ნანახია: 700
ჯანდაცვის კარგად შერჩეულმა პროგრამამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს კონკრეტული პარტიის რეიტინგზე, რადგან საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის აწუხებდა ის ფასები, რაც ამ სფეროშია. ამიტომაც, მერობის კანდიდატებმა უდიდესი ყურადღება სწორედ ჯანდაცვის პროგრამას დაუთმეს და მათი უმეტესობა გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროსთვის დაფინანსების გაზრდას ჰპირდება ამომრჩეველს. პარტიების პროგრამები გარკვეულ პუნქტებში ერთმანეთს ემთხვევა, ზოგი კი განსხვავებულია. ზვიად ძიძიგური, გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის დაფინანსების გაორმაგებას აპირებს, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაიხარჯება 800 მლნ ლარი, ნაცვლად 409 მლნ ლარისა. "საქართველოს ყველა მოქალაქემ უფასოდ უნდა მიიღოს პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ერთიანი სტანდარტის ფარგლებში. ხოლო ის გაყიდული საავადმყოფოები, სადაც არ სრულდება გაყიდვისას დადებული პირობები, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ასევე, საჭიროა ნარკომანიის უმნიშვნელოვანეს პრობლემად აღიარება და ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა" - აცხადებს მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. ის, ასევე, ჰპირდება თბილისის მოსახლეობას, რომ თბილისში მცხოვრები ყველა პენსიონერი და მათი ოჯახის წევრები, ვისაც არ აქვს მკურნალობის შესაძლებლობა, მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევის ხარისხიან პაკეტს, რომელიც დაფარავს წამლის, საავადმყოფოს, ექიმისა და ოპერაციის ხარჯებს. ეს არა მარტო მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს ხელმოკლე პენსიონერებს, არამედ მისცემს მათ დამსახურებულ მორალურ კმაყოფილებას, რომ წარსულში გაწეული შრომით მათ დღეს შეაქვთ წვლილი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაში. გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მკვეთრად გაზრდას "ქრისტიან-დემოკრატებიც" ჰპირდებიან. " "დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება მხოლოდ 23 მილიონი, რაც 70 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. "ქრისტიან-დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ვპირდებით ამომრჩეველს, რომ ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაიგეგმება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. დედაქალაქის თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს ყველაზე დაუცველ ჯგუფზე, როგორებიც არიან: პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა დედები", - აცხადებს მაგდა ანიკაშვილი. სხვა კანდიდატების მსგავსად ირაკლი ალასანიაც ჯანდაცვის დაფინანსების ზრდას ჰპირდება მოსახლეობას. მისი დაპირებათა სია ოთხი მთავარი პუნქტისგან შედგება. პირველი - ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს. პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმის უფასო საბაზო მომსახურებას თითოეული თბილისელისთვის, მიუხედავად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა. ბაზისური ამბულატორიული მომსახურება განხორციელდება ოჯახის ექიმი/ექთნის მეშვეობით საოჯახო მედიცინეს ცენტრებსა და ამბულატორიულ კლინიკებში. მეორე - სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს. "ეს ნიშნავს, რომ ყველა თბილისელს ვუზრუნველყოფთ გადაუდებელი სამედიცინი მომსახურებით. 6 წლამდე და საპენსიო ასაკის თბილისელები უზრუნველყოფილი იქნებიან გეგმიური ჰოსპიტალური ხარჯებით". – ასეთ დაპირებას აძლევენ ხალხს ალიანსელები. მესამე - უფასო და იაფი წამალი თბილისელებს, რომლის მიხედვითაც 3 წლამდე და საპენსიო ასაკის ყველა თბილისელი უზრუნველყოფილი იქნება უფასო მედიკამენტით. მეოთხე კი უფასო მშობიარობა: "მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს მშობიარობის ხარჯებს და ორსულებს გამოეყოფათ დაახლოებით 800 ლარი". "ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უნივერსალური ჯანდაცვის მომსახურებით. რაც მთავარია, პროექტი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, არის ფინანსურად არგუმენტირებული, ჩვენ ამის სახსრებს ვიპოვით არსებულ ბიუჯეტში და ვზრდით ბიუჯეტს 117 მლნ ლარამდე"- ამბობს ირაკლი ალასანია. მოზარდებისა და პენსიონერებისთვის უფასო პოლიკლინიკების გახსნასა და ამოქმედებას ჰპირდება თბილისელებს "სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი. "მივაღწევთ პენსიონერებისთვის აუცილებელი მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფას. პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ოპერაციები, ლაბორატორიული ანალიზები, აუცილებელი მედიკამენტები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის იქნება უფასო. ყველა თბილისელს ექნება უფასო სამედიცინო დაზღვევა, ხოლო ორსულები გარანტირებული იქნებიან უფასო მშობიარობით" - აცხადებს ნიკა ივანიშვილი. მართალია, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, გოგი თოფაძის, პროგრამა ძალიან მწირია და ძირითადი აქცენტი დასაქმებაზეა გადატანილი, თუმცაღა, მის პროექტშიც ჯანდაცვის სფეროსთვის თანხების გაზრდაზეა საუბარი და სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც ჰპირდება მოსახლეობას ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების საკითხებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავაც მოსახლეობასთან შეხვედრისას არაერთხელ შეეხო. მისი თქმით, ამ მხრივაც გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მოსახლეობას ჰპირდება, რომ 2 წელიწადში დასრულდება საავადმყოფოების მშენებლობა და თბილისელებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოები მოემსახურება. როგორც ვხედავთ, თბილისის მერობის კანდიდატები თავიანთ წინასაარჩევნო გამოსვლებში უდიდეს ყურადღებას უთმობენ ჯანდაცვის პროგრამას და მოსახლეობას ამ სფეროს გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ხელმისაწვდომობას ჰპირდებიან. ჯერი ახლა მოსახლეობაზეა. სულ ორიოდ კვირა და ვნახავთ, ვის დაპირებებს ენდო მოსახლეობა და რომელი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ჯანდაცვის, და არა მარტო ჯანდაცვის, პროგრამა იყი მისთვის მომხიბლველი. თუმცა, მთავარია, მოხიბლვას განხიბლვა არ მოჰყვეს. ნანა კალანდაძე
|