ნანახია: 1216
ბარიერი ევროკავშირ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო, მაგრამ მისი ამოქმედება დღემდე შეფერხებულია. ამასთან მიმდინარეობს ევროკავშირ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება კვების პროდუქტების სტანდარტსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. აქედან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის მოქმედების შეფერხებამ შეიძლება შეაფერხოს საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა. ამასთან დაკავშირებით ‘ბანკები და ფინანსები" სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თანამშრომელს, ვერიკო გულუას გაესაუბრა. მისი თქმით, კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის შესახებ" 2005 წელს იქნა მიღებული და 2006 წელს ამოქმედდა, თვე ნახევარში კი გარკვეული მუხლების მოქმედება შეჩერებულ იქნა, რის შედეგადაც სურსათის კონტროლის მექანიზმები გარკვეული ვადით იზღუდება. ‘თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გვეკრძალება და კონტროლის განხორციელების საშუალება არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ვერ ვახორციელებთ თავად საწარმოში კონტროლს, ინსპექტირებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი მდგომარეობა 2009 წლის ბოლომდე იქნება, ხოლო 2010 წლის პირველი იანვრიდან ეს კანონი სრულიად შევა ძალაში. ჩვენს ხელთ არსებული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ სასურსათო ბაზრის კვლევას და მონიტორინგს. ეს არის სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის პროგრამა. 2009 წლის პროგრამა ამჟამად მტკიცდება. ამ კვლევის ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც წელს 300000 ლარს შეადგენს," - ამბობს ვერიკო გულუა. კვლევის მექანიზმი, რომლითაც სამსახურს შეუძლია კვლევა ჩაატაროს ასეთია: ამჟამად არსებული კანონის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუძლია საწარმოში შესვლა, მაგრამ ეს დაწესებულება შეძლებისდაგვარად მაინც ახდეს მონიტორინგს. საწარმოს მიერ გამოშვებულ პროდუქციას, რომელიც ხვდება სარეალიზაციო ქსელში საცალო ვაჭრობის მექანიზმით შეისყიდიან და უტარებენ ლაბორატორიულ შემოწმებას. ვერიკო გულუას თქმით, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მაქსიმალური დასახელების პროდუქცია შეამოწმონ. ‘ჩვენ პროდუქციის შემოწმებისას ცხელი ხაზის მეშვეობით მოწოდებულ ინფორმაციასაც ვითვალისწინებთ, ასევე ვიყენებთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს მოქალაქეთა ტოქსიკაციის შესახებ, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რისკ-ფაქტორებითაა განპირობებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვაწარმოებთ კვლევას. კვლევის შედეგებს ყოველწლიურად ვაჯამებთ. ჩვენი სამსახური 2006 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, ღვინის წარმოებაში გვაქვს. ამასთან ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ თბილისის ბაზრის კვლევით". სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ფინანსურ და საგამოძიებო დეპარტამენტს აწვდის. კანონდამრღვევ საწარმოს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება. თუ იგი კვლავ დაარღვევს პროდუქციის წარმოების წესებს, ჯარიმა 20000 ლარი ხდება. თუ დარღვევა სერიოზულია, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ. ვერიკო გულუა იხსენებს ისეთ ფაქტებს, როცა კვებითი პროდუქტის გარკვეული სახეობის განადგურება მოხდა. ეს ხდება მაშინ, როცა პროდუქცია საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხარისხობრივი და სხვა წვრილმანი დარღვევებისას სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური ახორციელებს მიწერილობას და თანამშრომლობას საწარმოებთან. ‘მართალია, დღეს ეს პროცესი არ არის უმართავი, მაგრამ გარკვეულ დარღვევებს მაინც აქვს ადგილი. ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იქნება, თუ მოგვეცემა მონიტორინგის უშუალოდ საწარმოში განხორციელების საშუალება." ეკატერინე ქიმერიძე სურსათის უვნებლობის სპეციალისტია. მისი თქმით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება სურსათის უვნებლობის საკითხით დაინტერესების მხრივ საგრძნობლად შეცვლილია. ‘ეს ცვლილება საგრძნობლად შესამჩნევია განსაკუთრებით კერძო სექტორის მხრიდან. 2004-2005 წლებში მეწარმეები უარს ამბობდნენ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის უფასოდ დანერგვაზეც კი. ახლა კი სულ უფრო და უფრო ბევრი საწარმო გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას დანერგოს მართვის სისტემები და ამ გზით გაზარდოს საკუთარი კონკურენტუნარიანობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. პარალელურად საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო კანონი სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ, რომლის ამოქმედება შემდგომში რამდენჯერმე გადავადდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით 2010 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილია კანონის მუხლების ამოქმედება, რაც, პირველ რიგში, მაღალი რისკის საწარმოებს შეეხება. ამ კანონის მიხედვით სასურსათო ჯაჭვის კომპანიებს მოეთხოვებათ შიდა კონტროლის და მიკვლევადობის სისტემის დანერგვა", - ამბობს ეკატერინე ქიმერიძე, რომელიც სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის გადავადების მიზეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, ‘კანონის ასამოქმედებლად დაიგეგმა სამწლიანი სქემა: 2010 წლის 1 იანვრიდან კანონის მოთხოვნები სავალდებულო გახდება მაღალი რისკის საწარმოებისთვის, 2011 წლის 1 იანვრიდან – სურსათის მწარმოებელი დანარჩენი კომპანიებისთვის და 2012 წლის 1 იანვრიდან – ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის. კანონის ამოქმედების გადავადება შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო მოხდა: კერძო სექტორის მოუმზადებლობა დააკმაყოფილონ კანონის მოთხოვნები; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ჩამოყალიბების მიუხედავად, იგი ჯერ არ არის სრულად დაკომპლექტებული კვალიფიციური ინსპექტორებით და ასევე ეროვნულ სამსახურს ჯერ არ აქვს სრულყოფილად შემუშავებული ინსპექტირების ჩატარებისთვის საჭირო შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ კანონის შეფერხებამ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებაზე. ‘ამ კანონის ამოქმედება დაგეგმილია 2010 წლის 1 იანვრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს, ისევე როგორც კერძო სექტორს, ერთი წელი დარჩა იმისათვის, რომ მოემზადონ კანონის ეფექტური განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, ამ კანონის ამოქმედება და შესაბამისად, სურსათის უვნებლობის დარგში სახელმწიფოს მხრიდან საიმედო კონტროლის დაწესება, უდაოდ შეუწყობს ხელს საქართველოში წარმოებული სასურსათო პროდუქტების თავისუფალ ვაჭრობაში ჩართვას და შედეგად ექსპორტის ზრდას. თუმცა ეს ჩვენი შიდა ბაზრისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები, რომ მათ უვნებელი სურსათი მიიღონ." ლილიანა გურეშიძე
|