციან რა გააკეთონ, ისევ ყოყმანობენ და ისევ რუსების იმედზე არიან. თუ ისინი დღესვე არ დაიწყებენ დიალოგს ქართულ საზოგადოებასთან, მათ მალე ურთიერთობის გარკვევა ემზარ კვიციანთან, ლოთი ქობალიასთან და ასლან აბაშიძესთან მოუხდებათ. კიწმარიშვილი-სუბარი-გაჩეჩილაძის მსუბუქი და მორიდებული გასეირნება დიღომში, ამერიკის საელჩოსათან, დადგმული სპექტაკლი და საზოგადოებრივი აზრის ვაქცინაცია იყო. მაგრამ თუ ამერიკის წარმომადგენლები საქართველოში არ შეწყვეტენ ცრუ დიალოგს ქართველებთან, შეხვედრებს, აქაურ, ფაქტობრივად, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ანალიტიკოსებთან, რომლებიც მათ სასურველს რეალობად უსახავენ, ხვალ რეალურ წინააღმდეგობასთან ექნებათ საქმე, რეალურ ანტიამერიკულ განწყობასთან, რაც 1980-იანი წლებიდან დღემდე არასდროს დაფიქსირებულა საქართველოში.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკამ მარცხი განიცადა. ბიზნესის, სამართალწარმოების, ტელესივრცის და პოლიტიკური პროცესის სრული კონტროლის მიუხედავად, მათი პოზიციები შეირყა. დღეს ისინი ამერიკა-რუსეთის ”გადატვირთვის” შედეგებზე არიან დამოკიდებულნი. როგორი ანტურაჟითაც არ უნდა მიეწოდებოდეს ეს საზოგადოებას, საქართველოს მმართველი გუნდის ვინაობა, მაინც ობამა-პუტინის ან ბაიდენი-პუტინის ერთ-ერთი მომავალი კონფიდენციალური საუბრის შედეგად დადგინდება.
თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რუსები იწყებენ გაგებას, რომ სააკაშვილის და მისი ამერიკელი მრჩევლების მიერ დაგებული ხაფანგი ძალიან სახიფათოა რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის. სააკაშვილმა მისცა რუსებს ოქრო, წიაღისეული, ენერგეტიკა, ”ენგურჰესი”, შესაძლოა, ნავმისადგომებიც, თითქმის მთელი ეკონომიკა, სააკაშვილის ქმედებებმა უზრუნველყო რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ ბაზების, რომელთა აქედან გაყვანასაც უზარმაზარი ძალისხმევა და ფული დასჭირდა. სააკაშვილის ”პროვოცირება” რუსებისთვის იოლია, მაგრამ ამ ყველაფრის გადახაზვა, სავარაუდოდ, ბერეზოვსკის მიერ დაფინანსებულ ”პირველ კავკასიურს” შეუძლია, რომელსაც შესწევს ძალა ააფეთქოს ჩრდილოეთ კავკასია, ანუ სათავე დაუდოს რუსეთის დანგრევას. ამის გაგებას უკვე იწყებენ ცალტვინა რუსი პოლიტოლოგები და პუტინის სათბურში გამოყვანილი ასე ვთქვათ პოლიტიკოსებიც კი. ამის შედეგი არა მარტო რუსული ავტორიტარიზმის განმტკიცებაა, არამედ ე.წ. აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” ”დამოუკიდებლობის” აღიარებაც.
ამიტომ, ამ ყველაფრის გამო ღელავს პრეზიდენტი სააკაშვილი. თორემ ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე რევოლუციას მოახდენენ კი არა და დედაქალაქის ერთ გამზირს ვერ შეინარჩუნებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ათ წელზე მეტია, რუსეთი, ამერიკასთან შეთანხმებით სვამს და ცვლის ხელისუფლებებს საქართველოში. გაიხსენეთ რუსეთის რკინიგზის შეფისგან საარჩევნოდ მიღებული მილიონ დოლარიანი ,,ფეშქაში” ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ან ზურაბ ჟვანიას მიერ ჩამოყვანილი ,,სუკის” ექსპერტებით დაკომპლექტებული PR-ჯგუფი, ვინ უპირისპირდებოდა მაშინ შევარდნაძეს? უფრო პრორუსული პატიაშვილი და აბაშიძე. მერე იგორ ივანოვის მიერ ხელდასმული ,,ვარდოსანი სამეული” და სააკაშვილი, დამკვიდრდა პრინციპი - ,,მე გლანძღავ, შენ შენი საქმე აკეთე.”
ასე ვეღარ გაგრძელდება. მართალია, ქართველი ხალხის გადინება ქვეყნიდან, წახალისებული ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკით, გრძელდება, მაგრამ ქვეყანაში, მავანთა სამწუხაროდ, საპროტესტო ელექტორატი ჯერ კიდევ არის.
მაგრამ მთავარი სხვაა. მიიღო პუტინმა გადაწყვეტილება სააკაშვილის ჩანაცვლების თაობაზე? თუ ასეა, სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი წელიც აღარ დარჩენია, მაგრამ ამას ამერიკელების ცალსახა თანხმობა სჭირდება. არის ასეთი თანხმობა? რადგან საზოგადოებას ამას არც ქართველები ეუბნებიან, არც ამერიკელები და მით უფრო, არც რუსები, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დასკვნები დაკვირვებიდან გამოვიტანოთ.
აქ მთავარია, განვსაზღვროთ ე.წ. ქართული პოლიტიკური ,,რვიანის” როლი. მისი წევრები განსაკუთრებულად გულმოდგინედ საუბრობენ, როგორ უნდა შევადგინოთ ამომრჩეველთა ზუსტი სიები და როგორ ჩავატაროთ საარჩევნო პროცედურები. ამ დროს, მთელი ვრცელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში მათ არ მოუთხოვიათ საარჩევნო გარემოსთვის ისეთი საარსებო საკითხების მოგვარება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი ბიზნესი. თუ ხალხმა ალტერნატიული ინფორმაცია, დაბალანსებული ინფორმაცია არ მიიღო, თუ სასამართლო ისევ პროკურატურის გადაწყვეტილებების რეგისტრატორად დარჩა, თუ ბიზნესმა ღიად არ დააფინანსა ქართული პოლიტიკური პარტიები, რა საარჩევნო გარემო უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ნორმალურ საარჩევნო გარემოს. ამაზე ხაზგასმის გარეშე ”რვიანი” დროის გაყვანის ხელისუფლებისთვის საოცნებო და მისაღებ ფუნქციებს ასრულებს. აქ კი, ჩემი საავტორო უფლებების არსებობა უნდა დავაფიქსირო. ჩემი რამდენიმე პრინციპული გამოსვლის შემდეგ ტელე და ბეჭდურ მედიაში, როგორც იქნა პოლიტიკოსები ამ სამ უმთავრეს ფაქტორზე ალაპარაკდნენ.
თუ პოლიტიკურ პროცესში არ ჩაერთო ქართული საზოგადოება, რევოლუცია მოხდება, უფრო ზუსტად, ადგილი ექნება რევოლუციური გამოსვლის მცდელობას, რომელსაც ხელისუფლება ულმობლად ჩაახშობს, დაახლოებით სირიის მართველის, ბაშარ ასადის სტილში. მასშტაბები იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ხალხის მობილიზებას შეძლებს ოპოზიცია და რამდენად რეალურია რუსების მიერ მათი მხარდაჭერა. თუ რუსები ისევ მიიჩნევენ რომ სააკაშვილის დაჯგუფება მათთვის უფრო ხელსაყრელია საქართველოში, რადგან სააკაშვილის ”პროვოცირება” იოლია, მაშინ რევოლუცია იქნება სუსტი, გავარდება ”ორი-სამი ფიშტო” და განხორციელდება ქართული საზოგადოების ვაქცინაცია, რის შედეგადაც რევოლუციაზე აცრილი ქართველები კარგა ხანს აღარ გამოვლენ ქუჩაში. თუმცა, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ”ჩიტის სკლინტზე ზვავი წამოვიდეს”.
მაგრამ თუ აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და მასში ოციათასზე მეტი დამიანი ჩაერთო და ეს მრავალათასიანი პროტესტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, ამჯერად, ვფიქრობ, ადგილი არ ექნება აღებული 2009 წლის აპრილის ტაქტიკას. მთავრობა სასტიკად დაარბევს აქციებს და დააპატიმრებს მის ლიდერებს. ახლა სხვა დროა.
ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის ადმინისტრაციას და მის აქაურ წარმომადგენლებს. მათ უნდა შეწყვიტონ ”ტუნისური არდადეგები”, თავი დაანებონ სააკაშვილის კოსმეტიკური ღონისძიებების ხოტბას და დაელაპარაკონ ქართულ არასამთავრობოებს და არა ამერიკულ არასამთავრობოებს საქართველოში, არა დაგრანტულ ანალიტიკოსებს, არამედ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მოძებნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და რეგიონული სტაბილურობის გზები, რასაც ისინი ჯერ-ჯერობით არასგზით არ აკეთებენ. პირიქით, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები კაილი, ჯონსონი, სეშენსი და კრეპო წერილს ავრცელებენ, სადაც აგრძელებენ ქართული რეალობის არაადეკვატურად აღქმას. მათი აზრით, ”მიხეილ სააკაშვილის დინამიური ლიდერობა რონალდ რეიგანისა და მილტონ ფრიდმანის პრინციპების ზუსტი მაგალითია”. თუ აქ ვინმე ან რამე თარგმანში არ დაიკარგა, იქნებ მოცემულმა ბატონებმა ქართველებს აუხსნან მათ მიერ ნახსენები პიროვნებების მოღვაწეობას, თუნდაც რეიგანისას 8 წლის განმავლობაში, რატომ მოჰყვა ”რეიგანომიკა”, ანუ ამერიკის ეკონომიკის აყვავება და ამერიკელების კეთილდღეობის ზრდა, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის რვაწლიან საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე რატომ მოჰყვა ქართული ეკონომიკის პერმანენტული კრიზისი, მასობრივი მიგრაცია ქვეყნიდან, მოსახლეობის ორი მესამედის სიღატაკის ზღვარზე და მის ქვემოთ აღმოჩენა, რეალური შემოსავლების კლება და უპერსპექტიულობა, რატომ კვებავს ეს ხელისუფლება ხალხს ოდენ უსაფუძვლო დაპირებებით და სინგაპურიზაციის მიუღებელი ლოზუნგით. აი, ანტიამერიკული განწყობილებების ზრდის კიდევ ერთი წყარო. არადა, საქართველო ამერიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ისე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის.
სააგენტო ”პირWელი”
საპუბლიკაციოდ მოამზადა ზურაბ კუკულაძემ