ნანახია: 820
"დაცული მოძრაობა" და "ჯეოსელი" ამომრჩეველს ხელისუფლების კანდიდატისთვის მოისყიდიან
კომპანია "ჯეოსელმა" ასოციაცია "დაცული მოძრაობის" 2500 თანამშრომელს, რომელთა შორისაც სამარშრუტო ავტობუსებისა და კერძო ტაქსების მძღოლები არიან, ექსკლუზიური, ორთეთრიანი ტარიფი შესთავაზა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს არსებულ ბაზარზე ეს ტარიფი უპრეცედენტოა. "ჯეოსელმა, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულმა კომპანიამ, შეისწავლა მომხმარებელთა ამ ჯგუფის მოთხოვნები და ინტერესები. ეფექტური კომუნიკაცია მძღოლების წარმატებული მუშაობის აუცილებელი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთთან კომუნიკაცია უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს", - აცხადებენ კომპანიაში.
"კორპორატიული პირობებით ნომრები ყველა ჩვენ "დაცული მოძრაობის" წევრ მძღოლებს გადაეცათ. ერთმანეთში საუბრისას ჩვეულებრივ 2 თეთრს იხდიან. "ჯეოსელისგან" კორპორატიული ნომრები 2500 "დაცული მოძრაობის" წევრ მძღოლს მხოლოდ თბილისში გადაეცა", - განუცხადა გაზეთ "ბ&ფ"-ს ასოციაცია "დაცული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გოცირიძემ. ასოციაცია "დაცული მოძრაობა" წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ასოციაციის მიზანია კანონით დადგენილი წესით მძღოლთა და ავტომოყვარულთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საქართველოში საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხო გადაადგილების თანამედროვე წესებისა და სტანდარტების დანერგვა - განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიური უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების პროპაგანდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ასოციაციის სახე და საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზურა გაჩეჩილაძე, იგივე "შონზოა", რომელიც ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალების" მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. უკვე მივეჩვიეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიებში ხელოვნებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის არიან. ახლახან ისიც გახდა ცნობილი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ისნის რაიონში ზურა გაჩეჩილაძე, იგივე "შონზო" იქნება. "კონსტიტუციის 83-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრს ხელოვნების სფეროში საქმიანობა არ ეკრძალება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არა პოლიტიკოსობის, არამედ დედაქალაქის წინსვლის სურვილმა გადამაწყვეტინა. ამავე დროს, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ახლოს არის ჩემს იდეოლოგიასა და პოლიტიკურ შეხედულებებთან. მართალია, არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი კონკურენტი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაქვს, არც ჭკუა მაკლია და არც გამოცდილება", - განაცხადა "შონზომ" ერთ-ერთ გაზეთში. საზოგადოებაში ჩნდება აზრი, რომ ,,დაცული მოძრაობა" ნაციონალების სატელიტი ორგანიზაციაა. საინტერესოა, ოპოზიციის რომელიმე პარტიის თხოვნით "ჯეოსელი" მსგავს საჩუქარს თუ გააკეთებდა, სამწუხაროდ, კომპანია "ჯეოსელისგან" ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ვერც იმ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომელიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდით თუ დადგებოდა ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწე კომპანია. საინტერესოა, არის თუ არა ეს პოლიტ-კორუფცია, ანუ ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მძღოლთა უფლებების დასაცავად არსებობს მძღოლთა პროფკავშირებიც, თუმცა ისინი ასოციაცია "დაცულ მოძრაობას" ემიჯნებიან. პროფკავშირში გაერთიანებულ არცერთ მძღოლს "ჯეოსელისგან" საჩუქარი არ მიუღია. "ჯეოსელის" გაიაფებულ ტარიფს ლეიბორისტები გამოეხმაურნენ. მათ გააპროტესტეს მობილური ოპერატორისა და "ასოციაცია დაცული მოძრაობის" ინიციატივით, სამარშრუტო და კერძო ტაქსების 2500-მდე მძღოლის ერთმანეთთან წუთში 2 თეთრად საუბარი. შრომის პარტია "ჯეოსელისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევასაც ითხოვს. ნათელაშვილის თანაგუნდელების მტკიცებით, ასოციაცია "დაცული მოძრაობა" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მძღოლებით არის დაკომპლექტებული, რის გამოც სხვა მძღოლები უსამართლოდ იჩაგრებიან.
ადა ექიზაშვილი
|