"უახლოეს მომავალში ხელისუფლების შეცვლა არ მოხდება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "უახლოეს მომავალში ხელისუფლების შეცვლა არ მოხდება"
ნანახია: 1171

"ცვლილებები მთავრობაში მხოლოდ კოსმეტიკური მანიპულაციაა"


ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან


- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს?
- რამდენადაც კაბინეტური სისტემა არ მუშაობს და მგალობლიშვილის მთავრობა არ წარმოადგენს კაბინეტს, ცვლილებების აზრს ვერ ვხედავ - ეს არის მიხეილ სააკაშვილის კაბინეტი, რომელშიც მოხდა პერსონალიების გადანაცვლება. თავისთავად, ვაშაძეც სოლიდური ფიგურაა და ქუთელიაც. ღირსეული იყო ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაც. უდაოდ ნიჭიერი პიროვნებაა ნიკა გვარამია. მაგრამ ისინი თვისობრივად ახალს ვერაფერს შესძენენ მთავრობას. აი, ლადო გურგენიძე შეცვალა გეგა მგალობლიშვილმა, თქვენ იგრძენით რაიმე ცვლილება მთავრობის საქმიანობაში? აღმოსავლეთმცოდნე, დიპლომატი, თურქეთში ელჩი, კარგი ოჯახიშვილი და გონიერი ახალგაზრდა კაცი. მაგრამ განა ეს საკმარისია მთავრობის მეთაურობისათვის? მგალობლიშვილს არ წარმოუდგენია თავისი კაბინეტის სტრატეგია, არ ჩამოუყალიბებია თავისი ხედვა, თუ როგორ აპირებს არსებული გამოწვევების დაძლევას პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის ფარგლებში. სამაგიეროდ, მან იცრუა და გადაადგილებები მთავრობაში თავის ინიციატივად გამოაცხადა, მაშინ, როცა ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებების ავტორი და არქიტექტორი პრეზიდენტი სააკაშვილია. აკი, გულახდილად და გულწრფელად განაცხადა კიდეც ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ განათლების სამინისტროში საჭირო ვარო. მგალობლიშვილმა ისიც კი არ განმარტა, რაში სჭირდება უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი განათლების სამინისტროში, ან რატომ დაინიშნა ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრად. როგორც ამბობენ, იგი დღესაც რუსეთის მოქალაქეა, დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და გარკვეული ბიზნეს ინტერესებიც ჰქონდა, ჩვენს საელჩოშიც მუშაობდა მოსკოვში და როგორც ვიცით, ჩვენს საელჩოს რაიმე განსაკუთრებული წარმატებები იმ პერიოდში არ ჰქონია. თავისთავად კარგი კაცის რეპუტაცია და სახელგანთქმული ბალერინას - ნინო ანანიაშვილის მეუღლეობა საგარეო საქმეთა მინისტრობისთვის საკმარისი არ უნდა იყოს. არც ის არის ნოვატორული ნაბიჯი, რომ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამობრძმედილი დიპლომატების - ირაკლი მენაღარიშვილის და ზურაბ აბაშიძის მიწვევას აპირებს. ამ სისტემაში ასეთი ადამიანები ამინდს ვერ შექმნიან და სულ მალე ვიღაცის ხუშტურის გამო დაემშვიდობებიან სახელმწიფო სამსახურს. მით უმეტეს არც თავად ვაშაძეა მთლად საიმედო ლიდერი და ხელმძღვანელი. ასეთი დასკვნის საშუალებას მისი უნიკალური განცხადება იძლევა, რომელიც მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
- რას გულისხმობთ?
[i]ვაშაძის ვაშა [/i]
- ვაშაძემ თქვა - როგორც კი სამინისტროში მივალ, ყველა მოადგილის და ელჩის გადაყენებას მოვაწერო ხელს, თუ ვუბრძანებო ყველას, დაწერონ განცხადებები. ასეთი რამ არც მსმენია და არც გამიგია, რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში მომხდარიყო. აი, რევოლუციისა და გადატრიალების შემდეგ თუ დააწიოკებენ ხოლმე ფიდელ კასტროს და რობერტ მუგაბეს ყაიდის ხელისუფალნი დიპლომატიურ კორპუსს. მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, საქართველო-რუსეთის ომის დროს ვინ როგორ გამოიჩინა თავი. ვთქვათ და ჩაითვალა, რომ ყველამ თავი შეირცხვინა, ელჩების მთელი შემადგენლობა უნდა გამოიცვალოს? მერედა სად არის ამდენი კვალიფიციური, პროფესიული დიპლომატი? თუ ისევ თინეიჯერებით ჩავატარებთ ექსპერიმენტს? ან, იქნებ, პარტიულ გაწვევას ჩავუტარებთ ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და უპირატესობას იმათ მივანიჭებთ პარტიული აქტივიდან, ვინც 7 ნოემბერს განსაკუთრებული სისასტიკით არბევდა მომიტინგეებს და ურტყამდა ხელკეტებს და წიხლებს რუსთაველსა და რიყეზე? დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებით ფაქიზი მოპყრობა და გაფრთხილება სჭირდება. ვაშაძე კი ეუბნება, როგორც კი კაბინეტში შევალ, ბრდღვინს ავადენთო. მიუხედავად თბილისში გავრცელებული ვერსიისა, რომ ამით საგარეო საქმეთა მომავალ მინისტრს გაეროში საქართველოს წარმომადგენლის - ირაკლი ალასანიას გადაყენება უნდა "გაეპარებინა", მაინც სოლიდურ მოღვაწეს და პიროვნებას ასეთი აბსურდული განცხადების გაკეთება არ ეპატიება.
- ბოლოსდაბოლოს, გადადგა თუ გადააყენეს ირაკლი ალასანია და რამდენად სახიფათოა იგი, როგორც ოპოზიციონერი, დღევანდელი ხელისუფლებისათვის?
სიცრუის მანქანა უნდა გაჩერდეს
- ირაკლი ალასანია გადადგა. ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა ირაკლი ალასანიასი, არამედ საზოგადოებრივი აზრის.
ირაკლი ალასანია გადადგა, ამაში არაფერია ექსტრაორდინალური და განსაკუთრებული. პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და მოვიდეს. ძალიანაც კარგი ჩვენი ხელისუფლებისთვის. კიდევ ერთი გონიერი და პერსპექტიული პოლიტიკოსი ეყოლება ოპონენტთა შორის. არც ისე ცუდად აქვს საქმე დღევანდელ მმართველ ძალას, რომ ნებისმიერი ახალი ძლიერი ფიგურის არენაზე გამოჩენისთანავე პანიკაში ჩავარდეს. ან კი სად ვცხოვრობთ, სომალიში თუ რუანდაში, რომ ორი დღის განმავლობაში გაეროში მუდმივი წარმომადგენლის გადადგომის ფაქტი დაიმალოს? გადადგა და გადადგა. ჩვენც დავაკვირდებით პოლიტიკურ სარბიელზე როგორ გამოიჩენს თავს.
- რამდენად სერიოზული პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება გახდეს ირაკლი ალასანია?
საერთოდ, მიმაჩნია, რომ საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე ნაადრევია. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, ეს არ მოხდება. პოლიტიკური სპექტრიც სხვაგვარად ჩამოყალიბდება. დღევანდელ ოპოზიციად წოდებული ძალები არ წარმოადგენენ რეალურ ოპოზიციას. ოპოზიციონერებად დანიშვნა არ ხდება და თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არის საქართველოში რეალური ოპოზიცია, ჩაატაროს კარგად დაფინანსებული და ობიექტურ სოციოლოგიური კვლევები. არ გიკვირთ, რომ ასეთი კვლევები არ ტარდება და მათი შედეგები არ ქვეყნდება. მხოლოდ ზოგჯერ ხორციელდება ხოლმე დივერსია ქართულ საინფორმაციო სივრცეში და სრულიად უცნობი თუ რამდენადმე ნაცნობი აბრევიატურის ქვეშ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ ციფრებს კვლევის შედეგად აჩეჩებენ საზოგადოებას. თუმცა ასეთი გამოკვლევების გარეშეც ცხადია, რომ რეალური ოპოზიცია ის არ არის, ვისაც ასეთად თავი მოაქვს.
- თქვენ ხომ ვერ დააკონკრეტებდით ოპოზიციური ძალების ვინაობას?
ოპოზიციური პარტიების სახელები ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, მცირეა მათი სოციალური დასაყრდენი. ისინი არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულნი. სურათი იმდენად ბუნდოვანია, რომ სოციოლოგიური კვლევებიც კი დასაშვებზე მეტ ცდომილებებს მოგვცემს. ამიტომ კონკრეტულ პარტიებზე ლაპარაკი ძნელია. ასე იქნება მანამ, სანამ ყველა პარტიას თანაბრად არ გაეხსნება ელექტრონული მედია საშუალებები, სანამ ბიზნესმენებს ექნებათ შიში მათთვის სასურველი პარტიის დაფინანსების, ვიდრე კანონი არ იკანონებს, მედია არ გაძლიერდება და მესამე სექტორი არ აღორძინდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რეალურ ოპოზიციაზე საუბარი. დღეს კი მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დაწეულია, დაეცა გაერთიანებული ოპოზიციის პოპულარობაც. ძველი გავლენა აღარ აქვს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში - თბილისში მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და თუ რას ნიშნავს ეს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე მოქმედებდა სპონტანურად, გაერთიანებული ოპოზიცია ფაქტობრივად დაიშალა, მისი მოკავშირეები უშვებდნენ უხეშ შეცდომებს და შედეგმაც არ დააყოვნა, ახლა ხელისუფლებას ჰყავს მხოლოდ ერთადერთი ოპოზიციონერი - საქართველოს ხალხი და არ ჩანს გზა, რის მეშვეობითაც მმართველი გუნდი მის გულს მოიგებს და თავისკენ შემოაბრუნებს. ავტორიტარული კაპიტალიზმით, ჩინური, რუსული თუ ჰონგ-კონგური მოდელებით ამის გაკეთება შეუძლებელია. ახლა სააკაშვილმა უნდა აჯობოს საკუთარ თავს. აამუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მცირერიცხოვანი გუნდის ლიდერიდან იქცეს საერთო ეროვნულ ლიდერად. მას ამის შანსი ჯერ კიდევ აქვს.
- ისევ ალიანსზე გკითხავთ, მისი შანსები როგორია?
- ამის თქმა ახალი პოლიტიკური სპექტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბებამდე გამიჭირდება. ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ხალხი უნდა დაბრუნდეს სარბიელზე. გამოირიცხოს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, განხორციელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, გათავისუფლდეს მედია, ფაქტობრივად, ხელახლა ჩამოყალიბდეს მესამე სექტორი. მხოლოდ ხალხია უფლებამოსილი, განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლება, ვინ ოპოზიცია და ვინ რა პატივის ღირსია. არ გეგონოთ ჩემი აზრის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებდე. უბრალოდ, ვცდილობ სასურველი პერსპექტივა დავხატო და პირადად თქვენც და მკითხველსაც მოგიწოდოთ, ასეთი, ნორმალური ქვეყანა შევქმნათ. ხოლო თუ კონკრეტიკაზე მიდგება საქმე, მანამდე ვიდრე უახლოეს მომავალში დემოკრატიული ინსტიტუტები ამუშავდება, გაითვალისწინეთ ერთი რამ, შემთხვევით არ ხდება, რომ გუშინდელი რევოლუციონერები, "ვარდების რევოლუციას" ვგულისხმობ, რასაკვირველია, პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან, ოპოზიციურ პარტიებს. უკვე გითხარით, რომ არ ველი ხელისუფლების შეცვლას-მეთქი უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, არც ამერიკელები ელიან, მაგრამ, რომ დადგეს ასეთი აუცილებლობა, ნაციონალები უნდა შეცვალოს ძალამ, რომელიც დასავლეთისთვის, უწინარეს ყოვლისა, აშშ-სთვის აბსოლუტურად სანდო და მისაღები იქნება, თანაც რუსები დაეთანხმებიან ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი ამ ძალის მოსვლას საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ასეთია რეალობა, ხელს აძლევს ეს ვინმეს, თუ არა. ამ თვალთახედვით ყველაზე მეტი შანსი ნინო ბურჯანაძეს აქვს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, იგი უდაოდ ძლიერი, შესაძლოა გამსვლელი ფიგურაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც იდუმალი. მისი მთავარი ნაკლი მისივე ღირსებაა - მასზე კომპრომატები არ არსებობს, ის ამერიკელებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, მას ერთადერთს ელაპარაკებიან აფხაზები. ამიტომაცაა ის მეტისმეტად სახიფათო. რამდენად ეფექტური აღმოჩნდება მისი ზურგის თვალსაზრისით რესპუბლიკელებისა და ახლების ალიანსი, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძმები ბერძენიშვილები თითქმის ყოველთვის იმ ძალის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც იმარჯვებს. შალვა ნათელაშვილი ისევ იქნება და ისევ მაგრად იქნება, მაგრამ მას ხელისუფლებას არავინ ჩააბარებს. სიტუაცია რომ ამოყირავდეს და პრორუსული ძალის გამოსვლა გახდეს საჭირო სარბიელზე, ეს ძალა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგორ გიორგაძის მომხრეები ნამდვილად არ იქნებიან, ხოლო თუ ნეიტრალიტეტის იდეამ გაიმარჯვა, სარბიელზე ძველი ელიტის ნაწილი დაბრუნდება (ვაჟა ლორთქიფანიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, და ა. შ.) და არა ძველი კომუნისტური ნომენკლატურა ან კიდევ, ასლან აბაშიძის აღორძინების აქტივი. რაც შეეხება, ეროვნული მოძრაობის ძალებს, შანსი მათაც აქვთ და არცთუ ურიგო, მაგრამ ამისათვის საჭიროა სრული და მომენტალური რეინკარნაცია, რისთვისაც ისინი ჯერჯერობით მზად არ არიან.



ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48