ნანახია: 757
მცირეოდენი შესვენების შემდეგ კახა ბენდუქიძემ კვლავ დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. გეგა მგალობლიშვილი არ აღმოჩნდა სათანადოდ დამყოლი და დამჯერი. მართალია, მან ხელი მოაწერა ვენახების გაჩეხვის თაობაზე ბრძანებას, რომლის თანახმადაც ერთი ჰექტარი მიწის ამოძირკვისთვის გლეხი 200 ლარს იღებს. ეს "საგმირო საქმე"მგალობლიშვილს ოქროს ასოებით ჩაწერს საქართველოს ისტორიაში. მაგრამ, როგორც ამბობენ, "ენგურჰესის" გასხვისებასა და "ინტერ რაოსთვის" გადაცემაზე იგი უკვე ძნელად დასათანხმებელი აღმოჩნდა. მერე იყო შეძახილი -"შენ თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია, ბიჭო!"და ა.შ. მანამდეც იყო რაღაც-რაღაცები... როცა ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ, ბენდუქიძის კადრები მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლა და თავისიანები მიიყვანა, კახა ბენდუქიძემ ისინი - ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე მრჩევლებად დაუნიშნა გეგა მგალობლიშვილს. ძველი იდილია _ კახა ბენდუქიძე - ლადო გურგენიძე მაინც დარღვეული იყო. არადა, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ეკონომიკასთან და ბიზნესთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ კახა ბენდუქიძესთან მოთათბირების შემდეგ იღებს. ასეთ პირობებში ჭირვეული, ან ნაკლებად `ჩვენიანი~, პრემიერის არსებობა, მიუღებელია. ფატალურ გარემოებათა შედეგად სტატუს-კვო აღდგენილია. პრემიერის პოსტი ნიკა გილაურმა დაიკავა. იგი პრეზიდენტის დაჯგუფების სტაჟიანი და ერთგული წევრია, პიროვნულად უკონფლიქტო, კომუნიკაბელური, განათლებული და კომპეტენტური. იყო მოწოდების სიმაღლეზე ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებში. თუმცა, ახალი სიმაღლე სულ სხვა თვისებების გამოჩენას ითხოვს. რაც არ უნდა ამტკიცოს მან, ზურაბ ნოღაიდელივით, პრემიერად მუშაობის პერიოდში სამეურნეო მუშაკი ვიყავიო, მთავრობის მეთაური პოლიტიკური ფიგურაა. ვნახოთ, როგორი პოლიტიკოსი იქნება ნიკა გილაური. მაშ, ასე - კახა ბენდუქიძე მთლიანად ფლობს და აკონტროლებს მთავრობას. მასზე გავლენიანი დღეს ხელისუფლებაში მხოლოდ ორი კაცია - მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, რომელთა სიუზერენობასაც ის უსიტყვოდ აღიარებს და რომლებთან ერთადაც მოქმედებს. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებით არიან დაკავებულნი. ამდენად, იგი სრულუფლებიანი და სრულფასოვანი მთავრობის მეთაური და მისი საქმიანობის გეზის მიმცემია. ვნახოთ, რას მოუტანს ქვეყანას კახა ბენდუქიძის ახალი მთავრობა. მასში ქალბატონებისთვის ადგილი ისევ არ გამოინახა. სამაგიეროდ, მთავრობაში გვყავს რუსული ჟღერადობის ქართველი, - დიმიტრი შაშკინი, რომელზეც ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორში ცნობილი კაცია. როგორც ჩანს, და როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მთავრობასთან ახლოს მდგომი. ჩემი მხრივ, დავძენ, - სავარაუდოა, რომ იგი კარგად დაგრანტულ, NGO-ებს წარმოადგენდა ანდა, სულაც დამგრანტავთაგანია. სწორედ ამიტომ გაიჟღერა მის ბიოგრაფიაში ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელმა.
ბექა სავანელი
|