ნანახია: 319
მმართველი გუნდის შემდეგ გია ჭანტურიას საარჩევნო პოპულიზმში "ალიანსი საქართველოსთვისაც" ადანაშაულებს. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" დაპირება, ტარიფების დაწევის შესახებ, წინასაარჩევნო ბლეფია. მისივე თქმით, ეს მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად არის საჭირო და ამ დაპირებების შესრულება თეორიულადაც კი შეუძლებელია. ონოფრიშვილის განმარტებით, გია ჭანტურიას გათვლები არასწორია. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ტარიფების შემცირება მერის კომპეტენციაში არ შედის. მისივე თქმით, იმ ციფრებით, რაც ხელშეკრულებებშია ჩადებული, გაზის ფასი 20 თეთრზე ნაკლები ვერ იქნება, რასაც გაზგამანაწილებელი კომპანიების ხარჯებიც ემატება. ელექტროენერგიაში კი, მართალია, ტარიფის შემცირების რესურსი არსებობს, თუმცა 5 თეთრამდე დაწევა მაინც შეუძლებელია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის შეფასებითაც "ქრისტიან დემოკრატების" დასახელებული დაბალი ტარიფები ამომრჩეველთა მოსაზიდადაა გათვლილი. მისი თქმით, არგუმენტი, რომ ბუნებრივი აირის გარკვეული ნაწილი უფასოა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გაზის კონკრეტულ პუნქტამდე მიტანას თავისი ხარჯები და დანაკარგები აქვს. მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ბუნებრივ აირისა და ელექტროენერგიის სადღეისოდ არსებული ტარიფები ოპტიმალურია. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის განცხადებითაც გაზზე 10 თეთრიანი ტარიფის დაწესება არარეალურია. რადგან მხოლოდ განაწილების ტარიფი 12-15 თეთრამდეა. გია ჭანტურიას გათვლებით ელექტროენერგიის გადასახადი 10, გაზის 5 თეთრი, ხოლო წყალი უფასო უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, გია ჭანტურია ისევ იძლევა 10 თეთრიანი გაზისა და 5 თეთრიანი ელექტროენერგიის შესახებ დაპირებებს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მისი ეს განცხადება მხოლოდ ლეიბორისტული განწყობის ამომრჩევლის გადაბირებისთვის იყო გამიზნული და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ისაა, რომ ტარიფებს, რომლის შემცირებაზეც ჭანტურია საუბრობს, მარეგულირებელი კომისია ადგენს და არა მერია ან საკრებულო. ჭანტურიას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა, მისი აზრით, სამართლიანი ტარიფების დასადგენად, როგორც ამასს ლეიბორისტები აკეთებენ. სხვა საკითხია, რამდენად მიაღწევს მიზანს ერთ დროს შევარდნაძის ფავორიტი და "ნაციონალების" მიერ დაჭერას სასწაულით გადარჩენილი პოლიტიკოსი, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მას დღესვე, მერის სავარძლის გარეშეც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იმ ჩინოვნიკების დასჯა, რომლებიც თავის დროზე გია ჭანტურიას მიერ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმის ეფექტებს მოსახლეობისთვის არ იყენებენ. თუ გია ჭანტურიას ლოგიკას ვენდობით, საქართველოს მოსახლეობა ბუნებრივ აირში სამართლიანზე ხუთჯერ მეტ ფულს იხდის, ხოლო ელექტროენერგიაში სამჯერ მეტს. თუ ჭანტურიას ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგომა და თანამემამულეებისთვის დუხჭირი ცხოვრების გამარტივება სურს, რატომ არ უჩივის გიგი უგულავას, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული ლოგიკით, მთავარი დამნაშავეა იმაში, რომ ტარიფები ასე მაღალია. ან სად იყო ჭანტურია დღემდე, სანამ მერობის არჩევნები დაინიშნებოდა, რატომ უყურებდა შორიდან ქართველი ხალხის უნამუსოდ გაყვლეფის პროცესს.
ლევან მარტაძე
|