ნანახია: 769
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ქუთაისში იდუმალებით მოცულ მშენებარე პარლამენტთან დაკავშირებით წინა ნომერშიც წერდა. მაშინ ვერცერთმა სახელმწიფო ორგანომ, მათ შორის, არც ადგილობრივმა და არც ცენტრალურმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ან იცოდა და ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა. ფაქტია, ქუთაისში მემორიალის ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს და იქ კომპანია "მაგი სტილის" სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. მართალია, რამდენიმე დღის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა "მაგი სტილის" მიერ პარლამენტის მშენებლობა არც დაადასტურეს და არც უარყვეს, მაგრამ როგორც მოგვიანებით "ბ&ფ"-თან საუბარში კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა, პარლამენტის შენობას მართლაც "მაგი სტილი" აშენებს, თუმცა, იმის გასაგებად, ჩატარდა თუ არა ტენდერი, პარლამენტისთვის მიმართვა გვირჩია. საკანონმდებლო ორგანოში კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტში არათუ ტენდერის, კომპანიის შესახებაც არაფერი იციან, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანის ინიციატივით, ჯერ კიდევ გასულ წელლს, ჯერ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა. მიზეზად კი მოსახლეობის დასაქმება და ქუთაისის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობა დასახელდა. რასაც საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქება და 2 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. მტკვარზე აშენებული მშვიდობის ხიდის, გმირთა მოედანზე ახლახანს აგებული მონუმენტისა და სხვა მრავალი პროექტის მსგავსად, არც მშენებარე პარლამენტისთვის გამოყოფილი თანხების წარმომავლობის და ოდენობის შესახებ იცის რაიმე ქართულმა საზოგადოებამ. მართალია, ინიციატივის გაჟღერების გაცხადების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალი პარლამენტის შენობის აშენება ქვეყანას 50 მილიონ ლარზე მეტი არ დაუჯდებოდა, თუმცა, ექსპერტთა თქმით, ხარჯები, სავარაუდოდ, 100-150 მილიონს მიაღწევს. საუბარი აღარაა იმ ხარჯებზე, რომლის გაწევაც ჩვენს ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადაბარგების შემდეგ დეპუტატების თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობისთვის თუ ადგილზე განთავსებისთვის მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას კომპანია "მაგი სტილი" ახორციელებს, დღემდე ქუთაისში პარლამენტის შენობის ოფიციალური პროექტი არ გამოქვეყნებულა და არც ისაა ცნობილი, თუ რა დაჯდება მისი აშენება. "ბ&ფ" ამ ინფორმაციის მისაღებად ქალაქ თბილისის მერიას, პარლამენტს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ქალაქ ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა, ვერცერთი ამ ორგანოდან პასუხის მიღება ვერ შეძლო. ამ კითხვებზე შესაბამის ორგანოებს პასუხი ან არ აქვთ, ან არ სურთ მისი გაჟღერება. არც ისაა ცნობილი, ჩატარდა თუ არა ტენდერი საუკეთესო პირობების მქონე სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად. ჩნდება ეჭვი, რომ "მაგი სტილს" საერთოდ ტენდერის გარეშე მიეღო მშენებლობის უფლება. ეს ხომ საქართველოა. იმის ფონზე, რომ დღემდე უცნობია ახალი საკანონმდებლო ორგანოს ასაშენებლად საჭირო თანხების ოდენობა და წარმომავლობა, ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი ის, თუ "მაგი სტილს" მართლაც ტენდერის გარეშე გადაეცა მშენებლობის უფლება. ამ ეჭვს კი კიდევ უფრო ის ფაქტი ამძაფრებს, რომ "მაგი სტილის" დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ირაკლი ჩიქოვანია.
ლევან ცენტერაძე
|