ნანახია: 607
საქართველო ევროპას, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად, ნელ-ნელა შორდება "დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს ვშორდებოდით და ნაბიჯებს სინგაპურისკენ ვდგამდით. თუU მსოფლიო რუკას დავხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპა სულ სხვა მიმართულებითაა" - ნოდარ ხადური "ევროპასთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა, თუნდაც ლიცენზირების სფეროში, საგადასახადო სფეროში, კორუფციის დონეც დაბალია და ა.შ." - ირაკლი ღვალაძე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ლიბერალურ რელსებზე შემდგარი საქართველოს ხელისუფლება, აქტიურად მიილტვის დასავლეთისკენ და ამისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ამბიციური გეგმების განხორციელებას თითქოსდა არც ერიდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, ამ გეგმებს როგორ ახორციელებს, რადგან ევროპასთან დაახლოების ნაცვლად, ჩვენი ქვეყანა დასავლეთს თანდათან შორდება და ურთიერთობაც ცივდება. თუმცა არა ევროკავშირის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიზეზით. დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენდამი რომ უარყოფითი ყოფილიყო, იმდენ დროს აღარ დაკარგავდა რჩევების მოცემაში, თუ როგორ უნდა მივახლოვებოდით ევროპულ სტანდარტებს. თუნდაც იმისთვის, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა გვქონოდა, მათი ძირითადი მოთხოვნა სტატისტიკის რეფორმისა და შრომის კოდექსის შეცვლა, ანტიმონოპოლიური და ხარისხის კონტროლის სამსახურების აღდგენა იყო, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. "ჩვენ თუ ამ რეფორმებს ავიღებთ, 2003 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს ვშორდებოდით და ნაბიჯებს სინგაპურისკენ ვდგამდით. თუU მსოფლიო რუკას დავხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპა სულ სხვა მიმართულებითაა. რაც შეეხება 2009-2010 წლებს, დაიწყო თეორიულად და ფორმალურად ევროკავშირის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები არ აღმოჩნდა იმდენად ეფექტური, რომ ევროკავშირისთვის საკმარისი ყოფილიყო, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა დარეგულირებულიყო და ჩვენ ევროპული ეკონომიკა აგვეშენებინა", - მიიჩნევს ნოდარ ხადური. ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირთან ურთიერთობის გაცივებას უარყოფენ. "საქპატენტის" ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, ევროპას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად დავუახლოვდით. `ევროპასთან დასაახლოვებლად მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა, თუნდაც ლიცენზირების სფეროში, საგადასახადო სფეროში, კორუფციის დონეც დაბალია და ა.შ. ის, რაც გვაახლოებს ევროკავშირთან. უბრალოდ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არის ხოლმე ზოგჯერ წინააღმდეგობა, რომელიც კონკრეტული ინსტიტუციონალურ მოწყობებს ეხება, მაგრამ ისიც, როგორც ვიცი, მოლაპარაკების სტადიაშია და ეტაპობრივად გვარდება~. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მოთხოვნები ბენდუქიზაციით ჩანაცვლდა და დასავლეთთან დაახლოების პრობლემებიც გარკვეულწილად აქედან დაიწყო. როგორც უკვე აღინიშა, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა სტატისტიკის რეფორმირება იყო. საქართველოში მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან სტატისტიკის ახალი, დამოუკიდებელი სამსახური `საქსტატი~ ამოქმედდა, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაციის ხარჯზე შეიქმნა. თუმცა მხოლოდ სახელის შეცვლამ საზოგადოებაში დეპარტამენტისადმი ნდობის ამაღლება რომ ვერ გამოიწვია, ბოლო პერიოდში მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, რომელიც როგორც ექსპერტთა წრეებში, ასევე საზოგადოებაში, ძალიან დიდი უნდობლობით გამოირჩევა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დეპარტამენტი კვლავ ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობს. საქართველოსადმი ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა შრომის კოდექსის დახვეწა იყო, რომელიც დაქირავებული პირების უფლებების დაცვას გულისხმობდა. დღეს მოქმედი შრომის კოდექსის შექმნაში მთავარი როლი საქართველოს ეკონომიკის იდეოლოგს კახა ბენდუქიძეს მიუძღვის, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციამ დისკრიმინაციულიც კი უწოდა. ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის მიერ გამოთქმული შენიშვნის შემდეგ დატრიალდა და შრომის ახალ კანონმდებლობაზე დაიწყო, ვითომდა, მუშაობა, მაგრამ რეალურად ამ მხრივაც ნამდვილად არაფერი გაკეთებულა ქვეყანაში. `ჩვენი შრომის კანონმდებლობა არის ძალიან ლიბერალური, არადა ევროპაში შრომის კანონმდებლობა არის ძალიან რეგულირებადი და არის დასაქმებულის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული. საქართველოში კი შრომის კანონმდებლობა არის მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზე მორგებული", - განმარტავს ნოდარ ხადური. შემდეგი პრობლემა, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, არის ხარისხის კონტროლის სამსახურის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ თვენახევრის წინ ევროპიდან თხილი უკან დაგვიბრუნეს, რადგან ის იმ სტანდარტს არ შეესაბამებოდა, რომელიც ევროკავშირს აქვს. "ჩვენი კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით ვერ არეგულირებს ამ პრობლემას. ამიტომ ეს საკითხი ჩვენთან არ არის ინსტიტუციონალურად მოწყობილი. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ 2015 წლიდან ვაპირებთ სურსათზე ხარისხის კონტროლის დაწესებას", - განმარტავს ხადური. ანუ, ამ მხრივაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ევროკავშირმა უარი თქვას საქართველოსთან დაახლოებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს, არის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა, რომელიც ხუთი წლის წინ კახა ბენდუქიძის მოთხოვნით გაუქმდა. `ევროკავშირი ამ მიმართულებითაც არის რეგულირებადი ბაზარი, ევროპაში ებრძვიან მონოპოლიებს და ებრძვიან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ვიდრე ჩვენ ამ ტიპის ღონისძიებებს არ გავატარებთ საქართველოში, ევროკავშირი ყოველთვის იქნება წინააღმდეგი, რომ ჩვენს ეკონომიკებს შორის ურთიერთობები უფრო თბილი იყოს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროპისაკენ, რადგან ევროპა ამ ნაბიჯებს ჩვენსკენ ვერ გადმოდგამს~, - აღნიშნავს ნოდარ ხადური. თებერვალში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის შესახებ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყანაში სხვადასხვა ბაზარზე არსებული მონოპოლიური მდგომარეობით შეწუხდა, არამედ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზეწოლით იქნა მიღებული. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მუშაობა აპრილის ბოლოდან უკვე დაიწყო, თუმცა რა ფუნქციები დაეკისრება მას, მაისის ბოლოს გაირკვევა. მაგრამ როგორც უკვე ცნობილია, ახალ სამსახურს არა სადამსჯელო და საგამოძიებო, არამედ ანალიზის ფუნქციები ექნება. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევების საკითხს კი სასამართლო გადაწყვეტს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ევროკავშირის მოტყუებას ცდილობს, რადგან სააგენტოს უფლებებში არ შედის ბაზარზე არსებული მდგომარეობის რეალური დარეგულირება და მონოპოლიებისთვის სანქციების დაწესება. თუმცა, საეჭვოა, რომ ევროკავშირი მოტყუვდეს. ნოდარ ხადურის განმარტებითვე, შემდეგი ძირითადი საკითხი, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან, არის მიგრაციის კანონმდებლობა. "ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა გამარტივდეს ურთიერთობები და სავიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩვენი მიგრაციული კანონმდებლობა იქნება ევროპულის მაგვარი, ანუ თუკი საქართველო მთლიანად ღია იქნება უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის, მაშინ ჩვენ ევროკავშირი დაგვკეტავს, მაგრამ თუ საქართველოს ექნება ისეთი შეზღუდვები, როგორიც ევროპას აქვს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ გარკვეულ შეღავათებზე", - მიაჩნია ნოდარ ხადურს. ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავმხდარიყავით, მერე მაპ-საც დავჯერდით, ახლა კი ევროკავშირის წარმომადგენლის, პერ ეკლუნდის განცხადებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ხელმოწერაც გადაიდო, რომელიც ზაფხულამდე უნდა მომხდარიყო და რომლის საშუალებითაც მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენები, სტუდენტები, ჟურნალისტები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ისარგებლებდნენ. მიზეზად კი წევრი სახელმწიფოების თანხმობის აუცილებლობა დასახელდა. არადა, ჩვენმა მთავრობამ სავიზო რეჟიმის გამარტივება უკვე კარგა ხანია იზეიმა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის საილუსტრაციოდ ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციაც გამოდგება, სადაც ევროკომისარმა შტეფან ფულემ ჩვენს ხელისუფლებას ის ულტრალიბერალური იდეები დაუწუნა, რომლის განხორციელების გზასაც ვადგავართ და რომელიც, მისივე განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას სრულიად არ მიესადაგება. ევრკომისარმა იქვე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. ევროკომისრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე ჩვენმა მთავრობამ პასუხი არ დააყოვნა და ევროკავშირის კრიტიკა თვითონ გააკრიტიკა. დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაა. მაგრამ ევროკავშირის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას ვინ ჩივის, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის გამართლებული ხელისუფლების მიერ მიჩნეული პრიორიტეტები, პირიქით, აფერხებს და ანადგურებს ქართულ ეკონომიკას. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლების მონოტონური საუბრის საპირისპიროდ, რომ სადაცაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, თანდათან ვშორდებით ამ გაერთიანების იდეოლოგიას. იმისთვის, რომ ევროკავშირს მეტად დავუახლოვდეთ, საჭიროა ზემოთ ნახსენები მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. თუმცა ეს მოთხოვნები ევროპას რომ არ წამოეყენებინა, თუ განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო ვართ, ისედაც ხომ უნდა განხორციელებულიყო? იმხელა ამბიცია თუ გვაქვს, რომ ევროპული ქვეყნის სადარი ქვეყანა გავხდეთ, რატომ ვაუქმებთ სწორედ რომ ევროპისთვის პრიორიტეტულ ორგანოებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - საქართველოში არსებული კანონმდებლობა მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებზეა მორგებული და არა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე. თეონა ჭიტაძე
|