ნანახია: 703
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
"ჰილარი კლინტონის ვიზიტზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია "ფრანკფურტერ რუნდშაუს" პუბლიკაცია, რომლის უპასუხოდ დატოვება ჩვენი ოპოზიციის მარგინალიზაციის დასასრულია"
ახლახანს თბილისში ერთდღიანი, უდრო ზუსტად, 6 საათიანი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს სახელწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ბუნებრივია, ეს იყო ბოლო კვირის უმთავრესი პოლიტეკონომიკური მოვლენაც. "ბ&ფ"-მ მისი შეფასება პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს სთხოვა.
_ ბატონო ვაჟა, რა იყო ამ ვიზიტის მიზანი, რამდენად წარმატებული გამოდგა იგი ამერიკული და ქართული მხარისთვის? როგორ შეაფასებდით კვირის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას? _ დაგეთანხმებით, რომ ქალბატონ ჰილარი კლინტონის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, ერთ _ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია "ფრანკფურტერ რუნდშაუში" გამოქვეყნებული წერილი 2009 წლის აპრილ - ივნისის საპროტესტო აქციების კრიმინალური ავტორიტეტების მიერ უცხოეთიდან მართვის შესახებ. გასაგებია, რომ მავანს სურს ქართული ოპოზიციის ბოლომდე მარგინალიზაცია და მათი ტაკიმასხრებად ცქცევა, რათა სარბიელზე მხოლოდ მართვადი ოპოზიცია დატოვოს. არაფერია ამაში მოულოდნელი, ხელისუფლებას ამოცანის გაიოლება სურს და ასეთ "მოულოდნელ" ფაქტებს სათავისოდ იყენებს. მე განმაცვიფრა ჩვენი ოპოზიციის პოლიტიკურმა სიბეცემ. ისინი განაგრძობენ დუმილს და მოსყიდულებივით (მოსყიდულებივით კი?) იქცევიან. ლაპარაკი არ არის და არც შეიძლება იყოს იმ საქართველოს 200 000 მოქალაქის პროტესტზე, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა. ლაპარაკია იმ ბედოვლათ ლიდრებზე, რომლებსაც ეუბნებიან, რომ ისინი შუშანაშვილების და ვიღაც `კანონიერი ქურდების" მიერ იმართებოდნენ და არც ერთი მათგანი ფორმალურადაც კი არ აკეთებს განცხადებას, რომ ეს ინფორმაციები არასწორია, ან რომ სწორია და ის მიდის პოლიტიკიდან. _ კონკრეტულად ვის გულისხმობთ? _ პირველ რიგში, ლევან გაჩეჩილაძეს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების მომგებს და ავტორიტეტულ პოლიტიკოსს. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიცია. აღარაფერს ვამბობ შალვა ნათელაშვილზე, გუბაზ სანიკიძეზე, თინა ხიდაშელზე და სხვებზე, ყველაზე, ვინც იმ აქციების ორგანიზატორი იყო. ასეთი მერყეობის შედეგი სახეზეა. ჩახედონ IPL _ის ივნისის რეიტინგს. ლევან გაჩეჩილაძის ნდობის რეიტინგი 3.8%-ია, გუბაზ სანიკიძის _ 4.6%, შალვა ნათელაშვილის _ 7.8%, ირაკლი ალასანიას რეიტინგი დაეცა _ 12.2%-მდე, მაშინ როცა არჩევნებამდე (აპრილში და მაისში) იგი მერყეობდა 19 - 26%-მდე. ალასანია უკვე აღიქმება არა როგორც მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა, არამედ როგორც მისი მოკავშირე. _ ბატონო ვაჟა, იქნებ ოპოზიცის თემა სხვა დროისთვის გადავდოთ და ქალბატონ ჰილარი კლინტონის ვიზიტი შევაფასოთ. _ ოპოზიციითა და `ფრანკფურტერ რუნდშაუს~ პუბლიკაციით დავიწყე, რადგან ჩვენი შიდაპოლიტიკური ცხოვრება გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი. განსაკუთრებით, თუ ხელისუფლება ხელს უწყობს ოპოზიციის დიკრედიტაციასა და განადგურებას, სარბიელზე მარიონეტების დამკვიდრებას, რაც შექმნის პოლიტიკურ ვაკუუმს. ასეთი ვაკუუმები კი ყველგან სიტუაციის აფეთქებით მთავრდება, რასაც არ ვუსურვებ არც ხელისუფლებას და არც ჩვენს ხალხს. ჰილარი კლინტონის ვიზიტი, რა თქმა უნდა, საინტერესო მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ამერიკის საგარეოპოლიტიკური უწყების აღმოსავლური ტურნეს ერთი ეპიზოდი, ამ ვიზიტმა თავისი როლი შეასრულა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაბამისი ხედვები უმაღლესი რანგის ამერიკელი ლიდერისგან მოისმინა და ორივე მხარემ უშუალო კონტაქტის მეშვეობით წინ წასწია ახალი ურთიერთობების ფორმირების პროცესი. მე ოფიციოზის მიერ ტირაჟირებული პროპაგანდისტული ინფორმაციის ნაკადს არაეფექტურად შევაფასებდი და ჩვენი მკითხველის ყურადღებას ქალბატონ კლინტონის მიერ თბილისში 6 საათიანი ვიზიტისას დაშვებულ 7 შეცდომაზე გავამახვილებდი. ქალბატონი კლინტონი გარეგნულად, როგორც ყოველთვის მომხიბლავად გამოუყურებოდა, მას როგორც შტატებში, ისე ჩვენთან, გონიერი პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს. მით უფრო განსაცვიფრებელი იყო ის შეცდომები, რომლებიც ამერიკის პირველმა დიპლომატმა საქართველოს დედაქალაქში მოკლევადიანი ყოფნისას დაუშვა... ჩვენ გვახსოვს ამერიკის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გრანდები: ჰენრი კისინჯერი, უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ზბიგნევ ბზჟეჟინსკი, სახელმწიფო მდივნები _ ჯეიმს ბეიკერი და მადლენ ოლბრაიტი... გვახსოვს არეულ და სახიფათო დროში რესპუბლიკის, დღევანდელ ვარდების, მოედანზე, მრავალათასიან მიტინგზე გამოსული მაღალი ამერიკელი სტუმარი. მაგრამ არ გვახსოვს დადგმულ კრებაზე გამოსული მსოფლიოს პირველი ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერი. _ ხომ არ დააზუსტებდით, რა შეცდომები დაუშვა ქალბატონმა კლინტონმა? _ ვწუხვარ, რომ მის შეცდომებზე მიხდება საუბარი, ქალბატონი კლინტონი ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი და ავტორიტეტული იურისტია, 5 წიგნის ავტორი, პირველი სენატორი ქალი. მაგრამ, ჩანს, იგი ხანგრძლივმა ტურნემ დაღალა. თქვენც რომ არ დაგღალოთ და მკითხველიც, მე სინანულით დავაფიქსირებ ამ შეცდომებს, ვეჭვობ, რომ `ბანკები და ფინანსებს~ ქალბატონი კლინტონი კითხულობდეს, მაგრამ ვიღაც, ვინც უნდა წაიკითხოს, უეჭველად მიაქცევს ყურადღებას და ახალი ამერიკული ხედვა საქართველოსთან მიმართებაში, იმედია, უფრო რელისტური იქნება. აი ეს შეცდომებიც: _ ჰილარი კლინტონმა ბრძანა, რომ კორუფცია არის როგორც საქართველოში, ისე ჩვენს მთავრობაშიო, მთავარია მას ვებრძოლოთო. ქართული და ამერიკული კორუფციის ერთ სიბრტყეზე დაყენება დაუშვებელია. კორუფციას ებრძვის სამართალდამცავი სისტემა და საზოგადოება. ახლა შეადარეთ ერთმანეთს ამერიკული სასამართლო და ქართლი სასამართლო, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შეადარეთ ერთმანეთს ამერიკის პრესა და ქართული პრესა. ამერიკაში 10 ყველაზე დიდ ტელეკომპანიას მთავრობა აკონტროლებს? ამერიკაში ყველა მომგებიან ბიზნესებში ჯანსაღი კონკურნციაა, მოქმედებს სრულყოფილი ანტიმონოპოლიური რეგულირება და კონკურენცია ჯანსაღია. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა; _ ქალბატონმა ჰილარიმ შეცდომა დაუშვა, როცა შეხვდა ხელისუფლების მომხრე ქალბატონებს, ხელისუფლებაში მყოფ ქალბატონებს, ამერიკული ფონდების მიერ გრანტებით უზრუნველყოფილ ქალბატონებს და რამდენიმე დამოუკიდებელი აზრის და პოზიციის მქონე გამონაკლის ქალბატონს (თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, თამილა მაჭავარიანი და სხვანი.) ასეთ დადგმულ სპექტაკლში ასეთ გონიერ ქალბატონს მონაწილეობა არ უნდა მიეღო; _ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა ოპოზიციას. არგუმენტი თითქოს მასთან შესახვედრად ოპოზიციური ლიდერები შეირჩნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, არადამაჯერებელი და არაზუსტია. იქ, სადაც მედია - სივრცეს აკონტროლებს მთავრობა, იქ, სადაც საარჩევნო გარემო უსამართლოა, იქ, სადაც ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ვერ ბედავს, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთი ბიზნესმენი, პარტიებს აქვთ ის შედეგი, რაც ხელისუფლებას უნდა; _ ძველ თბილისში სეირნობისას, ერთ -Eერთ კაფეში ვერ შენიშნა, რომ მეზობელ მაგიდასთან ისხდნენ არა ამ კაფის ჩვეულებრივი კლიენტები, არამედ შერჩეული მომხიბვლელი ქართველი გოგონები. დეტალია? არცთუ; _ ქართული დემოკრატიის თაობაზე თინა ხიდაშელის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ქალბატონმა კლინტონმა ბრძანა, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს. სამთვიანი მშიდობიანი აქციების შემდეგ? შევიწროებულმა, უმასმედიო, უფულო, კორუმპირებული ბიზნესის პირობებში მოქმედმა ოპოზიციამ? სადღაა ოპოზიცია? თუ, ან ამერიკამ, გრანტებით, ან რუსეთმა, `ჩემოდნებით~, არ დააფინანსა, პასუხისმგებელი ოპოზიცია, ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი, იარსებებს? ყველა ქართული პოლიტიკური ძალა უპასუხისმგებლოა საქართველოს ხალხის წინაშე, ხოლო ნაწილი პასუხისმგებელია ამერიკის, ნაწილი კი რუსეთის წინაშე. რეალობა ასეთია და ჩვენმა მეგობრებმა ეს უნდა იცოდნენ; _ ქალბატონმა კლინტონმა მართებულად შენიშნა, რომ ვარდების რევოლუციამდე ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო, რომ ამერიკული დემოკრატია 200 წლისაა და დემოკრატია უნდა აშენდეს, მაგრამ მას მხედველობის არედან გამორჩა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია დემოკრატიას არ აქვს პოლონეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბალტიის ქვეყნებში, სამხრეთ კორეაში და ესპანეთშიც კი თუმცა იქ ახერხებენ სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებას და ქართველი ხალხი ასეთ არჩევნებს 200 წელი ვერ დაელოდება. ამასთანავე, ვარდების რევოლუციისთვის მართლაც, რთული ვითარება იყო, მაგრამ უაღრესად განათლებულმა ქალბატონმა ჰილარიმ უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მძიმე ვითარება იყო საქართველოში 1991 - 1993 წლებში _ სამოქალაქო ომი და ეკონიმიკის ნგრევა, ხოლო შიმშილს საქარველო აშშ-ს დახმარებამ გადაარჩინა. 1995 _ 1998 წლებში ვითარება გაცილიებით უკეთესი იყო, ვიდრე 1991-1993 წლებში და უარესი, ვიდრე 2003 წელს, ხოლო დღეს 2003 წლიდან 7 წლის შემდეგ, ქვეყნიდან საარსებო მინიმუმის საძებნელად გასულია 1 მილონზე მეტი ადამიანი. საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი კი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, უზარმაზარი ამერიკული დახმარება უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო. ამის თაობაზეც ქალბატონ კლინტონს უნდა სცოდნოდა და ეს ყველაფერი უნდა ეთქვა; _ და ბოლოს, ქალბატონმა სახელმწიფო მინისტრმა გაიმეორა ჩვენი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში დამკვიდრებული კლიშე _ რომ ჩვენ უნდა ავაყვავოთ ეკონომიკა. საბედნიეროდ, მას არ უხსებენია _ სინგაპური, თორემ ჩვენ ვეტყოდით, რომ გვირჩევნია საქართველო და მისი ეკონომიკა მოვაწყოთ იტალიის, ესპანეთის, სამხრეთ კორეის, ჰოლანდიის, აშშ-ს და კანადის მსგავსად, მაგრამ მან გაიმეორა ჩვენი პროპაგანდის უსუსური მტკიცება, რომ ჩვენ, მოდით, განვავითაროთ ეკონომიკა და როცა დანარჩენ საქართველოში ხალხი იქნება მდიდარი და ბედნიერი, აფხაზები და ოსები მოისურვებენ ჩვენთან ერთად, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას, შემოგვიერთდებიან და ვიქნებით ერთად სიამტკბილობით. როგორ, აფხაზები თავიანთი ბაღნარისთვის და სამოთხისთვის, რომელშიც ცხოვრობდნენ და ჩვენი სამოთხეც რომაა მათთან ერთად, ერთ-ორ არაბ შეიხს ვერ იშოვიან? როგორ, რუსეთი უახლოეს მომავალში დაინგრევაა? როდის, გვითხარით, რატომ გვიმალავთ? თუ რაიმე გლობალური ვაჭრობის პროცესში გაცვლის ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რაღაცაში რუსეთთან და ჩვენც გვეშველება? კვიპროსი ვერ გაერთიანებულა 30 წელია და ჩვენ როდის რა გვეღირსება? თეზა ომის თაობაზე, რომ ჩვენ განვავითარებთ ეკონომიკას, ავაყვავებთ საქართველოს და მერე ტერიტორიული მთლიანიობაც აღდგება, არის მცდარი. თუ უახლოეს 5 - 10 წელიწადში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ჩვენ უნდა შევეგუოთ საქართველოს შემდგომი დაშლა _ დაქუცმაცების გარდუვალობას. რომელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც ამის გარანტიას მოგვცემს, ქართველი ხალხი, მთელი საქართველოს ხალხი, მას აღიარებს ჩვენს უმთავრეს და ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად. რახან ასეთად დღემდე ჩვენ აშშ გვყავს აღიარებული, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გზაც მასთან ერთად უნდა მოვძებნოთ, მაგრამ არამც და არამც ასეთი შორეული, ბუნდოვანი და არარეალისტური პერსპექტივით: ავაყვავოთ სქართველო, 5 - 10 უფრო რელისტურად 25, 50 წლის შემდეგ და აფხაზეთს, აგრეთვე სამაჩაბლოსაც დავიბრუნებთ. იმ დროისთვის, ნატოშიც ვიქნებით, ევროკავშირშიც და საერთოდ შესაძლოა საზღვრებიც აღარ იქნება. შესაბამისად აღარ იქნება პრობლემაც? _ საკმაოდ კრიტიკული შეფასება გამოგივიდათ, ბატონო ვაჟა. პოზიტივი რა იყო ამ ვიზიტის? _ მე ჩვენი ერთი მოაზროვნის ხედვიდან ამოვდივარ _ დიდთა და სწავლულთა კაცთა შეცდომები უფრო მიუტევებელ არიან, ვიდრე უსწავლელთა და უმეცართა. ქალბატონ ჰილარის, პატივს ვცემ, ამიტომ, გავკადნიერდი და მის შეცდომებზე გავამახვილე ყურადღება. თორემ პირადად, მივიჩნევ, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წინა. მე არ ველი ობამას ვადის ამოწურვას ზოგიერთებივით, რომ ხელისუფლებაში ისევ რესპუბლიკელები დაბრუნდნენ. მე ობამა შესანიშნავ პრეზიდენტად მიმაჩნია, მან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით დანგრეული ამერიკა ჩაიბარა და მოკლე დროში, უმძიმეს ვითარებაში გაბედული და შედეგიანი ნაბიჯები გადადგა. უახლესი ცნონობებით, უმუშევრობაც კი შემცირდა აშშ-ში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ობამამ 70 მილიონი ამერიკელი სადაზღვევო ჯანდაცვით უზრუნველყო, ჩაატარა ფინანსური რეფორმა, საზოგადოებას შესთავაზა ქვეყნის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და ღირსეულად აგრძელებს რესპუბლიკელების მიერ დაწყებულ სამხედრო კამპანიას ერაყსა და ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ. ასე რომ, მეც ისეთივე ამერიკელი ვარ, როგორც ყველა სხვა ამერიკის მოქალაქე და ამიტომ ვრეაგირებ მწვავედ მათი ლიდერების განცხადებებზე, განსაკუთრებით, როცა ისინი ჩემს ქვეყანას ეხება.
_ გმადლობთ!
ესაუბრა ზურაბ კკუკულაძე
|