ნანახია: 806
ბენდუქიძეს ერჩიან
პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" კახა ბენდუქიძეს "სრულიად შეუნიღბავ და გაშიფრულ ჯაშუშურ" მოღვაწეობაში ადანაშაულებს. ბენდუქიძე, რომელიც საქართველოში მაღალ თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს (ამჟამად ის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსია), ოპოზიიცისა და საზოგადოების მხრიდან ხშირად მწვავე კრიტიკის ობიექტია. რამდენიმე დღის წინ, მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ბენდუქიძის წარსულ და ამჟამინდელ საქმიანობას პრესკონფერენცია მიუძღვნა და მათი ანალიტიკური ჯფუფის მიერ "სრულიად სანდო წყაროებიდან" მოპოვებეული ინფორმაცია მედიის საშუალებით საზოგადოებას გააცნო. ახლები ბენდუქიძეს რუსული კაპიტალის საქართველოში ლობირებასა და რუსულ საიდუმლო სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სტრატეგიული ობიექტების და ტყის გასხვისება, 100 საავადმყოფოს იდეა და ჯანდაცვის სისტემის განადგურება, ბენდუქიძის დაინტერესებით ხორციელდებოდა. ბრალდებები აქ არ მთავრდება. ახლების ღრმა რწმენით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილის მარჯვენა ხელი, კახა ბენდუქიძე წლების განმავლობაში შედიოდა და შედის მოსკოვში დაფუძნებულ ანტიქართულ გაერთიანებში და სისტემატიურად თანამშრომლობს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. ახლების ოფიცილაურ ვებ-ვერდზე, ბრალდებათა მთელი ნუსხა დევს და იქვე, მათი ნამდვილობის დამადასტურებელი წყაროებიც არის მითითებული. ახლების ანალიტიკურმა ჯგუფმა ბენდუქიძის ბიოგრაფიის უფრო სიღრმისეულად კვლევის დროს, აღმოაჩინა, რომ ვინმე შლიკოვი, მის კავშირებში ძალიან ხშირად და საეჭვოდ ჩნდებოდა. შემდგომში, ჯგუფის წევრები ამ პიროვნების ბიოგრაფიით დაინტერესდნენ და გაირკვა, რომ ის გრუ-სა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. ფიქრია ჩიხრაძე, - "50-60-იან წლებში, გრუ-ს დავალებით, ვიტალი შლიკოვი ჯაშუშურ-არალეგალურ საქმიანობას აშშ-ის და გერმანიის წინააღმდეგ ასრულებდა. 90-იან წლებში ეს პიროვნება საზოგადოებრივ ასპარეზზე ბენდუქიძის გვერდით ჩნდება. შლიკოვმა და ბევრმა სხვა ქართველთმოძულემ რუსეთში თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საბჭო ჩამოაყალიბა, რომელიც მკვეთრი ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდა. ამ გაერთიანებაში ბატონი ბენდუქიძეც ფიგურირებს. საინტერესოა, რა საერთო ნახა მან ისეთ პიროვნებებთან, როგორიცაა ქართველთმოძულეობით გამორჩეული, რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალი ნიკოლაი ბორდუჟა, კონსტანტინ ზატულინი, (მას წარდეგნა არც სჭირდება), გავლენიანი რუსი, წარმოშობით სომეხი ანალიტიკოსი სერგეი კარაგანოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კარასინი, გოსდუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის მრჩევლები - პოლიტოლოგი მარკოვი, გლებ პავლოვსკი, პრიმაკოვი და ა.შ. 1992-95 წლებში, ბენდუქიძე კიდევ სხვა ანტიქართული ორგანიზაციების წევრი გახდა. ("მრეწველთა პოლიტიკური ინიციატივა 1992" და "არჩევანის უფლება”. ამ უკანასკნელს, ანდრანიკ მიგრანიანი ხელმძღვანელობდა). შლიკოვის და ბენდუქიძის ურთიერთობა, ამ ორგანიზაციების გარდა, ბენდუქიძის ფინანსურ იმპერიაშიც გრძელდება. ჯერ "ურალმაშში”, ხოლო შემდგომ "ატომსტორი ექსპორტში", გენერალურ დირექტორ ბენდუქიძეს, შლიკოვი მრჩევლად ჰყავდა. გრუ-ს რეკომენდაციით, მრჩევლის თანამდებობაზე შლიკოვის დანიშვნის მიზეზი ის იყო, რომ ბენდუქიძის ბიზნესი ყოველთვის რუსული სპეცსამსახურებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთა გავლენის სფეროში ფუნქციონირებდა. ცხადია, ბენდუქიძის კონტროლიორი გრუ-დან უნდა ყოფილიყო.” ახლების გამოძიების მიხედვით, ბენდუქიძისა და შლიკოვის გზები მხოლოდ მაშინ გაიყარა, როცა 2005 წელს ბენდუქიძე საქართველოში ჩამოვიდა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, შლიკოვი ბენდუქიძეს უკვე საქართველოს ეკონომიკის საკითხებში აქტიურ მრჩევლობას უწევდა. "ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, ამისთვის შლიკოვი საქართველოს ხელისუფლებიდან ხელფასსაც კი იღებდა. ამ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთი მოქმედი მაღალჩინოსანი გვაწვდის. ამ ეტაპზე, მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა," – აცხადებს ჩიხრაძე. ახლები, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ბენდუქიძეს ხშირად ამხელდნენ, რომ ის საქართველოში რუსული კაპიტალის შემოსვლას ყოველთვის ლობირებდა, განსაკუთრებით, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასხვისების დროს. გარდა ამისა, ბენდუქიძე საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რუსულ "გაზპრომზე" გადაცემას ლობირებდა. ამ აზრს საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს ფარგლებს მიღმა მხარს უჭერდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩიხრაძე ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში სააკაშვილის ინტერვიუს იხსენებს, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ არაფერი საგანგაშო იმაში არ არის, რომ საქართველომ მთავარი გაზსადენები "გაზპრომს" მიჰყიდოს. "სააკაშვილი ყოველთვის იმას ამტკიცებდა, რომ რუსეთი განუწყვეტელი პროვოკაციებით, საქართველოში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ნიადაგს ამზადებდა. მიკვირს, ასეთ სიტუაციაში, აგრესორმა ქვეყანამ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაპატრონება როგორ შეძლო. მაშინ, მაგისტრალური გაზსადენების გასხვისებას შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ძალისხმევით გადავურჩით," - ამბობს ჩიხრაძე. ბედუქიძის მიმართ წამოჭრილ ბრალდებებში, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ფიგურირებს. ახლების თქმით, ბენდუქიძისა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ კონტროლირებად, ირანში ბირთვული ობიექტების მშენებელ ჯგუფებს შორის, მჭიდრო კავშირი არსებობს. თავის მხირვ, ეს ჯგუფები პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძასთანაც კავშირში იმყოფებიან. ისინი მადნეულის საბადოს და საქართველოს სხვა სტრატეგიულ ობიექტებს ფლობენ. ახლების აზრით, ფაქტობრივად, რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ეს პირები, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე რეალურ ზეგავლენას ახდენენ. "საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ხელისუფლების გამჭოლ მზერას, რომელიც ყველგან და ყველაფერში შპიონაჟს ეძებს, ბენდუქიძე თავისი ქმედებებით, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, თვალში არ მოხვდა. ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ვალდებულება გააჩნია იმ ჯგუფისაგან, რომლის წევრი ბენდუქიძეა, ან პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ბიძისა და ბენდუქიძის ურთიერთობებს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს. უარეს შემთხვევაში, სააკაშვილიც ირიცხება იმ დაჯგუფებაში, რომელიც ბუნებრივია, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს." ახლები სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამენ ბენდუქიძის აგენტობასთან დაკავშირებით. ბენდუქიძის მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, მას სახელმწიფოს საიდუმლო მასალებზე ხელი მიუწვდებოდა და ახლების აზრით, არ არის გამორიცხული რომ გრუ-ს გენერალ შლიკოვის მეშვეობით ის საქართველოს საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვას აწვდიდა. ამასთან დაკავშირებით, ჩიხრაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს: "ვინ დადებს თავს, რომ აგვისტოში ბენდუქიძე, რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან და სპეცსამსახურებთან ახლო კავშირიდან გამომდინარე, მათ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაციას არ გადასცემდა?" ახლებისთვის გასაკვირია, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტმა კულტურის მინისტრი შეცვალა, ხოლო ყველა ძალოვანი მინისტრი და კახა ბენდუქიძე, რომელიც "წლების განმავლობაში ქართულ ეკონომიკას რუსულ კაპიტალზე ასხვისებდა", თანამდებობაზე დატოვა. ახლების მიერ წამოყენებულ ახალ ბრალდებებს ბენდუქიძე, როგორც ყოველთვის, არ პასუხობს. (იმდენჯერ ამხილეს, ალბათ, მიეჩვია!). ახლები გამოხმაურებას მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ელიან. "ბანკები და ფინანსები", კახა ბენდუქიძის პრესსამსახურის უფროსს, ეკა გაბადაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვიპასუხა, რომ "ეს უსაფუძვლო ბრალდებებია. ოპოზიცია ბენდუქიძის თემას მიტინგებისთვის და ხმამაღალი განცხადებებისთვის იყენებს ხოლმე. რამდენიმე დღის წინ, "კავკასიაზე" დავით აქუბარდიამ დეზინფორმაცია გაავრცელა. მაშინ სტუდიაში ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე ბრძანდებოდა. აქუბარდიამ თქვა, რომ ბენდუქიძე საქართველოდან გაიქცა. სინამდვილეში, ის ამ დროს კანცელარიაში პრემიერთან შეხვედრას მართავდა. მე დავუკავშირდი ამ ტელევიზიას და ვთხოვე თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. შემდგომში, ოპოზიცია ასეთ ტყუილებს თავისთვის სასიკეთოდ იყენებს. ვფიქრობ, რომ ხალხი უკეთ ხვდება, ვინ ვინ არის." მართლაც, რომ საინტერესოა ვინ ვინ არის მთავრობაში. ახლებისა არ იყოს, "დასკვნის გაკეთება უკვე საზოგადოებისთვის მიგვინდვია!"
მარიამ შონია
|