"საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია არ სჭირდება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია არ სჭირდება"
ნანახია: 464

"საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია არ სჭირდება" ვაჟა ბერიძე

"საუბარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნეს-გარემოს, რეალურად არასამთავრობო არასამთავრობოების გარეშე, წყლის ნაყვა და დროის გაყვანის თამაშში მონაწილეობაა”



ახალ კონცეფციაში ახალი არაფერია. იგი სერიოზულ სრულყოფას საჭიროებს
მთავარი რედაქტორისგან თხოვნა ამჯერად დავალებად მივიღე. სიამოვნებით ვასრულებ მას, ბოლო დეკადის რიტმს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დიდი შვიდეული განსაზღვრავს, თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობა წინასადღესასწაულო დღეებშიც და შემდგომაც არ მინავლებულა. ისევ წინა პლანზეა მეორე, მესამე და მეათეხარისხოვანი თემები, "რვიანისა" და ხელისუფლების "ტრფობა-წამებული", სადაც ორივე მხარე რექვიემზე ოცნებობს, რომელიც მათთვის არასდროს აჟღერდება.
უსასრულოდ გრძელდება საუბარი, შეუშვებს თუ არა რუსეთს საქართველო მსო-ში. ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკების საგანი რა შეიძლება იყოს, ყველაზე კარგად გაიგებენ ოთარ ტატიშვილი, თუმცა სულ აღარ სცალია, თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც მკვდარია, გენადი ხაზანოვი, მაგრამ ებრაელია და ჩვენზე გაბრაზებული იქნება და ევგენი პეტროსიანი, რომელიც სომეხია და მაინც ჩვენია. თუმცა ქალანთაროვ-ლავროვისგან განსხვავებით თბილისელი მამა არ ჰყოლია. უკიდურესად გასაიდუმლოებული და ვითომ შემთხვევით პრესის ფურცლებზე გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, საქართველო დიდსულოვნად დათანხმდება რუსეთის WTO-ში შესვლას, თუ იგი ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო საზღვრების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკონტროლებაზე წავა. არადა, ეს რა საიდუმლოა? "მაესტროს" ეთერში პირადად მე ეს ერთი თვის წინ "ვიწინასწარმეტყველე". აბა, თუ მაგრები არიან, პრინციპულად მოითხოვონ "ჩვენმა ბიჭებმა" ქართულ-რუსული კონტროლი ფსოუსა და რიკოთთან!
"რვიანისა" და "ცხრიანის" მოლაპარაკებაზე ქვემოთ მოგახსენებთ. რატომ "ცხრიანის"? "ცხრათავიანი ბაყბაყდევი", "ცხრათვალა მზე", ცხრაწყარო და "მეცხრე ტალღა" ხომ გაგიგიათ? ჰოდა, "რვიანი" და "ცხრიანი" სულ რაღაცაზე მსჯელობენ, როგორ დათვალონ ხმები, როგორ გააყალბონ არჩევნები ისე, რომ იგი არ გაყალბდეს, ეს თემაც დეკადის ჟღერადი და მჟღერი TOP-თემაა. ქალბატონი ქეიდენაუც, უწინარეს ყოვლისა, ამ საკითხით იყო შეშფოთებული. თუმცა თბილისში სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ელჩები კი შეკრიბა, მაგრამ სომხური ოპოზიციის გააქტიურება გამოაპარეს. სამაგიეროდ, სულ არაფერი უთქვამთ მოსკოვში მცხოვრები მუსლიმების მეთაურის უაღრესად სენსაციურ ინფორმაციაზე, რომ ბაქოში საქართველოს საელჩო და ქართველები, საერთოდ, აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. სამაგიეროდ, ის რაც გამოეპარა რუსეთის ისლამური კომიტეტის ხელმძღვანელს ჰეიდარ ჯამალს, არ გაჰპარვია ბაჩუკი ქარდავას, ედპ-ს დღევანდელ ლიდერს. მან მოსკოვში მისი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია გაგვანდო, რომლის თანახმადაც რუსეთი საქართველოში არეულობებს გეგმავს. მაგარი ახალი ამბავია, მე და ჩემმა ღმერთმა. ძლივს დაალაგა ეს საქართველო რუსეთმა სათავისოდ და რაღაზე უნდა არიოს?
რაღა თქმა უნდა, არავის გახსენებია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის გარეშეც საქართველოს ხელისუფლება თავს შესანიშნავად გრძნობს. როგორც "ბანკები და ფინანსები" წერდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში "ბ&ფ"-ს კორესპოდენტისთვის უთქვამთ – კონცეფცია შენიშვნებით ეროვნული უშიშროების საბჭოს დაუბრუნდა და არ ვიცით, როდის გადმოეცემა პარლამენტს მისი საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლადო. გაზეთმა "ბანკები და ფინანსები" სარკასტულად შენიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კონცეფცია სახელმძღვანელო დოკუმენტი კი არა ფარატინა ქაღალდია, რომლის მაუდქვეშ ამოდებაც კი არ ღირსო. ეტყობა გაზეთის ასეთი შეფასება მავანს ემცხეთა. პუბლიკაციიდან ორი დღის შემდეგ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა შესაბამის ექსპერტებთან ერთად კონცეფცია განიხილა და, ბუნებრივია, მოიწონა.
ძნელი სათქმელია, რა მოიწონეს პარლამენტის კომიტეტში. პროპაგანდისტული მანქანა იუწყებოდა, რომ მოიწონეს კონცეფცია, თუმცა კომენტარებიდან გამოსჭვიოდა, რომ შენიშვნები უფრო მოიწონეს, მაგრამ ყველაზე სენსაციური ამ ინფორმაციებში მაინც ის იყო, რომ გაისმა ნოტები 2005 წლის კონცეფციის მოწონების თაობაზე მასში შეტანილ ცვლილებებთან ერთად.
რაიო?
ეს კონცეფცია, ახალი, ცინცხალი და ორიგინალური არ არის? ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ვიცოდით.
აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, როგორ შეიძლება ახალი კონცეფციის "დაწერა" წინა კონცეფციის ღირსება-ნაკლოვანებების გამოწვლილვით ანალიზის გარეშე, იმის გაუაზრებლად, თუ რატომ იქცა 2005 წლის უსაფრთხოების კონცეფცია მაკულატურად რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის დროს, რატომ გადაგვახიეს რუსებმა თავზე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და რატომ შეაჩერა სახელმწიფო მანქანამ ფუნქციონირება, რატომ მოწყდა ქვეყნის ნაწილები – დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს, რატომ დავთმეთ კოდორი და ახალგორი, რატომ გავხდით მთლიანად სარკოზი-პუტინ-რაისის სამკუთხედის იმედად, რომელშიც, როგორც "ბერმუდის სამკუთხედში" დიდი ხნით გაუჩინარდა "ოკუპირებული ტერიტორიები" აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ვფიქრობ, უსაფრთხოების კონცეფციის მიღებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მითუმეტეს, ცხადი გახდა, რომ მისი არარსებობა ქვეყანას და ხელისუფლებას მაინცადამაინც არც აწუხებს. ყველაფერი მშვიდად და მდორედ მიედინება. ქვეყანა ყვავის, ინვესტიციებს ველით, ხალხზე ვზრუნავთ. თუ ასეა, ახალ კონცეფციაზე ცოტა უფრო გულმოდგინედ ვიმუშაოთ. ნუ იქნება მასში იგნორირებული ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტები. განა შეიძლება ამდაგვარ კონცეფციაში სერიოზული ნაწილი არ ეთმობოდეს ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებას. კონცეფციის ბოლო ვარიანტში ამ საკითხებზე არ არის საუბარი. რაღაც-რაღაცებზე გვაიმედებენ, რომ კონცეფციის საიდუმლო ნაწილში იქნებაო საუბარი, თუმცა არ აზუსტებენ, რას შეეხება აღნიშნული მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ასეთი ნაწილი კონცეფციას უნდა ჰქონდეს. მისი კონკრეტული შინაარსი საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, უცნობი იქნება, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რა საკითხებზეა ამ ნაწილში მსჯელობა, რათა მშვიდად იყოს, რომ სხვა საგანგებო ვითარების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი არ მოიცავს და რომელიმე თავხედი უცხო ძალა უსაფრთხოების მორიგ კონცეფციასაც არ გადაგვახევს თავზე.
სხვაც ბევრია ნაკლი და ხარვეზი კონცეფციის პროექტში, რომელიც პარლამენტის კომიტეტის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მასზე დაწვრილებით ამჯერად არ შევჩერდები. ერთი საკითხით შევეცდები აგიხსნათ ამ ხარვეზების რაობა. კონცეფციაში არსადაა ნათქვამი, რომ მედიის ჭეშმარიტი თავისუფლება უსაფრთხოების უსერიოზულესი ელემენტია. როცა ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ელექტრონული მედია, როცა არავინ უწყის, რომელი ტელეკომპანია ვისია და ვისი ფულით ფინანსდება, ასეთი საზოგადოების სოციალური სიმშვიდე და პოლიტიკური სტაბილურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია ზოგიერთი საკმაოდ გონიერი ექსპერტის, პროსახელისუფლო ექსპერტის მტკიცება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვისია ესა თუ ის ტელეკომპანია. სარეკლამო ბაზრის სიმწირის, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის და მედია-ბიზნესის ჩამოუყალიბებლობის პირობებში ხელისუფლების ხელში მედია ელექტრონულ იარაღად იქცევა, ან იმ პიროვნების თუ სახელმწიფოს იარაღად, ვინც ამ ქვეყანაში წამყვან ტელეკომპანიებს დაეუფლება თავად, ან ცრუმაგიერი პირების მეშვეობით. თუ ამას ბეჭდური მედიის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მისთვის საჯარო ინფორმაციის ძნელადმისაწვდომობას და ინტერნეტ-მედიასივრცის ხელისუფლების მიერ ადვილად გაკონტროლების შესაძლებლობასაც დავუმატებთ, იოლია დავასკვნათ, რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის თავისუფალი მედიის არსებობა. ახლა ვისაც გაინტერესებთ, ჩახედეთ რა არის ნათქვამი ამ თემაზე უსაფრთხოების კონცეფციაში. და მიხვდებით, რომ იგი მნიშვნელოვნად გადამუშავებას მოითხოვს.

"რვიანი" და "ცხრიანი" ათიანში
ირაკლი ალასანიას თბილისში დაბრუნებიდან და გაოპოზიციონერებიდან ერთი თვის თავზე გაზეთ რეზონანსში "ტროას ცხენი" ვუწოდე. მაშინ დავსვი კითხვა – ვინ არის-მეთქი ალასანია: ქართული ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერი თუ იქ შეგზავნილი "ტროას ცხენი", მაშინაც დიდ პატივს ვცემდი და დღესაც. პოლიტიკურ ძალთა გარკვეული განლაგების ვითარებაში, რომელიმე არჩევნებში მხარიც კი შეიძლება დავუჭირო. ამავე დროს, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად "რვიანის" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რომელიც ორივე მხრიდან დროის გაყვანის მცდელობას წააგავს. არადა, უკეთესი გარემოს შექმნას ისეთი ნაცადი პოლიტიკოსები უჭერენ მხარს, როგორებიც დავით ბერძენიშვილი, ირაკლი მელაშვილი და სხვები არიან. განსაკუთრებით აქტიურობს ალასანია. ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლებისგან შედგება მოლაპარაკებების სამთავრობო გუნდიც, პავლე კუბლაშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა წარმოუდგენელია ის ლოგიკა, რომლითაც "რვიანი" საუბრობს, ძირითადად ყურადღება მახვილდება საარჩევნო პროცედურებზე და ტექნიკურ დეტალებზე. ისინი არ იმუშავებს თავისუფალი ელექტრონული მედიის, დამოუკიდებელი სასამართლოს, ბიზნესის თავისუფლებისა და კონკურენტული გარემოს არსებობის გარეშე. ოფიციოზის პროპაგანდისტული მანქანის მიერ ზომბირებული რეგიონები ეგრეთ წოდებულ თავისუფალ არჩევნებში უეჭველად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ ხმას. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ აქვთ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება და თითქმის მთლიანად ხელისუფლებისგან ბოძებული მწირი სოციალური დახმარებით სულდგმულობენ. I არხზე პროპორციულად პარტიებისთვის გამოყოფილი უფასო დრო შექმნის უკეთეს საარჩევნო გარემოს? პარტიები ხალხთან ვერ მივლენ, ვიდრე ბიზნესმენს ეშინია დიდი ფულის კი არა, ორი ათასი და სამი ათასი ლარის ღიად შეტანა რომელიმე პარტიის სალაროში. ასე რომ, ამ თემების მოგვარებამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი ნონსენსია. მე არ ვლაპარაკობ ჯერ კვერცხი უნდა იყოს თუ ქათამი, მე კატეგორიულად მოვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ბატონ ალასანიასგან ჩამოაყალიბოს კრიტერიუმები, თუ რისგან შედგება ნორმალური საარჩევნო გარემო. თუ ის და მის კოლეგები მიიჩნევენ, რომ პირველი რიგის საკითხები საარჩევნო გარემოს ნორმალიზების გზაზე არ არის თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნესი და კონკურენტული ბიზნესგარემო, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი არასამთავრობო სექტორი, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ და ამასთან ერთად, დაზუსტებული სიები და შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობა, ანუ სამართლიანი არჩევნები, მაშინ "რვიანი" რაღაც ჩვენთვის გაუგებარ მიზნებს ისახავს და სხვა ენაზე ლაპარაკობს. ამ შემთხვევაში, ინიციატივა უნდა აიღოს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მას საამისო რესურსი აქვს, უნდა გვიჩვენოს ტრანსფორმაციის მაგალითი და თავად ეს ძალა გახდეს დასავლური ტიპის დემოკრატიის დამკვიდრების ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში.
აქვე მინდა ვთხოვო პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავად გახდნენ დემოკრატიულები. ჩვენ გვყავს ავტორიტარული, ერთი კაცის, ლიდერების პარტიები. მათ უმრავლესობაში დემოკრატიის ელემენტარული ნორმები იგნორირებულია და არ არსებობს. არიან გამონაკლისები – "რესპუბლიკელები", "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტები", სადაც არის დემოკრატიის გარკვეული ელემენტები, მაგრამ შალვა რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ოფისში ერთი კვირის განმავლობაში ვერავის პოულობს, ეს სავალალო ვითარებაა. ამ პარტიის გენერალური მდივანი გონიერი კაცია, მაგრამ მას აქვს სერიოზული თანამდებობა პარლამენტში – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. ამ ორი თანამდებობის შეთავსება, ვფიქრობ, შეუძლებელია. მე მოვუწოდებ მმართველ პარტიას გარდაიქმნას ევროპული ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციად. არადემოკრატიული პარტიები დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ააშენებენ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48