ნანახია: 639
დავით გამყრელიძე: "ის დრო წავიდა, როცა "საქართველო შევარდნაძის გარეშე" ლოზუნგით შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. მოსახლეობას ახლა ის უფრო ადარდებს, თუ რა იქნება შემდეგ" - ბატონო დავით, მსოფლიო საფინანსო კრიზისი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, მან ზემოქმედება მოახდინა საქართველოზეც. მიუხედავად ჩვენი ეკონომიკის ნაკლები ინტეგრირებულობისა მსოფლიო ეკონომიკაში, მიუხედავად ჩვენში საფონდო ბაზრის ფაქტობრივად არარსებობისა, ეს ნეგატიური ზემოქმედება სახეზეა. თქვენი აზრით, რამდენად სერიოზული მასშტაბებისაა ეს ზემოქმედება, რამ უფრო მეტი და არსებითი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ სავალალო მდგომარეობაში, - ჩვენი ეკონომიკის სისუსტემ კრიზისამდე, თვით მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თუ რუსეთთან საომარმა კონფლიქტმა? - დავიწყოთ იმით, რომ კრიზისის თვალსაზრისით ჯერ ყველაზე მძიმე პერიოდი არ დამდგარა. ეს ტალღა შედარებით მოგვიანებით შემოგვიტევს და როგორც სპეციალისტები და ექსპერტები ამბობენ, პიკს გაზაფხულზე, მარტ-აპრილში მიაღწევს, როდესაც მოსახლეობის შემოსავლები კატასტროფულად მოიკლებს. დღეს ექსპორტი საერთოდ გაჩერებულია და სავალუტო შემოსავალი ბიზნესს აღარ მოაქვს. ჩვენ მხოლოდ იმპორტზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, ლარის დღევანდელი ე.წ. წონასწორობითი ნიშნული მხოლოდ და მხოლოდ სავალუტო რეზერვების ხარჯვის საფუძველზეა შენარჩუნებული. ცხადია, შეგვეშველა ამერიკული დახმარება, რომელმაც სავალუტო რეზერვების გამყარებაში სერიოზული წვლილი შეიტანა, მაგრამ რამდენ ხანს გვეყოფა იგი და ეს წონასწორობა რამდენ ხანს შენარჩუნდება ძნელი სათქმელია. ჩვენი ვალუტა, ალბათ, დროთა განმავლობაში, ისევ განიცდის დევალვაციას, თუმცა, ეს უნდა იყოს რბილი და დროში გაჭიმული პროცესი და არა ნახტომისებური. ამას ემატება ფულის ხარჯვის შიში, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია და ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ინდივიდუალური სეიფები სავსეა ფულით, მაგრამ საბანკო ანგარიშებზე ფულს აღარ ანთავსებენ. ხალხს გამოაქვს თანხები ანგარიშებიდან და დებენ საცავებში, ანუ თანამედროვე მუთაქებში. ამ პროცესს ვერც ჩვენ გადავურჩებით. საქართველოშიც, თუ ვინმეს ფული აქვს, გაუჩნდება სერიოზული სკეპცისი მისი ხარჯვის მიმართ. ეს, ასე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქციაა. უმუშევრობა განპირობებულია იმით, რომ ბიზნესი, ფაქტობრივად, ფულს აღარ ხარჯავს. უმუშევრობა აღრმავებს კრიზისს. ადამიანები ვეღარ ემსახურებიან თავიანთ ვალდებულებებს, სესხი იქნება ეს თუ სხვა რამ. ჩვენ ამ მანკიერ წრეში ვტრიალებთ და პირველი რამაც დაღი დაასვა ჩვენს ეკონომიკურ რეალობას ეს აგვისტოს მოვლენებია. სწორედ მაშინ შეწყდა ინვესტიციები საქართველოში და სანამ მსოფლიო კრიზისი გაღრმავდებოდა მანამადე დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განულება. ჩვენი ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირებას დაახლოებით 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ინცესტიცია ესაჭიროება. რომ არა აგვისტოს მოვლენები, შესაძლოა 2008 წელს ინვესტიციების მოცულობას 2 მილიარდამდეც კი მიეღწია. ერთ ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, - როდესაც დავით ბაქრაძე არჩევნების `სიძვირის~ ახსნისას მიზეზად იშველიებდა, რომ ეს ინვესტიციების შემოსვლას შეუშლის ხელსო, იგი ცრუობდა, რამდენადაც 2008 წლის პირველ 6 თვეში ჩატარდა 2 არჩევნები, - 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამ პერიოდში, პირველ 6 თვეში, საქართველოში შემოსულია 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ანუ, ის რაც დაგეგმილი იყო მთელი წლის მანძილზე, შესრულდა 6 თვეში და ტემპი არ დავარდნილა. აგვისტოს მოვლენების შედეგად კი ინვესტიციები მყისიერად განულდა. ასე რომ, როცა საუბარია, თუ რამ უფრო მეტი ნეგატიური გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, მე პირველ ადგილზე აგვისტოს მოვლენებს დავაყენებ. აგვისტოს ომმა ერთადერთი პოზიტივი მოიტანა, თუკი ასეთი ტრაგედიის შემდეგ რაიმეს პოზიტივი შეიძლება დაერქვას, - ჩვენ დონორებისგან მივიღეთ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების დაპირება. არ ვიცი, რამდენად შესრულდება იგი, მაგრამ, ცხადია, დღეს რომ იდგეს ეს საკითხი, არავინ ამ თანხებს არ გაიღებდა. დღევანდელ ვითარებაში ამის უფლებას დონორ ქვეყნებს საკუთარი ხალხი და პარლამენტები არ მისცემდა. შედეგი მძიმეა, პროგნოზი კიდევ უფრო მძიმე. კრიზისის დაძლევის გზაზე მთავარი გასაღები არის ხელისუფლება და სააკაშვილის პრობლემა. და მე ამას არ ვამბობ საკითხის ხელოვნურად დრამატიზებისა და პოლიტიზირების მიზნით. დღეს, სააკაშვილი თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკით, მისი დაცემული იმიჯით, რუსეთთან (რომელთან ურთიერთობის აუცილებლობას ამერიკაც კი აღიარებს) უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობით, შიდა არასტაბილურობითა და ნდობის დაბალი მაჩვენებლით არის მთავარი პრობლემა და წინააღმდეგობა კრიზისის დაძლევის გზაზე. მისი გადადგომა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. - მთავრობამ, კერძოდ კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩამოაყალიბა კრიზისთან ბრძოლის თავისი ხედვა და პროგრამა. როგორ დაახასიათებდით თქვენ ამ პროგრამას, მის დადებით და სუსტ მხარეებად რა მიგაჩნიათ? - ეს სააკაშვილის ტიპური სტილია, როცა ის ფუნდამენტალურად არაფერს აკეთებს. თუ გახსოვთ, ის ისე მოვიდა ხელისუფლებაში, რომ არანაირი პროგრამა არ ჰქონია. ის ისევ პიარითაა დაკავებული. მას უნდა შექმნას ხალხში იმის რწმენა, რომ აქვს კრიზისიდან გამოსვლის რესურსი. კრიზისს კი, ბოლო კვლევების მიხედვით, აღიარებს საქართველოს მოსახლეობის 87%, ხოლო თბილისის 94 %, ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, კვლევა ამბობს, რომ საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ აზრს იზიარებენ სააკაშვილის მომხრეებიც, თუკი ასეთები მას კიდევ ჰყავს შემორჩენილი. კრიზისიდან გამოსვლის არანაირ რეალურ პროგრამაზე მთავრობა არ საუბრობს. სააკაშვილის მიერ სასურველის რეალობად გასაღების ყველა მცდელობა განწირულია, რადგან მას არანაირი რესურსი, არც ფიზიკური და არც მორალური აღარ გააჩნია და მისი სადემონსტრაციო დაფის ფონზე მიმდინარე საჯარო გამოსვლები მხოლოდ დროის გაწელვის უშედეგო მცდელობაა და მეტი არაფერი. - ჩვენი ოპოზიციის შედარებით სისუსტედ მე მივიჩნევდი ხშირად ეკონომიკური პლატფორმისა და ხედვების არქონას. ბევრ ოპოზიციურ პარტიას ეკონომიკური პლატფორმა არ გააჩნია. თუ თქვენ მეტყვით, რომ მემარჯვენეობა თავად გულისხმობს გარკვეული ეკონომიკური პოსტულატების გაზიარებას და ერთგულებას, მე ნაწილობრივ დაგეთანხმებით, მაგრამ კონკრეტული პლატფორმის არსებობას მაინც აუცილებლად მივიჩნევ. მით უმეტეს თქვენს პარტიაში არიან ეკონომიკაში კარგად ჩახედული პოლიტიკოსები - ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, სხვები. აქვს თუ არა თქვენს პარტიას, ან თქვენი და რესპუბლიკელების ალიანსს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამა, ან თუ მიმდინარეობს ასეთ პროგრამაზე მუშაობა? - გახსოვთ, ალბათ, "მემარჯვენეები" ყოველთვის ვიყავით გამონაკლისი პოლიტიკურ სპექტრში, ვინც არჩევნებზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც ელექტორატს კონკრეტული პროგრამების ენით ელაპარაკებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ამგვარი მიდგომა დღემდე, როგორც ჩანს, არ ხიბლავს და ლამაზი ტყუილები ურჩევნია მწარე სიმართლეს, ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ სწორად ვიქცეოდით. სწორად ვიქცეოდით, როცა 900 დღიან პროგრამას ვადგენდით, როცა მასში, იმ პერიოდის შესაბამისად, გამოწვლილვით ვდებდით განვითარების თანმიმდევრულ ჩვენეულ ხედვებს. მაშინ, სხვათა შორის, სააკაშვილმა შეიძახა, - 900 დღე რა ამბავიო?!. შეიძახა, რადგან ამით იმის გადაფარვა სურდა, რომ თავად განვითარების არანაირი საკუთარი კონცეფცია არ გააჩნდა... დღეს სულ სხვა რეალობაა და საჭიროა ამ რეალობაზე მყისიერი რეაგირება. როცა ვსაუბრობდი კრიზისიდან თავის დაღწევის აუცილებელ პირობაზე - სააკაშვილის წასვლაზე, - ხაზი გავუსვი, რომ ეს არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი. დიახ, უმთავრესია ის, რომ გამარჯვებულ გუნდს ჰქონდეს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი კრიზისს, უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. ანუ როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკური და სამხედრო დოქტრინაა საამისოდ საჭირო. ამ ხედვების გარეშე კრიზისის დაძლევა წარმოუდგენელია. მე დავსვამ კითხვას, - რა არის საჭირო, რომ პოლიტიკური სიმშვიდე და სტაბილურობა იქნეს მიღწეული და რა დემოკრატიული რეფორმებია განსახორციელებელი და რა ინსტიტუტების გაძლიერებაა საჭირო. აქვე ვუპასუხებ, - თუ არა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, ვერასოდეს თავისუფალი ეკონომიკა ვერ იარსებებს და ინვესტორი ვერასოდეს იგრძნობს თავს დაცულად და უსაფრთხოდ. რაც შეეხება, დღეს უშუალოდ ეკონომიკაში რა ტიპის ნაბიჯებია გადასადგმელი, ამის თაობაზე პრეზენტაციების დაწყებას ჩვენი ალიანსი მიმდინარე კვირიდან აპირებს. ჩვენ წარმოვადგენთ თუ როგორ კონსტიტუციურ მოდელს ვხედავთ; როგორი საარჩევნო სისტემა გვსურს; რაში მდგომარეობს უსაფრთხოების კონცეფციის ჩვენეული ხედვა; ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების რა კონკრეტულ გზებს ვხედავთ. ამ ყველაფერს ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ. გვაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებას ჩვენი ხედვების თაობაზე საკმარის ინფორმაციას მივაწვდით. ამავე დროს, არ გვაქვს პრეტენზია რომ ის იქნება უნაკლო და შესაბამისად, ჩვენ ექსპერტებთან დიალოგის გზით ამ ხედვებს უფრო მეტად დავხვეწთ. - თქვენი აზრით, როგორ უნდა დაიხარჯოს ის 4,5 მილიარდი, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს? - რეცეპტი, რომელიც მსოფლიო ბანკმა მოგვცა, გარკვეულწილად საინტერესო იყო. თუმცა ამ შემოთავაზების მიმართაც უამრავი კითხვის ნიშანია, რადგანაც იქ დატოვებულია დიდი ადგილი კონკრეტული გაწერის გარეშე, ანუ შესაძლებლობა, რომ მთავრობამ დახმარების სოლიდური წილი საკუთარი სურვილის მიხედვით დახარჯოს. და თუ როგორი `ეფექტიანობით~ გამოირჩევა დღევანდელი მთავრობის ხარჯვის პოლიტიკა, ყველა კარგად ვხედავთ. მთავარი პრინციპი უნდა იყოს აბსოლუტური გამჭვირვალობა, რაც მოგვცემს საშუალებას ვნახოთ სად, რამდენი და როგორ დაიხარჯა. აქვე ვიტყვი, რომ დონორების თანხების ათვისებისას არ უნდა იყოს პრიორიტეტი შეიარაღებული ჯარები. დღეს მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკის სტაბილურობა და სოციალური სიმშვიდის შეტანა საზოგადოებაში. - რამდენად თავისუფალია დღეს ბიზნესი საქართველოში. როგორ კომენტარს გაუკეთებდით ახლახანს გამოქვეყნებულ რეიტინგს, სადაც ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით საქართველო 32 ადგილზეა, სომხეთი კი 31 ზე. შევარდნაძის დროინდელი კლანური ეკონომიკა რა ტიპის ეკონომიკამ შეცვალა? - ეკონომიკური თავისუფლების რეალური ინდექსი საქართველოში ძალიან დაბალია. ერთია, რა წერია კანონში, რამდენად გამარტივებულია ბიზნესის წამოწყება ან გადასახადი და მისი განაკვეთი და მეორეა, რა არის რეალობა და ყოველდღიურობაში როგორ ხდება ეს ყველაფერი. ალბათ, ყველაზე მეტად ამაზე საუბარი უპრიანი ბიზნესსამყაროსგან იქნება, თუმცა, იცით, თუ რამდენი ხიფათის მომტანია მათთვის რაიმე კრიტიკული განცხადების გაკეთება. მე გაგებით ვეკიდები მათ დუმილს. თუმცა აქვე ვთხოვ მათ, რომ დათვურ სამსახურს ნუ უწევენ საკუთარ თავსა და ქვეყანას, როდესაც თეთრზე შავს ამტკიცებენ. დუმილი მაინც შეინარჩუნონ, რადგან სიჩუმე, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალია. პოლიტიკოსები მზად ვართ, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ მათი სათქმელიც. თავისუფლებაზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი. ბიზნესი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლქვეშაა. თვით რუსეთშიც კი გარკვეული მასშტაბის შემდეგ იწყება ბიზნესის კონტროლი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. საუბრობდნენ 100 მილიონიანი და მეტი ბრუნვის ბიზნესებზე. საქართველოში კი ჯიხურის დონეზეც კი პოლიციაა და სხვა ძალოვანები არიან ჩართულნი. რა ტიპის ეკონომიკა გვაქვს? – ალბათ, მისი სახელი პოლიციური ეკონომიკაა, როცა სახელმწიფო ტერორის ფონზე ფინანსური პოლიციასა და პროკურატურაში საზღვრავენ ვინ უნდა აკეთებდეს ბიზნესს, ვინ სად რამდენ წილს უნდა ფლობდეს და ა.შ. - რას მოასწავებს და რას უნდა ველოდოთ "ახალი მემარჯვენეებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ალიანსისგან. ხომ არ იქნება ეს მომავალში ერთი პარტია? - ჩვენ შევჯერდით ალიანსზე და არა ბლოკზე, რადგან ეს არის ბევრად უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა, ვიდრე, უბრალოდ, კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად შექმნილი ერთობა. ჩვენ დიდხანს ვიმუშავეთ ერთად, რათა გვქონოდა საფუძველი იმისა, რომ ერთობლივად აგვეღო პასუხისმგებლობა არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებაზე, არამედ ქვეყნის მმართვაზე იგივე კოალიციური მთავრობის ფორმირების გზით და ა.შ. რაც შეეხება ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, დღეს ეს ამოცანა არ დგას. თუ ჩვენ ძირითად პრობლემებს გადავწყვეტთ, რასაც ჰქვია სამართლიანობა და ეკონომიკური განვითარება, და დავიწყებთ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში იქნება ადგილი, როგორც კონსერვატული, ისე ლიბერალური მიმართულების პარტიებისთვის. მათი საჭიროება ნამდვილად იქნება, ისევ და ისევ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მანამადე კი, ნათლად ვხედავთ ჩვენი და `რესპუბლიკელების~ ერთიანი ალიანსის აუცილებლობას. - რამდენად რეალურია დღეს ოპოზიციის გაერთიანება და ოპოზიციის გაერთიანებაში თქვენ ვის მოიაზრებთ? - ოპოზიციის მექანიკური გაერთიანება შეუძლებელია და არცაა საჭირო. არის ისეთი ერთეულების ერთობები, რომელთაც არაფერი აერთიანებთ. თან, კარგად ვნახეთ, რომ სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ასეთი გაერთიანებების დაშლა და ცალკეული სუბიექტების შემდგომი მართვა უზნეო ხელისუფლების მხრიდან ადვილდება. ამ ეტაპზე ძალზედ ეფექტიანი იქნება ის, რაც მზადდება და რაც პრაქტიკულად მიღწეულია, - შეთანხმებულია ძირითადი მიზანი, რომ მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომა და ქვეყანაში ვადამდელი სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვადამდელი არჩევნები კი ძალიან რეალურია, თუკი ამაზე ვისაუბრებთ და ამას მოვითხოვთ არა მხოლოდ პარტიები, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილიც. ჩვენ მოვახერხებთ ამ მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას და შემდგომი პროცესი უკვე მხოლოდ ტექნიკის საკითხი იქნება. ახლა მთავარი ამოცანა იმ აზრის ხალხამდე მიტანაა, თუ რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი და რაც მთავარია, რა იქნება შემდეგ. ის დრო წავიდა როცა `საქართველო შევარდნაძის გარეშე~ ლოზუნგით შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. მოსახლეობას ახლა ის უფრო ადარდებს, თუ რა იქნება შემდეგ. - საქართველოს მომავალს თქვენი პარტია და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ნატოში და ევროგაერთიანებაში მოიაზრებს. მაპი არ მოგვცეს. როგორ შეაფასებთ ნატოში ჩვენი შესვლის დღევანდელ პერსპექტივას და თქვენი ინფორმაციით რა სტადიაზეა ეს ურთიერთობები, როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ომის შედეგებისა და რუსეთის ფაქტორის ნეიტრალიზება ნატოსკენ მიმავალ გზაზე? - სააკაშვილმა ქვეყანას და ჩვენ ყველას დაგვაკარგინა უნიკალური შანსი, რომ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია მოგვეხდინა ევრო-ტლანტიკურ სტრუქტურებში. ეს იყო უნიკალური პერიოდი, როცა ამერიკის მხარდაჭერაც უპრეცედენტო იყო და მხარდაჭერა გვქონდა ევროკავშირის მხრიდანაც. ამ ხისტმა და გაუაზრებელმა პოლიტიკამ (არც კი ვიცი, ეს გაუაზრებელი იყო თუ არა) და სიტუაციის ხელოვნურმა გამწვავებამ ყველაფერი წყალში ჩაყარა და არ მოგვცა საშუალება წინ წავსულიყავით. ეს შანსი, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელიდანაა გაშვებული. თუმცა, საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები ისევ და ისევ ნატოზე გადის, მაგრამ ვაცხადებ, რომ ეს სერიოზული ინტეგრაციის ფაზა დიდი ხნით გადაიდო და უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას, რომ ქვეყანას დარჩეს ამ მიმართულებით მოქმედების პერსპექტივა. დღეს, თითქოს, მეტი პერსპექტივა იკვეთება ევროკავშირისკენ, ოღონდ, ესეც უნდა მოხდეს რუსებთან ურთიერთობის დალაგებისა და გონივრულ ჩარჩოებში მოქცევის ფონზე. ეს არ არის იოლია, მაგრამ ამისთვისაც აუცილებელი პირობაა სააკაშვილის წასვლა, იმიტომ, რომ აქ უკვე ჩიხია. შეუძლებელია სააკაშვილი იყოს გასაღები ამ პრობლემის გადასაჭრელად. აუცილებლად გვჭირდება რუსეთთან დიალოგის დაწყება, ოღონდ არა დისკრიმინაციული პოზიციებიდან. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს მოუწევს ბევრად უფრო მძიმე ტვირთით დაჯდომა, ვიდრე ეს შეეძლო, თუნდაც ივლისში.
ესაუბრა გიორგი გიორგაძე
|