"ხელისუფლებამ დემოკრატიული კურსიდან გადაუხვია და ამის გამართლებას ცდილობს"
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან - ბატონო ვაჟა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ეთერში. მისი გამოსვლა ტრადიციულად გაჯერებული იყო ოპტიმისტური ტონით და წარმატებებზე საუბრით. თუმცა იყო რამდენიმე ახალი პასაჟიც. ვიდრე ამ შეფასების მოკლედ გაანალიზებას გთხოვდეთ, იქნებ ამიხსნათ, რას მოასწავებს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ახალი ტერმინი-მერიტოკრატია. რა სიკეთე გვეღირსა და ვერ მივმხვდარვართ ჩვენ, ქართველები? - ზურაბ, ვფიქრობ, დოქტორანტ-პოლიტოლოგს ჩემგან არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა თუ რას ნიშნავს მაიკლ იანგის მიერ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მიმოქცევაში შემოტანილი ეს ტერმინი. მე სხვა რამეზე მივაპყრობ ჩვენი მკითხველის ყურადღებას. ამას წინათ, სულ ცოტა ხნის წინ, გავიგე, რომ ილიას უნივერსიტეტში, რომელიც "თავისუფლების ინსტიტუტთან" და ჟურნალ "ტაბულას" გარშემო შემოკრებილ ჯგუფთან ერთად დღევანდელი მმართველი გუნდის იდეოლოგიური ცენტრია, დაიწყეს კვლევა მერიტოკრატიის და საქართველოში მისი დამკვიდრების გაპიარების მიზნით.გამოხდა ხანი და, როგორც მოსალოდნელი იყო, მერიტოკრატიაზე პრეზიდენტიც ალაპარაკდა. მოკლედ, სიტუაცია, ჩემი აზრით, ასეთია: გადახვევა დემოკრატიული კურსიდან თვალსაჩინო ხდება, ხელისუფლებას ამის დაფარვა აღარ შეუძლია, ამიტომ, ის ეძებს დემოკრატიის შეზღუდვის ახსნის გზებს. ავტორიტარიზმის სიჭარბე უნდა გადაიფაროს ახალი ტერმინოლოგიით, ფრაზეოლოგიით, ეფექტური დოქტრინების პროპაგანდით, ცალკეული დებულებების შერევით, აღრევით, ან უბრალოდ, პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური ეკლექტიკით. "მერიტოკრატია" ამ თვალსაზრისით, საუცხოო სატყუარაა როგორც შიდა, ისე საგარეო მოხმარებისთვის.
"იხვები და ბატები -სოციალ-დემოკრატები"
ვერა ქობალია და ბაკურ კვეზერელი -მერიტოკრატები- ეჰ, თქვენ ისევ ჩემს დოქტორანტობაზე ხუმრობთ, ეს არ მწყინს, მაგრამ მეც მინდა მერიტოკრატობა და რა ვქნა? კარგი რამეა ეტყობა. აქამდე უფრო არისტოკრატობა მიზიდავდა მე, წარმოშობით გურულს და მოწოდებით ლიდერს...- ვფიქრობ, შენ ფირალობა უფრო მოგიხდებოდა, ან რევოლუციონერობა. მერიტოკრატი გურული არ გამიგია მე. აი, "როდესაც ვთარგმნეთ მარქსი მალულად" და როცა "დაგვერხა მაქსიმალურად", მაშინ გურულების უმეტესობა სოციალ-დემოკრატი იყო, ილიას ებრძოდნენ და მხოლოდ ერთი გურული-ექვთიმე თაყაიშვილი აკეთებდა საერო და საღვთო საქმეს. ხალხს რაღა დარჩენოდა, ფუნაგორია შექმნა - "იხვები და ბატები -სოციალ დემოკრატებიო". ესენი ის სოციალ-დემოკრატები არ იყვნენ, ბერშტეინი რომ ხელმძღვანელობდა და XX საუკუნის ევროპის აყვავებაში თავისი წვლილი რომ შეიტანეს. ესენი უთავბოლო მარქსისტები იყვნენ. საქართველოს დამოუკიდებლობა იძულებით გამოაცხადეს და მერე ვერც ბოლშევიკებს დაუდგნენ მედგრად. მაგრამ თავი დავანებოთ გურულებს და სოციალ-დემოკრატებს. გადავიდეთ მერიტოკრატიაზე ვნახოთ მერიტოკრატიის უმარტივესი განმარტება. მერიტოკრატია მმართველობის ფორმაა, სადაც თანამდებობების დაკავება ხდება ადამიანების მიერ დემონსტრირებულ ტალანტზე, შესაძლებლობებზე და დამსახურებაზე დაყრდნობით. მერიტოკრატიის დროს საზოგადოება სიმდიდრით ან სოციალური სტატუსით აჯილდოვებს მათ, ვინც შესაბამის ნიჭსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე სახის შეჯიბრში გამარჯვებით. ასეთია მერიტოკრატიის არსი. ახლა, იქნებ საქართველოში აღმოჩნდება ჭკუათმყოფელი, ვინც ჩვენი ხელისუფლების ზედა ეშელონში მერიტოკრატიის ელემენტებს დაინახავს. იქნებ ვინმემ აუხსნას საზოგადოებას, რა იძლევა ამ უკიდეგანო ცინიზმის საფუძველს, როცა ვერონიკა ქობალია, ეს მშვენიერი ქალბატონი, სამოდელო სახლს კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ეკონომიკის სამინისტროს. ის არათუ ვერ ლაპარაკობს ქართულად, არამედ სრულ პასუხს ვერ იძლევა ვერც ერთ დასმულ შეკითხვაზე. არ იცის არც ერთი სფერო ცოდნის, არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ცენზი, არ ხვდება ჟურნალისტებს, ან ხვდება მხოლოდ "შინაურ" ჟურნალისტებს, იქნებ მერიტოკრატია ბაკურ კვეზერელი, რომლის მინისტრობის პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობა საბოლოოდ გაჩანაგდა და რომელიც ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევა, ან იქნებ კობა სუბელიანით უნდა ვიყოთ აღტაცებულები, რომლის გულქვაობამ და უსუსურობამ თვით ნაცმოძრაობის წევრებიც კი შეძრა. როცა უბედური ადამიანები, საკუთარ სამშობლოში მერამდენედ ხდებიან ადგილნაცვალი პირები, მავანი დეცენტრალიზაციაზე და სახელმწიფო უწყებების შენობებში დევნილების ცხოვრების დაუშვებლობაზე ღაღადებს, ეგრეთ წოდებული მოსყიდული თუ დანიშნული ოპოზიცია კი სლუკუნებს და ბოლო წლების მონაგარს დროს ტარებაში ფლანგავს, ხოლო აბსოლუტური გაუცხოებისა და დეზორიენტაციის ფონზე ვიღაც-ვიღაცეები მითიურ საარჩევნო გარემოზე ლაყბობით იქცევენ თავს. მერიტიკრატია პრემიერი გილაური? აბა გაზომეთ მის მიერ ნათქვამი ღვთაებრივი სიტყვების სიმაღლე: "ქართველი გლეხები ზარმაცები არიან და ამიტომ ახალ ტექნიკას ვერ ითვისებენო" იქნებ გილაურს ეჭვი ეპარება, რომ მისი წინაპრების მიერ არ არის აგებული მესხეთის ტერასები და იქაური უნიკალური სარწყავი სისტემა. იქნებ ჩვენი წინაპრების მიერ არ იქმნებოდა ის დოვლათი, რომლითაც საქართველო ყველა ეპოქაში, მათ შორის, საკმაოდ მძიმე, საბჭოთა პერიოდშიც კი, განთქმული იყო თავისი შრომით, გარჯით და სავსე ბეღელით. რა სიკეთე მოუტანეს ამ ქვეყანას მოცემულმა მერიტოკრატებმა, გარდა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის შემქმნელი, ამ პროცესის ორგანული ნაწილი - ბურები უნდა დავაჯილდოვოთ უფასოდ ქართული მიწებით. იქნებ მერიტოკრატმა პაპუნა დავითაიამ აგვიხსნას ბურები ინვესტორები არიან თუ დედაწულიანად უნდა ჩამოსახლდნენ სიდუხჭირისა და ამ ხელისუფლების მიერ საქართველოდან განდევნილი მოსახლეობის ნაცვლად. ან განა უაღრესად მშრომელი და ნიჭიერი სომეხი ჯავახეთში და აზერბაიჯანელი ქვემო ქართლში ვერ მოიყვანს კარტოფილს და ბოსტნეულს, იქნებ ღვინის წარმოება გვასწავლოს ვინმემ? რას მიედ-მოედებით!
მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის- თქვენი პოზიცია საკმაოდ მკაცრი მეჩვენება. იქნებ არ ღირდეს ვითარების დრამატიზება?- მე ვარ მკაცრი და მე ვაკეთებ რაიმეს დრამატიზებას? გნებავთ, მერიტოკრატია დაამყარეთ, გნებავთ, დემოკრატია, გნებავთ, ტირანია. მე ვიცი ერთი რამ -ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ხალხის ნება. ხალხი წინაარმდეგია ბურების ჩამოსახლების. ხალხი წინააღმდეგია კონცერტებში ფულის ფლანგვის. ხალხი წინააღმდეგია საკუთრების უფლების ხელყოფის, ხალხი წინააღმდეგია დევნილებისადმი სასტიკი მოპყრობის, დევნილების დევნის, ხალხი წინააღმდეგია მცირე მეწარმეების ტერორიზების, ხალხი წინააღმდეგია ელიტური კორუფციის, ხალხი წინააღმდეგია ხელისუფლების მხრიდან ტელემედიის ტოტალური კონტროლის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, რაც კარგად არ დამთავრდება. მოვუწოდებ მთავრობას, შეცვალოს საქმიანობის სტილი, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მანერა. ბოდვები მერიტოკრატიაზე სამომავლოდ შემოვინახოთ, რადგან ყველაფერია ამ ქვეყანაში მერიტოკრატიის გარდა. აქ არის პლუტოკრატია - სიმდიდრის ფლობა მხოლოდ მმართველი ელიტის მიერ, რომელსაც გარდა ამისა ჰყოფნის თავხედობა და უზარმაზარ ხელფასებს ინიშნავს, უზარმაზარ პრემიებს იღებს. ასი ათასი კაცის ხელფასი შვიდ მილიარდიან ბიუჯეტში ერთ მილიარდს შეადგენს. აი ეს არის პლუტოკრატია, მერიტოკრატიის არსებითად საწინააღმდეგო სისტემა, დაუმატეთ ამას ნეპოტიზმი - ოჯახებისა და კლანების მძლავრობა, სამეგობროების, საძმოების ფარული გავლენა - ქრონიზმი და მიიღებთ სრულ ანაქრონიზმს და კიდევ ამას ერთვის დემოკრატიის სრული ჰიპერტროფია. აი რაზეა სასაუბრო.
"სახელმწიფო ეს მე ვარ" - ტრიუმფატორის მორიგი გამოცხადება ხალხთან - მაინც რას გამოყოფდით სააკაშვილის ტელეეთეერიდან?- სააკაშვილი ტრიუმფატორია. ასე შევაფასე მე მისი მდგომარეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მან პირწმინდად გაანადგურა ოპოზიცია, რითაც, ვფიქრობ, "დათვური სამსახური" გაუწია საკუთარ თავს. "მართვადი ოპოზიცია" ოპოზიცია არ არის, ოპოზიციას ვერ დანიშნავ. თუმცა სააკაშვილი უნიჭიერესი პიროვნებაა. ის ცდილობს ამერიკული კოზირი ბოლომდე გამოიყენოს, ხოლო რუსული კოზირი ბოლოსთვის შემოინახოს. ამდენად, მას ბევრი სადარდებელი არაფერი აქვს. დასავლეთში შესაბამისი ლობები დაეხმარებიან, რუსეთში საქართველოში ქონების მქონე და შუამავალი ოლიგარქები. ამიტომ, მე რაც დავიმახსოვრე და რასაც თქვენც გირჩევთ მიაქციოთ ყურადღება, ესაა: "განა მე არ ვიცი, რომ ხალხი ცუდად ცხოვრობს?" (იცის, მაგრამ არც ის და არც სხვები მის გარშემო რომ არ უნდა ცხოვრობდნენ ხალხზე უკეთესად, ეს დაავიწყდათ) "რუსეთი ნიანგია" (მერედა რატომ აბიჯებ ნიანგს ფეხს კუდზე?). ის გახდება პრემიერი, რადგან "საქართველოს ინტერესებს თავის ინტერესებზე მაღლა აყენებს". "საავადმყოფოები იმიტომ კეთდება, რომ ხალხით გაივსოს" (ცოტა აცდენილი ფრაზაა, მაგრამ, მივუტევოთ). "საქართველოში მაღალი ხარისხის თოვლია" (თუმცა, მესტიაში და ხულოში ექსპერტების აზრით თოვლი სველია და მაინცადამაინც სახარბიელო სათხილამურო ტრასებისთვის არ არის). პრეზიდენტი ვეტერანებს მარადიულ ცეცხლთან ახლოს "მოშარდვას" არ პატიობს (რამ გააგიჟა ეს ვეტერანები, იქვე ობელისკის უკან ხომ ბიოტუალეტია?! ვითომ მართლა მოშარდეს?)
აი, ეს არის სულ. ტრიუმფატორის მორიგი გამოცხადება ხალხთან.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე