ნანახია: 915
საქართველო ნატოს მოლოდინში
დეკემბრის დასაწყისში, ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრებმა გადაწყვიტეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭება დეკემბერში განეხილათ. ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან, მაგრამ როდის, ეს არ დაზუსტებულა. მაშინ, გერმანიამ საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ასეთი გადაწყვეტილება ჯერ ნაადრევი იყო. გერმანიის მოსაზრება საფრანგეთმაც გაიზიარა. მაშინაც და დღესაც, შეერთებული შტატები, ყველაზე მონდომებულია, რათა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაერთიანება მალე მოხდეს. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, ყოველგვარი სამოქმედო გეგმის გარეშე, საქართველოს სამხედრო ალიანსში მიღებისთვის მზად არიან. ამ სურვილის მხარდამჭერები თუ მოწინააღმდეგენი დეკემბრის სამიტზე გამოჩნდებიან. აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში და ზოგიერთს საქართველოს გარეთაც, ცხელ გულზე მიაჩნდა, რომ დადგა დრო, როცა სამხედრო გაერთიანებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და პატარა ქვეყანაში რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებებს ხელი უნდა შეუშალოს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა. სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია აპლიკანტმა ქვეყანამ პოლიტიკურ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში, ალიანსის მოთხოვნათა მაღალ სტანდარტებს უპასუხოს. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ეკონომიკური საბაზრო სისტემის არსებობაა. ცნობილი ამერიკული გამოცემა ჭასჰინგტონ პოს-ი საქართველოს შესახებ წერს, რომ, ვიდრე ის ნატოს წევრი გახდება, ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მოუხდება. როგორც ჩანს, სტატიის ავტორი საქართველოს უახლოეს წარსულში კარგად არის გათვითცნობიერებული, - "საქართველო არის ქვეყანა, სადაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის წანააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალა სამჯერ გამოიყენა. იქ მედია თავისუფალი არ არის. არც ერთ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში არ ჩატარებულა და ახლა, ქვეყნის თითქმის მეხუთედი ნაწილი სეპარატისტთა მიერ არის კონტროლირებადი." დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას არც საქართველოს ხელისუფლებაში ელიან. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიას მიაჩნია, რომ სამხედრო ალიანსი განსაკუთრებულ მექანიზმებს შეიმუშავებს, რომლის აღსრულება მთლიანად საქართველოზე იქნება დამოკიდებული. "ბუქარესტში, საქართველოს მთავრობა ნატოს სამიტის შედეგებით კმაყოფილი იყო. ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმების შედეგად, გადაწყდა, რომ მომავალში საქართველოც აუცილებლად გაერთიანდება ალიანსში. ეს სამოქმედო გეგმის მიღებაზე მეტია. თუმცა, ამ ფაქტმა რუსეთს ხელი ვერ შეუშალა საქართველოს წინააღმდეგ ღია ანექსიის განხორციელებაში. დღეს, ევროპას და აშშ-ს ესმის, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი მათაც ეხებათ. დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ იმ გზებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება უნდა მოხდეს. ამ შეხვედრაზე საქართველოს, ალბათ, სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში განსახორციელებელ დირექტივებს გააცნობენ. აღსანიშნავია, რომ ნატოში გაწევრიანებას საქართველოს კონფლიქტური ტერიტორიები ხელს ვერ შეუშლიან და ეს მარტო ჩვენი მოსაზრება არ არის. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამ მხრივ, პრობლემები ნაკლებია. მიუხედავად გლობალური ფინანსური კრიზისა და აგვისტოს მოვლენებისა, საქართველოს ეკონომიკა მცირედ დაზარალდა. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საგადასახადო სისტემაში ცვლილებები მიმდინარეობს და ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პროცესიც არ შეჩერებულა. გარდა ამისა, ევროპის, ამერიკის და მთელი მსოფლიოს დახმარების იმედი გვაქვს. საქართველოს ეკონომიკური კრიზისი უცხოელი ექსპერტების დაანგარიშებით 3 მილიარდ 200 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენ კი, მიუხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, უცხოეთიდან 4 მლრდ 500 მლნ დოლარის დახმარება მივიღეთ,” – ამბობს შოთა მალაშხია ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ უკანასკნელ პერიოდში დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობების კულმინაცია აგვისტოს ომი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შეამცირა. მათი აზრით, ეს ის დასავლური გამოცდა იყო, რომელიც საქართველომ "ჩააფლავა”. ნატოს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაცია სამოქმედო გეგმის გარეშე მოახდინოს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იმით ხსნის, რომ ისინი ცდილობენ საქართველო, როგორც პარტნიორი, კვლავაც შეინარჩუნონ და ამასთან, მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ცოტა ხნით მაინც დააცხრონ. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, თავის მხრივ, ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ სურათზე საუბრობს და აცხადებს, რომ მით უმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იმ პარამეტრებს არ შეეფერება, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ. პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელისშემშლელ 3 მთავარ მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას, -"ჩემი ვარაუდით, საქართველოს არაკეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, კონფლიქტური ტერიტორიები და ქვეყნის შიგნით დემოკრატიის დაბალი დონე აფერხებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2006 წელს რიგაში მიღებულ დეკლარაციაში, მათ იმედი გამოთქვეს, რომ წვერობამდე საქართველო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში რეფორმებს წარმატებით განახორციელებს." ყველა ქართველი ექსპერტი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი კვლავ წამყვანი ევროპული ქვეყნები იქნებიან. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს - ვისაც რუსეთთან ურთიერთობის უფრო ღრმა გამოცდილება აქვს, ისინი მხარს დაგვიჭერენ. ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი და პარტნიორი, ნატოში საქართველოს გაერთიანების ყველაზე აქტიური ინიციატორია. საინტერესოა, რა მოხდება, მას შემდეგ რაც თეთრ სახლში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დაიმკვიდრებს. პოლიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ თუკი ობამას საგარეო პოლიტიკას ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენი გაუძღვებიან" ალბათ, სქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ამერიკისთვის ისეთივე აქტუალური დარჩება, როგორც ეს ბუშის დროს იყო.
მარიამ შონია
|