ნანახია: 600
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე ახლახან დაფუძნებულ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული პარტიას" საზოგადოებაში ნდობის მოპოვება გაუჭირდება.
როგორც ვაჟა ბერიძემ განაცახდა, ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა ოპოზიციის მარგინალიზაციის პროცესი. დღეს ე. წ. ოპოზიციური ფლანგი, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მართვადი სუბიექტებისგან შედგება. თუ რომელიმე მათგანს სურს ხალხი დააჯეროს, რომ თანმიმდევრულად ოპოზიციური ძალაა და გულწრფელია ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, უნდა დაამტკიცოს თავისი მოუსყიდველობა.
”ახალ პარტიაში ერთადერთი რეიტინგული ფიგურა სოზარ სუბარია. ეროსი კიწმარიშვილი წარმატებებს მაშინ აღწევდა, როცა უცხოური დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ფონდები ღიად უჭერდნენ მხარს. ის პოლიტიკაში ახალბედაა, თუმცა უდავოდ ნიჭიერი პიროვნებაა. ლევან გაჩეჩილაძემ ხალხის ნდობის უზარმაზარი მანდატი გაფლანგა, მისი რეიტინგი დღეს დაბალია და ყველაფერი უნდა დაიწყოს თავიდან. მან ჯერჯერობით ვერ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსია და როგორც ლიდერს, შესაბამის მომენტში შეუძლია გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომელსაც ხალხი აყენებს. როცა 100 000-ზე მეტი ადამიანი სამი თვე, შენს დაძახილზე მთავრობის სახლთან მოდის, როცა 80 000 ქართველი ეროვნულ სტადიონზე ფეხზე დაგიდგება, იქიდან გზა უწმინდესისკენ კი არ მიდის, არამედ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ან ციხეში. თუმცა შეცდომების გასწორებისთვის საზოგადოებას შეუძლია მას კიდევ ერთი შანსი მისცეს.” – აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ექსპერტის აზრით, ერთადერთი სიახლე, რაც ”ქართულმა პარტიამ” შესთავაზა საზოგადოებას, ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. თუმცა მის ლიდერებს არ განუმარტავთ, რას გულისხმობენ ამ ”დარეგულირებაში”. ეს პირველი შემთხვევაა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როცა პარტია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას თავის პრიორიტეტად ასახელებს. ბუნებრივია, ეს, უწინარეს ყოვლისა, ხელისუფლებას ხელს აძლევს მას უკვე გამოუჩნდა ”განტევების ვაცი”, რომელსაც ყველა ცოდვას აჰკიდებს, რაც მისთვის არცთუ უცხო და შორეული ”დიდი რუსეთისგან” მოდის. ვაჟა ბერიძე ახალი პარტიის დაფინანსებასა და პარტიული ოფისის მდებარეობაზეც საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს ”არც ის არის მისაღები, რომ ხალხისთვის დაფარულია ამ პარტიის დამფინანსებელთა ვინაობა, ეკონომიკური პლატფორმა, საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, პოლიტიკური ხედვები. ქალაქის ცენტრში ხელისუფლებამ საშუალება მისცა მისგან ”დევნილ” პოლიტიკოსებს ფეშენებელურ ოფისში დაბანაკებულიყვნენ. ამ ყველაფრის წინასწარ გაცხადებისა და განმარტებების გარეშე ახალი პოლიტიკური ძალის სარბიელზე გამოსვლის მიზანშეწონილობასა და მის საიმედო პერსპექტივას ვერ ვხედავ”, – აცხადებს ბერიძე.
|