ნანახია: 756
"დღეს საქართველოს ხელისუფლების იმიჯი ძალიან ცუდ დღეშია"
- ბატონო რამაზ, თქვენი აზრით, რა იყო 2008 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ან მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა? -აგვისტოს ომი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი, სამწუხარო მოვლენა. ისე, მნიშვნელოვანი მოვლენების ნუსხას თუ ჩამოვყვებით, ესენია: საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები. მათ შორის აგვისტოს ომი. ეს სამეული მახსენდება. - რა შეიცვალა ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში? -შეიცვალა ის, რომ ამ არჩევნებმა მოსახლეობაში გააჩინა განცდა იმისა, რომ ოპოზიცია ჯერ მზად არ არის მიიღოს მნიშვნელოვანი შედეგი და ის რწმენა, რაც ერთი წლის წინად ჰქონდა მოსახლეობას ოპოზიციის მიმართ, გაქრა. ხელისუფლების მიმართ სიმპატია არ გაზრდილა, თუმცა გამოსავალი და ალტერნატივა ოპოზიცია აღარ არის. ეს სიტუაცია გრძელდება.
-რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის? -აბსოლუტურად წარუმატებელი იყო. ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველომ მოიგო პოლიტიკური ომი, მაგრამ საქართველოს არ მოუგია პოლიტიკური ომი. შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ აქცენტი საქართველოზე გააკეთა იმის გამო, რომ აგვისტოს ომში საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის საფრთხე დაინახა და არა იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ჩაატარა რაიმე აქციები ყურადღების მისაპყრობად. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა - გადაერჩინა თავისი იმიჯი, ესეც ვერ მოახერხა. დღეს საქართველოს ხელისუფლების იმიჯი ძალიან ცუდ დღეშია. დასავლური პრესა ძალიან კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ასე რომ, იმიჯის გადარჩენა, რაც მინიმალური ამოცანა იყო, ესეც ვერ შესრულდა. ამიტომ ვერ ვილაპარაკებ საქართველოს მოგებაზე. საქართველოს გარკვეული მოგება ერგო, მაგრამ არა საკუთარი დამსახურების გამო, არამედ სიტუაციის დამსახურების გამო.
-საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღევანდელი პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ განვლილ წელს? მივუახლოვდით თუ არა ჩვენს სანუკვარ ოცნებას ? - 2008 წელს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ნატოში გაწევრიანება დაგვებლოკა. სამხედრო მანიპულაციით დავიხშვეთ ნატოსკენ მიმავალი გზა. თუმცა ამავე დროს მსოფლიოს გაუჩნდა იმის განცდა, რომ რაღაცით უნდა დაეხმაროს საქართველოს, თორემ რუსეთი ძალიან გათავხედდება. მსოფლიო ცდილობს, რომ არ ამოგვაგდოს ევროპული სტრუქტურებიდან და ეს კარგია. ამან შესაძლებელია გაგვიჩინოს რაღაცა შანსი, რომ მივუახლოვდეთ ნატოს, მაგრამ არა გაწევრიანების მხრივ. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებებისა და პრესის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ისინი საქართველოს მისამართით ამბობენ და წერენ, მაგალითად არასანდო, სპონტანური, რაც კონდოლიზა რაისის ბოლო შეფასებებში გაისმა, ასეთ პარტნიორს ნატოში გაწევრიანების შანსი ჯერ არ მიეცემა.
-2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ნატოსთან შედარებით ევროკავშირი უფრო დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა. წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების დადგენის საფუძველშივე იქნა შეცდომა დაშვებული, როცა ქვეყნის პრიორიტეტად ნატოსთან და არა ევროკავშირთან დაახლოვება იქნა მიჩნეული? - აგვისტოს მოვლენები შემდეგ, ხელისუფლებაშიც ხშირად ისმის ასეთი პერეორიენტაცია - უფრო ევროკავშირი, ვიდრე ნატო. თავისთავად, ნატო და ევროკავშირი არ არის ერთმანეთის გამომრიცხავი სტრუქტურები. პირიქით, ისინი გულისხმობენ ერთმანეთს. ქვეყნების უმრავლესობა ერთგანაც არის და მეორეგანაც. ერთი სხვა პროფილის სისტემაა, მეორე სხვა. ამდენად, თუკი ეკონომიკური განვითარების გზით მივდივართ, ევროკავშირში აღმოვჩნდებით, თუკი თავდაცვისუნარიანობის და მსოფლიო უსაფრთხოების - ნატოში. მაგრამ ერთიც საჭიროა და მეორეც. ასე რომ, ეს გაუგებარი ალტერნატივაა. ორივე უსაფრთხოების სისტემა რომ იყოს და ჩვენ ორიენტაცია ევროკავშირზე ავიღოთ, მაშინ გასაგები იქნება, რომ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში, ჩვენ ევროკავშირი ავირჩიეთ, მაგარამ ევროკავშირი არ არის უსაფრთხოების გარანტი. მან თუ დღეს დაგიცვა, დაგიცვა პოლიტიკური ხერხებით, ნატო თუ დაგიცავს, დაგიცავს სამხედრო ხერხით და არა მხოლოდ პოლიტიკურით. თავიდან ევროკავშირის დროშები არ მივიღეთ, როგორც საქართველოს მომავალი ორიენტირი? უბრალოდ, რაღაც პერიოდში პიარ-აქცენტი ნატოზე გაკეთდა.
-თქვენი აზრით, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება? -რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ავტორები ჩვენ არ ვყოფილვართ და ვერც დარეგულირების ავტორები ვიქნებით. აგვისტოს მოვლენები ჩვენი რაიმე ქცევით არ იყო გამოწვეული. ხშირად ამბობენ, რომ უტაქტოდ ლაპარაკობდა პრეზიდენტი და ამის გამო გადმოლახა რუსეთმა საზღვარი და ა.შ. შესაძლოა, ასეთი დეტალები თამაშობდნენ გარკვეულ როლს, მაგრამ გადამწყვეტ როლს ნამდვილად არ თამაშობდა. მკითხაობა არც არის საჭირო, იმიტომ რომ პუტინმა კოსოვოს ინციდენტის დროს თქვა, რომ თუ რუსეთს არ გაუწევენ კოსოვოს საკითხში ანგარიშს, რუსეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს. ასე რომ, მრავალი მინიშნებით ცხადი ხდება, რომ აგვისტოს მოვლენები რუსეთის მხრიდან მოტივირებული იყო არა საქართველოს ამა თუ იმ ქცევით, არამედ დასავლეთის ანგარიშგაუწევლობით რუსეთის მიმართ. დასავლეთისთვის მოქნეული ჯოხი რუსეთმა ჩვენ დაგვარტყა და ამით დასავლეთს აგრძნობინა, რომ მას დარტყმა შეუძლია.
- რამდენად ელოდა რუსეთი დასავლეთისგან იმ რეაქციას, რაც მას აგვისტოს მოვლენების დროს ჰქონდა, როგორ წარმოგიდგენიათ დასავლეთისა და რუსეთის შემდგომი ურთიერთობა? -დასავლეთს ჰქონდა საკმაოდ სერიოზული რეაქცია. მგონი, იმაზე უფრო სერიოზული, ვიდრე რუსეთი ელოდა. რუსეთი მაინც ელოდა, რომ დასავლეთს შეეშინდებოდა. მაგრამ დასავლეთმა მობილიზაცია დაიწყო. ეს მობილიზაცია და ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ რუსეთისთვის მოულოდნელი იყო. მან ეს ვერ გათვალა. ამდენად, თუკი დასავლეთთან ურთიერთობა გარკვეულობას შეიძენს, ეს სამგვარად შეიძლება მოხდეს: ჰარმონიზაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის, დასავლეთმა აჯობოს რუსეთს ან რუსეთმა აჯობოს დასავლეთს. ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი თუ განხორციელდა, მაშინ საქართველოს წამების აქტუალობა მოიხსნება და თავს დაგვანებებენ.
- და ბოლოს, დაასახელეთ წლის პარადოქსი? - პარადოქსია ეომებოდე და აგრესორობდე ქვეყანას, ამავე ქვეყნის ბიზნესმენებს აძლევდე შენი ქონების დიდ ნაწილს და ამ პროცესში გადამწყვეტ ფიგურად გყავდეს ადამიანი, მაგალითად, ბენდუქიძე, რომლის კაპიტალისა და ქონების ნაწილი რუსეთს უკავშირდება. ეკონომიკაში პრორუსული და პოლიტიკაში ანტირუსული კურსის ერთდროულად გატარება პარადოქსის კლასიკური მაგალითია.
ესაუბრა ლამარა გულმაგარაშვილი
|