რატომ აფეთქდა არაბული სამყარო - დასავლეთის პოლიტიკის კრახის მიზეზები
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
- ბატონო ვაჟა, მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს არაბულ სამყაროში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს. რამდენად პროგნოზირებადი იყო ეს მოვლენები?- მე არ ვარ არაბისტი, მაგრამ ისტორიკოსი ვიყავი ომამდე და თან, როცა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაზე შემითანხმდით, შესაბამის პრობლემატიკას ჩავხედე. ანუ, რამდენადაც მოკლე დროში ეს შესაძლებელი იყო, შევეცადე გამეაზრებინა ამ პროცესის სპეციფიკა და თავისებურებები. დასკვნა მარტივია - დასავლეთის პოლიტიკამ არაბულ სამყაროსთან მიმართებაში კრახი განიცადა. ეს დასანანია ჩვენთვის, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნისთვის და, ამავე დროს, ჭკუის სასწავლებელიც. ჭკუის სასწავლებელია იმდენად რამდენადაც გვკარნახობს, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა ავაგოთ არა ამერიკელი, ევროპელი, რუსი ან თურქი სუფლიორების ნაკარნახევით, არამედ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, დემოკრატიულ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ცნობიერება. როცა ხალხი და პოლიტიკური ისტებლიშმენტი უნისონში მოქმედებს, შეთანხმებულია თამაშის წესებზე, ეროვნული ინტერესების ვექტორებზე და მახასიათებლებზე, როცა თავისუფალია ბიზნესი, სამართლიანია კონკურენტული გარემო, თავისუფალია მედია, დამოუკიდებელია სასამართლო და კანონი კანონობს, ქვეყნის უსაფრთხოებას და მის მოქალაქეთა მზარდ კეთილდღეობას არაფერი დაემუქრება. ასე არ იყო არაბულ ქვეყნებში. ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი განუკითხავად მართავდა დიდ და პატარა ქვეყნებს. ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის და დიქტატორული მმართველობის უნივერსალური პრობლემა ერთია - ასეთ ქვეყნებში არ არსებობს ცივილიზებული პოლიტიკური ოპოზიცია. მისი ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი პოლიტიკური გარემო, უფლებრივი სივრცე და ფინანსური რესურსი უზურპირებულია სახელისუფლო კლანების მიერ. ოპოზიციური ლიდერები ან განდევნილნი არიან ამ ქვეყნებიდან, ან ციხეებში სხედან. უკმაყოფილება გროვდება და მიდის ხალხის წიაღში, იქიდან კი ამოიტყორცნება უკიდურესად რადიკალური, ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების სახით. მათი ოდიოზურობა, ბრძოლის არაპოპულარული, ხშირად სისხლიანი ფორმები მმართველ რეჟიმებს ამდაგვარი დაჯგუფებების იზოლაციას, განადგურებას უიოლებს. თუმცა, დროებით და ერთი შეხედვით სიმშვიდე ისადგურებს. ღმერთი კი მოწყალეა, და თავის ერთგულ შვილებს, მოცემულ შემთხვევაში ალაჰის და მუჰამედის მიმდევრებს სასოწარკვეთილებისთვის არ გასწირავს. ხდება რევოლუცია - "ზეიმი ჩაგრულთა" და ძალადობა ხდება მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება. ეს არის ერთადერთი, მაგრამ გარდუვალი შედეგი, არასასურველი, მაგრამ უეჭველი.
- თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არეულობები და სისხლისღვრა გარდაუვალი იყო?- გარდაუვალი მხოლოდ ერთია ყველა მოკვდავისთვის - სიკვდილი. სხვა ყველაფერი სიკეთის სამსახური და ღმერთთან მიახლოების გზაა. ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული, ცალკეული მმართველის, მის გარშემო შემოკრებილი თავგასული ხროვის უსამართლობასაც. ზედმეტი თეორეტიზება და ზოგადი საუბარი რონ არ გამოგვივიდეს მოდი, მკითხველს ავუხსნათ კონკრეტულად რა მოხდა. დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მინამსგავსი ტუნისით.
ტუნისი და საქართველო გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთსგანსხვავება მათ შორის ერთია - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო მნიშველოვანი ქვეყანაა, ტუნისი ნაკლებად. ტუნისი არ არის ჩვენსავით მრავალეროვანი და არ ესაზღვრება ორ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი) და ორ პატარა მეგობარ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი). ყველა სხვა თვალსაზრისით, სიტუაცია მსგავსია - კარგი სტატისტიკური მონაცემები, მაღალი ადგილები რეიტინგებში, მშპ-ს ზრდის მაღალი ტემპი, საყვარელი ხელმძღვანელი ბენ ალი, ოცდასამ წლიანი ურყევი მმართველობა, აქცენტი ტურიზმზე, ბევრი განათლებული და უმუშევარი ადამიანი, არაბებს შორის ყველაზე ევროპული ყაიდის ხალხი, ფრანგულის ბევრი მცოდნე და უამრავი უმუშევარი. შარშანწინ, ოქტომბერში ბენ ალი 90%-ით აირჩიეს, რა თქმა უნდა, ფალსიფიცირებული არჩევნების პირობებში. ეს არ იყო ძნელი, არაორგანიზებული ოპოზიციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზების პირობებში. ქვეყნის ეკონომიკის ბერკეტები საკუთრებაში - ბენ ალის გარემოცვას, მისი პირველი ცოლის ნათესავებს და მისი მეორე მეუღლის - ლეილას ოჯახს. ერთ მშვენიერ დღეს ტუნისელებმა აღმოაჩინეს, რომ ძალიან ცუდად ცხოვრობენ, ბენ ალი მატყუარაა და ქვეყანას მისი მმართველობის პირობებში პერსპექტივა არ აქვს. ტუნისელები ქუჩაში გამოვიდნენ. გენერლები, ტუნისში არმია და გენერლები ავტორიტეტულები არიან, მივიდნენ ბენ ალისთან და უთხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა გადამდგარიყო. ბენ ალი წავიდა.
ქართული და რუსული საინფორმაციო საშუალებები, რატომღაც ორივე ერთნაირად, საოცარია კი, ხაზს უსვამენ, რომ ტუნისში მშვიდობამ დაისადგურა. თუმცა მხედველობიდან "რჩებათ", რომ
ტუნისელი ხალხის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდაპრეზიდენტი გადადგა, შემდეგ მთავრობიდან დათხოვნილ იქნენ ბენ ალის დროინდელი მინისტრები, შეიქმნა დროებითი მთავრობა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები.
- თუმცა ბობოქრობს ეგვიპტე, შფოთავს იორდანია, დუღს იემენი, ყალყზეა შემდგარი ალჟირი, ღელავენ მაროკოში.- ეს უკვე სხვა ოპერაა. აქ ოთხმოც მილიონიანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასთან გვაქვს საქმე. ეგვიპტე არაბი ერის ავანგარდია. არამარტო მოსახლეობის რაოდენობით. მიუხედავად ნავთობდოლარების ფუფუნებაში ჩაძირული ემირებისა და შეიხების საუფლოების მოჩვენებითი ბრწყინვალებისა, ეგვიპტეა არაბი ერის ლიდერი. თანამედროვეობის თითქმის ყველა დიდი არაბი მოაზროვნე, ლიდერი, მეცნიერი, ხელოვანი ეგვიპტელია. ეგვიპტე ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთ სატრანსპორტო არტერიას - სუეცის არხს, მისი სიტყვა გადამწყვეტია ებრაელებისა და არაბების კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ამიტომ იყო ეგვიპტე დღემდე ამერიკული დახმარების მიღების მოცულობით მეორე რეციპიენტი ისრაელის შემდეგ. ეგვიპტის დაკარგვა ამერიკისთვის ვაშინგტონ - D.C.-ის დაკარგვას ნიშნავს. თუმცა ეგვიპტელი ხალხის ნება ურყევია - მუბარაქი უნდა წავიდეს. ხუთჯერ "გამარჯვება" უალტრნატივო არჩევნებში, ერთხელ ფორმალური კონკურენტის არსებობის ვითარებაში, მძვინვარე კორუფცია, უმუშევრობა, შიმშილი, მოსახლეობის ორი მესამედი სიღატაკის ზღვარზე და ქვემოთ, დათრგუნული დემოკრატია, უუფლებობა და რელიგიურ ბურუსში შერეკილი რადიკალი ოპონენტები, არანაირი პერსპექტივა ყოველი მეორე ეგვიპტელისთვის. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია.
მუბარაქი უნდა წავიდეს- რა აბრკოლებს ამ, ერთი შეხედვით, ცხადზე უცხადეს შედეგის დადგომას?- ამერიკელებს არ აქვთ მათთვის მისაღები ვარიანტი. მათ, როგორც ხდება ხოლმე, ტოტალიტარიზმის მეშვეობით ეჭირათ ვითარება არაბულ ქვეყნებში. ისინი მზად არ აღმოჩდნენ მოვლებნათა ასეთი განვითარებისთვის. მე არ მგონია, რომ სინამდვილეს შეეფერებოდეს გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ამერიკელები ურთიერთობდნენ მუბარაქის ოპოზიციასთან და მათ მხარს უჭერდნენ. ეს უფრო ამბოხებული ხალხის გულის მოსაგებად გავრცელებული ინფორმაციებია. არც ალ ბარადეი, "მაგატეს" ყოფილი ხელმძღვანელი ფაქტობრივად ამერიკის კონტროლქვეშ მყოფი ორგანიზაციის, მგონია მე მუბარაქის მემკვიდრე. იქნებ აქაც დროებითი მთავრობა იყოს უფრო მისაღები დაზვერვის ყოფილი შეფის - სულეიმანის მეთაურობით. სამხედროები მართვას ხელში ვერ აიღებენ, ეგვიპტე საამისოდ მზად არ არის, "ძმები მუსლიმანების" გავლენის სწრაფი ზრდის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი ხალხში პოპულარული არმიის გარანტიით ჩატარებული დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებია. ყველა სხვა გზა პაკისტანამდე, ტერორიზმადე, "ალ-ქაიდამდე" და ჩიხამდე მიდის. ეგვიპტის მოვლენებს დაძაბული ადევნებენ თვალს ალჟირელები. ალჟირს მოხუცი აბდელაზიზ მუტეფლიკა მართავს. მას აქვს გარკვეული ავტორიტეტი ხალხში, მაგრამ ადამიანები იქ ძალიან ღარიბები არიან და არც სამხედროების თავგასულობაა ასატანი. ხალხს ახსოვს 90-იანი წლების საშინელი სისხლისღვრა, მაგრამ არეულობები შეიძლება იქ მასშტაბური გახდეს. დაძაბულობაა იორდანიაშიც. მეფე, ხაშიმიტების დინასტიის წარმომადგენელი, იმ ტომის შთამომავალი, რომელსაც წინასწარმეტყველი მუჰამედი ეკუთვნოდა, პოპულარულია, მას ძლიერი გვარდია ჰყავს, რომელიც ორი სერიოზული შენეკადისგან - ბედუინებისგან და ჩერქეზებისგან შედგება. თუმცა უკმაყოფილება ირდანიაშიც დიდია. არაბთა გაერთიანებული საემიროები ჩუმად არიან და ეს გასაგებიცაა. იქ ხალხს საარსებო მინიმუმი აქვს და აბა, მაძღარი კაცი უფლებებს და თავისუფლებებს როდი დაგიდევთ, განსაკუთრებით ტოტალური კონტროლის და ჩაგვრის პირობებში.
"ტვიტერების" რევოლუცია- მოხდებოდა თუ არა ეგვიპტის ამბები, რომ არა ინტერნეტი?- რა თქმა უნდა, "ფეის-ბუქ"-მა და "ტვიტერმა" ხალხის მობილიზებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მაგრამ, რომ არ ყოფილიყო კავშირის ეს საშუალებებიც ადრე თუ გვიან ეგვიპტეში საყოველთაო-სახალხო ამბოხება გარდაუვალი იყო. ტოტალიტარიზმი და დიქტატურა თავად ამზადებს პირობებს მასობრივი მღელვარების, რევოლუციებისა და გადატრიალებებისათვის. რაც უფრო დიქტატორულია რეჟიმი, მით უფრო მასშტაბურია ამბოხი, რაც უფრო დაუნდობელია ხელისუფლება, მით უფრო სისხლიანი-განვითარებული მოვლენები.
ისრაელმა მუბარაქს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზაეს კიდევ ერთი დრამატული, შეიძლება ითქვას ტრაგიკული პასაჟია 82 წლის დიქტატორისთვის. ასეთი ინფორმაციები ახელებს აჯანყებულ ხალხს და ნაკლებ სივრცეს ტოვებს ეგვიპტეში მოვლენათა ცივილიზებული, დემოკრატიული გზით განვითარებითვის. ეს თემა, ჩვენს მიერ, ქართველების მიერ იგნორირებული, უაღრესად საინტერესოა. ჩვენთვის საინტერესო თითქოს საეჭვო არაბი შეიხი და საეჭვო არაბი ინვესტორია. მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა "ჰეზბოლას" გაძლიერება ლიბანში, სირიის მდუმარე დიქტატურა ქურთების პრობლემა ჩვენს სამეზობლოში და არაბეთიდან მომავალი ტალღის მისაწვდომობა ნაკლოვანი დემოკრატიების, არსებითად ავტორიტარული რეჟიმებითვის - რუსეთისთვის, ყაზახეთისთვის, უზბეკეთისთვის, სომხეთისთვის, ირანისთვის, აზერბაიჯანისთვის. ეს ქვეყნები "მეცხრე ტალღას" სხვადასხვანაირად, მაგრამ მძაფრი მოლოდინის რეჟიმით ელიან.
ესაუბრა ზურა კუკულაძე