ნანახია: 722
"ბავშვმაც კი იცის, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული"
ინტერვიუ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან
_ ბატონო ედუარდ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაცია. ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოვარდება და სახელმწიფოს საშუალება ექნება ობიექტის აქციების ნაწილი ლონდონის ბირჟაზე განათავსოს. ამასთან, ობიექტის მინიმუმ 51% სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. საზოგადოების ნაწილი კი ამ გადაწყვეტილების არ სჯერა და აცხადებს, რომ სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია არ უნდა ხდებოდეს. თქვენი აზრით, არის თუ არა მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიექტი და უნდა მოხდეს თუ არა მისი პრივატიზაცია? საერთოდ არსებობს თუ არა სტრატეგიული ობიექტები ქვეყანაში?
_ საქართველო არ არის იზოლირებული სახელმწიფო, იგი დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნებთან და, ბუნებრივია, მისი მაგისტრალები, ეს იქნება გაზსადენი, ნავთობსადენი თუ რკინიგზა, ყველაფერი ეს სტრატეგიულია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ყიდიან, პასუხი მარტივია, ხელისუფლებას ფული სჭირდება და ამიტომაც ყიდის. მიუხედავად ამისა, მე ამ გადაწყვეტილებას ვერ გავამართლებ. ასეთი ობიექტების გაყიდვა ნამდვილად არ შეიძლება. სიმართლე რომ გითხრათ, ყველა არგუმენტს არ ვიცნობ რითაც ხელისუფლება გაზსადენის გაყიდვას ამართლებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი მნიშვნელობის ობიექტების გაყიდვა არ უნდა ხდებოდეს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ბავშვმაც კი იცის, რომ მაგისტრალური გაზსადენის, ნავთობსადენის, მილსადენის გაყიდვა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. როდესაც ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, პარლმენტის პარალელურად ეს საკითხი უნდა განიხილოს ხალხმაც, ის საკმაოდ კარგად ერკვევა ბიზნესში.Eეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ პრესის საშუალებით. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ მოსახლეობას და ჯერ განუმარტონ საერთოდ რა არის, რას ნიშნავს მაგისტრალური გაზსადენი, და მერე დაუმტკიცო, რომ ობიექტის გაყიდვა ქვეყნისთვის საზიანო არ იქნება.
_ როგორც ექსპერტები აცხადებენ, მაგისტრალურ გაზსადენთან მიმართებაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე კომერციული ინტერესი და თუ ვინმე ამ ობიექტით დაინტერესდება, მას მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, რუსულმა `გაზპრომმა” უკვე გამოთქვა მაგისტრალური გაზსადენის შეძენის სურვილი.
_ ჩემი აზრით, მაგისტრალური გაზსადენი ბოლოს მაინც `გაზპრომს” დარჩება. როგორც ჩანს, იგი ისეა ამ ობიექტით დაინტერესებული, რომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სხვაზე მეტს გადაიხდის და მაგისტრალურ გაზსადენს ხელში ჩაიგდებს. ვიცი, რომ ეს საკითხი პარლამენტში განიხილეს, ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგი იყო, ზოგიერთი დათანახმდა, ნაციონალები, რა თქმა უნდა, დათანხმდნენ. _ უნდა აღინიშნოს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საპრივატიზაციო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში მუდმივად ჩნდებოდა კითხვები. იმის ფონზე, რომ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ბევრი სტრატეგიული ობიექტი სწორედ რუსული სახელმწიფო კაპიტალის მქონე კომპანიებს მიეყიდა. ახლაც, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ინტერესი რუსულმა გაზპრომმა გამოთქვა. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, სააკაშვილის ხელისუფლების სიბრიყვესთან თუ გამიზნულ პოლიტიკასთან? ვინ შეიძლება იყვნენ რუსული კაპიტალის უკან, რუსული სპეცსამსახურები, ქართველები თუ ვინ და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მათ?
_ რუსული კაპიტალის ინტერესი საქართველოში ერთადერთია, ეს არის საქართველო. მიმაჩნია, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობა აღვადგინოთ, შეიძლება ეს ვაჭრობის გზით იყოს, შეიძლება პოლიტიკური გზით, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვით შეუძლებელია. როგორც ვიცი, საუბარი იყო და ახლაცაა ენგურჰესის გაყიდვაზეც, რაც, ჩემი აზრით, ასევე დიდი შეცდომაა. ჯერ კიდევ, რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილთან საუბარი არ შეიძლება და ხელისუფლების შეცვლამდე არ აპირებენ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენას. თუ რუსული კაპიტალი საქართველოში გაბატონებულ პოზიციას დაიკავებს, მივიღებთ იმას, რომ რუსეთის ინტერესებს უნდა ვემსახუროთ. რაც შეეხება იმას, ეს პოლიტიკა ამჟამინდელი ხელისუფლების სიბრიყვის ბრალია თუ ეს გამიზნული პოლიტიკაა, მე ასე ვიტყოდი, ხელისუფლებას ფული სჭირდება, ხოლო ფულის გარეშე, ხელისუფლება არ არსებობს.
_ თუმცა, ფული თქვენი პრეზიდენტობის დროსაც საჭირო იყო. მაშინ რატომ არ ხდებოდა ასეთი ობიექტების გაყიდვა?
_ მე პრეზიდენტობის დროს ერთადერთი ობიექტი გავყიდე, ეს იყო რუსთავის ქიმიური კომბინატი, რომელიც საკმაოდ დიდი საწარმო იყო. მასში 4000-5000 ადამიანი იყო დასაქმებული. ეს საწარმო გაზის გარეშე ვერ იმუშავებდა, მაშინ აზერბაიჯანული გაზი არ იყო და ამიტომ რუსებს მივყიდეთ, რის შედეგადაც 5000 კაცი დასაქმდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. მაშინ ბევრი გამოდიოდა სხვადასხვა ობიექტების გაყიდვის ინიციატივით, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. მაშინ მიმაჩნდა, რომ ამისთვის სიტუაცია არ იყო მომწიფებული, უცხოელი წესიერი ინვესტორების პოვნაც ძნელი იყო და შინაური, ქართველი ინვესტორებისაც. _ ამჟამინდელი ხელისუფლება მუდმივად გვეუბნება, რომ მისი მიზანი ქვეყნის სინგაპურიზაციაა. რაც მათი გაგებით, ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ნიშნავს. ამასთან, საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სინგაპური არის სახელმწიფო, სადაც მკვიდრი მოსახლეობა - მალაიელები ამჟამად მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს და მაინცდამაინც ვერც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მაღალი დონით იწონებს თავს. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ჩვენთვის სახელმწიფოს ასეთი მოდელი, რატომ არა სამხრეთ კორეული, იაპონური, ჰოლანდიური, დანიური, იტალიური და ა.შ. თან ამას ქვეყნის სწრაფი განვითარების პერსპექტივით ამართლებენ?
_ არავითარი საერთო საქართველოს და სინგაპურს არ გააჩნია. სინგაპური, ფაქტობრივად, ჩინეთის კოლონიაა. ეს ორი აბსულუტურად განსხვავებული ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა მივდიოდეთ სინგაპურისკენ. მითუმეტეს, სხვა არანაკლებ წარმატებული ეკონომიკური მოდელების მაგალითებიც არსებობს.
_ 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციების შემდეგ დაქსაქსულმა ოპოზიციამ, შეიძლება ითქვას, რომ 30 მაისის არჩევნები პირწმინდად წააგო. რის შემდეგაც, ოპოზიციურ ძალებში ახალი გადაჯგუფებები დაიწყო. ერთნი გერმანიაში დადიან ერთმანეთთან შესახვედრად და ახალი ბლოკებისა თუ ალიანსების შესაქმნელად, მეორენი კი ძალებს იკრებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ისინი, ცალკეც მოახერხებენ ხელისუფლების შეცვლას და შემოდგომისთვის ძალებს იკრებენ. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებს ოპოზიცია პროტესტის ახალი ტალღის აგორებას და შემოდგომაზე ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას?
_ ოპოზიცია ვერაფერს შეძლებს თუ არ გაერთიანდება. შეიძლება მათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, მაგრამ ძირითად საკითხზე, იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ალბათ თანხმდებიან, სწორედ ეს უნდა იყოს მათი გამაერთიანებელი. ოპოზიციაში ბევრი საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია და საჭიროა მათი გაერთიანება. ასე ცალ-ცალკე ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს. ამასთან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელისუფლებას საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს ოპოზიციასთან შედარებით, არმია მისია, პოლიცია მას ემორჩილება, გამგებლები და ადგილობრივი ხელისუფლებები მისია, ტელევიზიები მისია. ასე რომ, თუ ოპოზიციას უნდა, რომ მან უმთავრეს მიზანს მიაღწიოს, ამისთვის უნდა გაერთიანდეს.
_ რამდენიმე დღის წინ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მხრივ გასულ წელს საკმაოდ ცუდი შედეგი აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, ქვეყანა ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის კატეგორიას უახლოვდება და დემოკრატიის მაჩვენებელი 2003 წლის წინა პერიოდში არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. იმავე Freedom House-ის დასკვნით, ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია მედიის მხრივ. როგორ ფიქრობთ, ვითარება მართლაც ასეთი საგანგაშოა? რა განსხვაებაა 2003 წლამდე და დღეს ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობას შორის?
_ ჩემი პრეზიდენტობის დროს არცერთი ტელევიზია არ განიცდიდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, ყოველშემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან.. "დარდუბალასაც" კი ვითმენდი. ამასწინათ ჩემთან მისი ავტორი შალვა რამიშვილი მოვიდა, ვისაუბრეთ, ~დარდუბალა” არც კი ვახსენე, რაღა დროს "დარდუბალაა". . . მაგრამ მაშინ, ხანდახან, როცა `დარდუბალა” ძაან გაახურებდა ხოლმე, გამიელვებდა აზრი, ხომ არ დავხურო მეთქი. მერე ჩემს თავს ვეუბნებოდი, აქ ტელევიზიების დასახურად კი არა, არამედ დემოკრატიის ასაშენებლად ხარ ჩამოსული მეთქი. თუ დემოკრატიის მშენებლობა გინდა, ესეც უნდა მოითმინო. _ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონდა კონცეფცია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. ახლა, თითქოს ასეთი კონცეფცია არსებობს. თქვენ თუ ხედავთ ამ კონცეფციაში აფხაზების და ოსების ადგილს? თქვენი აზრით, როგორ მოგვარდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა?
_ მე ბევრჯერ მითქვამს, ის რომ რუსეთმა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მისთვის საბედისწერო შეცდომაა. თუ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმსახურებენ, რა დააშავეს ჩეჩნებმა, ინგუშებმა და სხვებმა? აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რატომღაც აგრესიულად აცხადებს, რომ შექმნიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაგრამ თუ რუსეთმა დაშლა დაიწყო? არვიცი მე მოვესწრები თუ არა, მაგრამ ჩვენ და აფხაზები, ისევე როგორც ოსები, ერთად ვიცხოვრებთ. არ ვიცი, მათ ავტონომია ექნებათ თუ სხვა ფორმა, მაგრამ ისინი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იქნებიან.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია რუსეთის დაშლა? ჩეჩნები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. ისინი ყველაზე სასტიკები აფხაზეთის ომის დროს იყვნენ. მათ სტადიონზე შერეკეს ქართველბი, თავები მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს. მე მაშინ განვაცხადე, რომ ეს ყველაფერი რუსეთს ბუმერანგად დაუბრუნდება. მართლაც, ორ წელიწადში ჩეჩნები აუჯანყდნენ რუსებს, რის შედეგადაც დიდი სისხლი დაიღვარა. ამის შემდეგ ჩეჩნები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანეს - რუსებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩეჩნების საშუალებით კახეთის ისევე აოხრება, როგორც ეს აფხაზეთში გააკეთეს. ჩეჩნებმა ეს არ იკადრეს. ჩეჩნების მაშინდელ ერთერთ ლიდერს გილაევს, მე დავპირდი დახმარებას პროდუქტით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, რადგან მათ შორის ბევრი იყო მოხუცი, ქალი, ბავშვი. მათ ყველას თავშესაფარი სჭირდებოდა. სამაგიეროდ ვთხოვე, რომ მათ ჩვენთვის პრობლემები არ შეექმნათ. რაც შეეხება რუსეთის დაშლას, მე არაფერს გამოვრიცხავ.
_ გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებებზე, მის არადემოკრატიულობაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ელიტურ კორუფციაზე, მოსახლეობის 2/3-ის სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნაზე? ესენი ხომ თქვენი გაზრდილები, ყოფილი თანამებრძოლები არიან და თქვენს გზას აგრძელებენ?
_ ეს ხელისუფლება მე არ მომიყვანია. ვინმემ შეიძლება იკითხოს, თუ რატომ გადავდექი. მინდა გითხრათ, რომ არ გადავმდგარიყავი, დიდი სისხლი დაიღვრებოდა. არმია ჯერ კიდევ მე მემორჩილებოდა, როგორც პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, არმია ხალხს დაუპირისპიდებოდა, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი. ქართველი კაცის სისხლი არ დავღვარე. სახლში რომ მივედი, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უკვე გაუქმებული მქონდა. ჩემმა მეუღლემ მკითხა, შენ რა, გინდა სისხლი დაღვაროო? სისხლს არ დავღვრი, მაგრამ ხვალიდან მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები - მეთქი. შენი იმედი ყოველთვის მქონდაო მითხრა. ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ ესენი ჩემ გზას აგრძელებენ, ეს სიმართლეს არ შეეფერება.
ესაუბრნენ ზურაბ კუკულაძე და შოთა ბუჩუკური
|