ნანახია: 712
"ალასანია მიხეილ სააკაშვილის ყველაზე საიმედო მოკავშირეა"
- ბატონო ვაჟა, ქართულ მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომელთა ნაწილიც თავად ირაკლი ალასანიასგან მოდის, რომ მისი და ქალბატონ ჰილარი კლინტონის შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო 2013 წელს ხელისუფლების ალასანიასა და მის გუნდზე გადაბარების შესახებ. როგორ შეაფასებთ ასეთ განცხადებებს და საერთოდ, ასეთ პერსპექტივას? - პირველი, ჩემო ბატონო ზურაბ, არ ვეკუთვნი იმ მიმომხილველთა თუ კომენტატორების რიცხვს, რომლებსაც უყვართ მჩხიბავობა. ასეთი ინფორმაცია მიმაჩნია სისულელედ და მონაჩმახად. თუ შედგა მსგავსი გაბაასება ქალბატონ კლინტონსა და ბატონ ალასანიას შორის, იგი სოლოლაკის ოღრო-ჩოღროებში ჭორიკანა დედაკაცების და ლოთ-ფოთების გასარჩევი არ გახდებოდა. მართალია, არც ქალბატონი ჰილარია მსოფლიო დიპლომატიის ჯადოქარი და არც ალასანია ახალი საქართველოს "დამფუძნებელი მამა", მაგრამ იმდენი კი იციან, რომ კონფიდენციალური საუბრის დეტალები მეზობლებს არ მოუყვნენ. თუ მოყვებიან, "მერე მოყვება ჭარხალი ხარხარს" და ჩვენც ვიცინებთ. თუმცა აქ არის ერთი "მაგრამ": შეიძლება მავანმა დართოს ნება ირაკლი ალასანიას, ასეთი ამბები მოყვეს. ის ხომ ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის წარმატებულობის მთავარი კოზირია. 2013 წლის შემდეგ, ხელისუფლება, იმ გეგმით, რომელსაც ირაკლი ალასანია ახორციელებს, ისევ სააკაშვილისა და მისი განახლებული გუნდის ხელში რჩება, რომელსაც შეუერთდება ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში. ვთქვათ, დავით ბაქრაძე იქნება პრეზიდენტი შეზღუდული უფლებებით, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ისევ ქვეყნის პირველი პირი და პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში მყარი უმრავლესობით. - რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ არაორდინალურ დასკვნას? - მე, რა თქმა უნდა, არა ვარ არც ნოსტრადამუსი და არც ვანგა, მაგრამ ისედაც ყველაფერი თვალნათელია. თან "ბანკები და ფინანსების" მკითხველს შევახესენებ, რომ ირაკლი ალასანიას ამერიკიდან დაბრუნების ერთი თვის თავზე დავსვი კითხვა - ვინ არის იგი, "ტროას ცხენი" ოპოზიციის რიგებში, თუ მისი უალტერნატივო ლიდერი. იქნებ დღეს ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ბატონმა ირაკლიმ თავისი მისია ბრწყინვალედ შეასრულა და ოპოზიცია, პროსახელისუფლო ძალების ერთობლივი მცდელობით, მარგინალიზებული და გაფარჩაკებულია, ხოლო თავად ალასანია ამერიკამ, შეერთებულმა შტატებმა დანიშნა საქართველოს მთავარ ოპოზიციონერად 2014 წლამდე პერიოდისთვის. რაღა თქმა უნდა, რუსეთთან შეთანხმებით და უნისონში. ახლა ორივე ეს ჩვენი, მნიშვნელოვანი პოლუსი, ერთი, ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და, მეორე, ოკუპანტი ერთად ფიქრობენ ვინ დანიშნონ მთავარ ოპოზიციურ პარტიად და ირაკლი ალასანიას მთავარ მოკაშირედ. გადაწყვეტილებაც მიღებულია, მაგრამ დღეს არ ვიტყვი, რადგან იფიქრებენ მავანნი, რას გადაგვეკიდაო, ჩემზე. არაფერს, ჩემო კარგებო, მაგრამ ერის მაბაირახტრეობა, რომ გინდათ და ლიდერობა, რისი პრეტენზიაც მე არა მაქვს, ნუ ღალატობთ ერს და ქვეყანას. ახლა ხელისუფლების გადაბარებაზე. ჯერ ერთი, მანამდე ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი და მეორეც, როგორ, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ 2013 წელს პოლიტიკიდან წავიდეს? რომელი წინასაარჩევნო გაერმოს შეცვლაზე ბრძანებს ალასანია, რატომ ასხამს ასე ღიად წყალს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალების წისქვილზე, რა სიების დაზუსტება უშველის სამართლიანი არჩევნების თემას? სამაგიეროდ ალასანია კრინტს არ ძრავს და ვერც დაძრავს ვერასდროს, იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტამაც სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს საქართველოში: ელექტრონული მედიის აბსოლუტური კონტროლი მთავრობის მხრიდან; რეგიონებში დახშული საინფორმაციო სივრცე; სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი; არჩევნების გაყალბებისთვის გამოყენებული დახვეწილი ტექნოლოგიები და პოლიტიკური სიუბიექტების აბსოლუტური ფინანსური სიღატაკე, როცა ვერცერთი ბიზნესმენი ვერ ბედავს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას, გარდა მმართველი "ნაციონალური მოძრაობისა". ქვეყანაში, სადაც ბოლო არჩევნებზე ოფიციალური და, რათქმა უნდა არაზუსტი მონაცემებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 30-ჯერ მეტი ფული დახარჯა არჩევნებში, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. მე მინდა მჯეროდეს, რომ ბატონი ალასანია ცოტათი უფრო მაღალი აზრისაა ქართველ ერზე და საქართველოს მოსახლეობაზე და არ მიაჩნია იგი ამაზონიის ჯუნგლებში ახლად აღმოჩენილ, რომელიღაც ბინგო-ბონგოების ტომად, რათა ასეთი უსუსური ლათაიებით არ კვებოს. რა, ამერიკაში ჩასვლა იყო საჭირო იმისთვის, რომ ალასანიას განეცხადებინა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არადემოკრატიული იყოო? განა ჩვენ არ ვიწინასწარმეტყველეთ არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რომ ირაკლი ალასანია ერთ-ერთი პირველი მიულოცავდა გამარჯვებას გიგი უგულავას. ნუ მიწყენთ, ბატონო ზურაბ, და ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ღირს. ჯერ-ჯერობით, ბატონი ალასანია, არის მიხეილ სააკაშვილი ყველაზე საიმედო მოკავშირე 2013 წლიდან ხელისუფლებაში მისი დარჩენის და ხელისუფლების სისტემის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის ბრძოლის გზაზე. 2014 წელს ის უკვე გვეტყვის, რომ რა ვქნა, ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამიტომ, მივდივარ პოლიტიკიდანო, როგორც ახლახანს გვითხრა - მერი ვერ გავხდი, რა გაეწყობა, მაგრამ გავიმარჯვეო. ახლა 2012 წლის საპარლამენტო არცევნებისთვის ვიბრძოლოთო. 2013 წელს იტყვის - რა ვქნათ, ისევ `სააკაშვილმა გვაჯობა, ახლა 2018 წელს დაველოდოთო და ა.შ. ისე, საინტერესოა ალასანიას აზრით, ხელისუფლება ბრიყვებისგან შედგება და მისცემს მას საშუალებას, თანდათან `შეცვალოს საარჩევნო გარემო~? გარანტი ვინ არის, რომ სააკაშვილისგან ალასანია გადაიბარებს ხელისუფლებას? ქართველი ხალხი? - არა! მას ვინ რას ეკითხება. ევროპა? - არა. აშშ? - არა. რუსეთი? ჰაიტ, თქვე ეშმაკუნებო, ისევ ივანოვი ჩამოვა? თუ პრიმაკოვი? არც ელოდეთ. ფარა სადაა, ფარა? არა, `ცხვრების ფარა~ არა, ხანდახან რომ იკრიბება რუსთაველზე, ფული სადაა ფული, თანაბარ პოლიტიკურ შეჯიბრს, რომ სჭირდება? - რატომ, ბატონი ალასანია ყველა მაღალი რანგის სტუმრის მიერ აღიარებულია ქართული ოპოზიზიციის ერთ-ერთ ლიდერად, შერჩევის კრიტერიუმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებია. - კარგით რა, ბატონო ზურაბ, რომელი არჩევნების შედეგები, რომელიც თავად ალასანიას მტკიცებით, არადემოკრატიული რომ იყო და ყველაზე ავტორიტეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელების მიერ უსამართლო საარჩევნო გარემოში ჩატარებულად რომ იქნა მიჩნეული?
მილსადენის სახალისო ამბავი
- ბოლოს და ბოლოს, როგორ ფიქრობთ საერთაშორისო გაზსადენი გაიყიდება თუ არა? - პატივი ეცით ქართულ საზოგადოებას, თქვენც ბატონო ზურაბ და მთავრობამაც. როდის იყო ან პარლამენტს, ან საქართველოს მთავრობად წოდებულ ადამიანთა ჯგუფს, ან ქართულ საზოგადოებას ვინმე ეკითხებოდა, რა გაეყიდათ და რა არა? თქვენ რა, არ იცით, რომ 2003 წლამდე ამას წყვეტდა ედუარდ შევარდნაძე და ხშირად მისი მძახალი გურამ ახვლედიანი, ხანდახან კიდევ სხვა რამდენიმე კაცი. 2003 წლის "ვარდ-ბულბულიანიდან" მოყოლებული ზურაბ ჟვანია, კახა ბენდუქიძე და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, ასევე რამდენიმე კაცთან ერთად, მრჩეველი იქნებოდა იგი თუ ახლო ნათესავი. ბოლო პერიოდში, როცა საქართველოს სუვერენიტეტი ფაქტობრივად გაცამტვერდა, ტერიტორიების 20% დაიკარგა, პორტები გაიყიდა, წიაღისეული და მისი მომპოვებელი ბიზნესები გაიყიდა, ვინ ეკითხება საქართველოს და თუნდაც მის ხელმძღვანელებს, გაყიდონ თუ არა მილსადენი. ჩანს ჰილარი კლინტონმა მილსადენის გაყიდვის შესახებ ცალსახა მესიჯი არ დატოვა, ან პოტომაკის ნაპირებსა და კრემლში ჯერ ვერ შეთანხმდნენ მილსადენი რუსების იყოს, თუ არა. ასეა ყველა სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ზოგიერთ ჩიტ-ბატონას ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახმადინეჯადი ისე მოიწვია საქართველოში და ისე შესთავაზა უვიზო მიმოსვლა ირანსა და საქართველოს შორის, რომ ეს წინასწარ დასავლეთელი პარტნიორებისთვის არ შეუთანხმებია. ნუ იქნებით მალემრწმენები და გულუბრყვილონი, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ გამჭრიახი და გონიერი კაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩიხშია, იგი ასეთ პრიმიტიულ შეცდომებს არ უშვებს.
ქალბატონი ვერიკოც გვატყუებს - როგორ შეაფასებთ ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას და მის მიერ გამოკვეთილ სამ მთავარ ამოცანას? - ქალბატონი ვერა, ნამდვილად მშვენიერი ქალბატონია, მაგრამ რამდენად კომპეტენტური, ვერაფერს გეტყვით. ექსპერტებს არ შეხვედრია, ჟურნალისტებს გაურბის. მაგრამ ერთი რამ ძალიან არ მომეწონა. ქალბატონმა ვერამ ამაყად და ყელმოღერებით განაცხადა, ჩემს სამინისტროში ნათესავებს არ მივიღებო. გამიკვირდა, როდის იყო მინისტრები თავიანთ ნათესავებს მოადგილეებად ინიშნავდნენ ან რეფერენტებად ამწესებდნენ სამინისტროში. კატორღული სამუშაოა, განა ასეთი შრომატევადი საქმისთვის მინისტრი თავის ახლო ნათესავს გაიმეტებს? მესმის, "ბიზნესი დაუკრიშოს", მცირე ან დიდი. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! ორი დღეც არ გასულა და "ინტერპრესსნიუსი" აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით: "ვერა ქობალიას და აჭარაში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ტურისტულ სააგენტოს უხელმძღვანელებს". ღვიძლი დაო, კაცო. თუმცა ტურიზმი ხომ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ქალბატონმა ვერამ უნდა ააღორძინოს სოფლის მეურნეობასთან და მცირე ბიზნესთან ერთად. ჰოდა, აბა, სხვა ვინ უნდა გაუშვას საქართველოს პროგრესისათვის ბრძოლის უმძიმეს უბანზე?! თუ დანიშნული ჰყავთ, ქალბატონ ვერას და, ალბათ მოხსნიან, თუ არა, აღარ დანიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთებს არ კითხულობენ ჩვენი ხელისუფალნი, ასეთი რამის გახმაურებას არ დაუშვებენ. მე სხვა რამ უფრო მაფიქრებს. სოფლის მეურნეობის აღორძინებას და სტრატეგიულ მიმართულებად გამოცხადებას თუ აპირებდნენ, რაც არ მჯერა, რასაკვირველია, ქალაქების გარშემო მდებარე სოფლები, მათი სავარგულებიანად, ქალაქებს რატომ შეუერთეს და ურბანულ მიწებად რატომ აქციეს? იოლად და სწრაფად რომ გადაეფორმებინათ, ზოგი ტავისიანებზე, ზოგი "შინაურ" შეიხებზე? სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა ერთხანს ძნელი იქნებოდა და იმიტომ? ახლა საძოვრებს რომ მიადგნენ, რომელიც მთელი სავარგულების 60%-ია და "ხიმანკრობენ" - იჯარით ადრე გაცემულ საძოვრებს გავყიდითო, ამას სახნავ-სათესსაც მივაყოლებთო, 26%-ს მთელი სავარგულების, ამას რა ეშველება, იმ ცხონებული ეროსი მანჯგალაძისა არ იყოს, სამარცხვინოდ წამგებ ქართველ ფეხბურთელებზე რომ თქვა:
"აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი" აღმართავენ ჩვენი შერცხვენილი ოპოზიციონერები ცოცხალ კედელს და დაიცავენ ქართულ მიწებს უანგარიშო გასხვისება-განიავებისგან? სახელმწიფო სხვა რაღაა? მიწა, ტერიტორია. 500 ათასი ჰექტარი თუ გადამთიელს უკონტროლოდ მივეცით, ჩვენს შვილებს რაღა დარჩებათ? საკოლმეურნეო ტყეები გავჩეხოთო და იანგარიშეს - 200 ლარი ჰექტარზე, 115 მილიონი ლარი ბიუჯეტში. ერთი, ათჯერ 115 მარტო ამ წელიწადში გააქრეს ბიუჯეტიდან და ეს 115 მილიონი უშველის ჩვენს გამოცარიელებულ ხაზინას, თუ რახან `საკოლმეურნეო~ ჰქვია, უნდა მიადგე და სულ გაჩეხო კოჯრის ტყე თუ დიღმის ტყე-პარკი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტეს კუთვნილი მიწები ხომ დაიტაცეს, კომუნისტების გაშენებულ ურეკის სანაპირო კორმებში ხომ ჩადგეს ვილები, ახლა ბოლომდე მიდიან? - აბა, რა ვქნათ, ბატონო ვაჟა, მიდიან და მიდიან. - იარონ, იარონ. და ყველა ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე, მივეხმაროთ ამ ჩვენს დაბნეულ ხელისუფლებას, ქვეყნის გადარჩენაში. ვისაც როგორ შეგვიძლია და ვიბრძოლოთ.
- გმადლობთ.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე
|