ნანახია: 866
მან რესტორნებს მოხუცთა თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების "შენახვა" დაავალა.
ეს, ფაქტიურად ხელისუფლების წინასაარჩევნო რეკეტია. რეკეტი და არა პიარი. თბილისის მერს არ აქვს უფლება მოუწოდოს ბიზნეს-რესტორნებს, გასწიონ თუნდაც ქველმოქმედება. ისინი ხომ ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან, საიდანაც მერიას შეუძლია გზა დააგოს და შეუძლია ბავშვთა სახლები და მოხუცთა თავშესაფრები შეინახოს ამ ნაბიჯით გიგი უგულავამ ბიზნეს-რესტორნების რეკეტის ლეგალიზება მოახდინა. ამ ნაბიჯზე ის იძულებით წავიდა, რადგან მოახლოებულ არჩევნებში ხმები სჭირდება, განსაკუთრებით, სრულიად შეჭირვებულთა ფენის, რომელიც ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ყველაფერი კი ასე იყო. თბილისის მერი გიგი უგულავა შობას, ალილოს მსვლელობისას ახალი ინიციატივით გამოვიდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა: "ალილო ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც პირდაპირ ქველმოქმედებას უკავშირდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ერთდღიანი აქცია არ იყოს, ამიტომ მე მინდა პირველ რიგში თბილისში მოქმედ ყველა ინდივიდუალურ თუ რესტორნების ქსელებს მოვუწოდო შევიკრიბოთ, დავგეგმოთ და ავიღოთ შეფობა. თბილისში დაახლოებით 10 ბავშვთა სახლია და რამდენიმე მოხუცთა თავშესაფარი. მე ვაპირებ რამდენიმე დღეში დიდი შეკრება გავაკეთო და ვთხოვო რესტორნებს, ჩაერთონ ბავშვთა სახლების და მოხუცებულთა თავშესაფრების დახმარების, გამოკვების და უზრუნველყოფის საკითხებში",- აღნიშნა მერმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გამოიძახებს მერიაში რესტორნების მეპატრონეებს. მოხუცებულთა თავშესაფრებსა და უპატრონო ბავშვთა სახლებში მცხოვრები გაჭირვებულების გარდა, ქუჩაში უამრავი მათხოვარი დადის. მათ რესტორნების კართან და მთელს ქალაქში ხშირად შეხვდებით. ლუკმა-პურის საშოვნელად, ავადმყოფი მშობლის დასახმარებლად თუ საკუთარი თავის გადასარჩენად, საეკლესიო კალენდრებს და ხატებს წვიმაში, ქარში, ყინვაში, დღე და ღამე- ქუჩაში გამოსული არაერთი ბავშვი ყიდის. მათთვის ახალი წელი და დღესასწაული მაშინ დგება, როცა ვინმე ღვთისნიერი დააპურებს და მოწყალებას მისცემს. ჩვენს ხელისუფლებას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და აქციებში მონაწილეობის მისაღებად ბიზნესმენებისთვის არაერთხელ მოუწოდებია. გაზეთი "ბანკები და ფინანსები" თბილისის მერის, გიგი უგულავას მოწოდებასთან დაკავშირებით თბილისში არსებულ რამდენიმე რესტორანს და რესტორანთა ქსელს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ რესტორნების უმეტესი ნაწილი საკუთარი ნებით, ყოველგვარი მოწოდების გარეშე, თბილისის გაჭირვებულ მოსახლეობას ისედაც ეხმარება. რესტორნებში იმასაც აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, არცთუ ისე კარგი მუშაობა აქვთ. რესტორნები გადასახადებს ძლივს აუდიან და დამატებით რაიმე სახის ღონისძიებაში ჩართვა მათთვის "პირიდან ლუკმის გამოცლის" ტოლფასი იქნება. თუმცა ისინი ქველმოქმედებაზე და მშიერთა დაპურებაზე შეძლებისდაგვარად უარს მაინც არ ამბობენ.
როდის გაახსენდა გიგი უგულავას უპატრონო და გაჭირვებული თბილისის მოქალაქეები? შობის ბრწყინვალე დღეს თუ წინასაარჩევნოდ? რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს პოლიტიკოსებს მოსახლეობა მაშინ ახსენდებათ, როცა ხალხი მათთვის საჭირო ხდება, როგორც ელექტორატი. წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებები, შეხვედრები, დახმარებები თუ სხვა, არჩევნების დამთავრების შემდეგ, ხშირად იმედგაცრუებულს ტოვებს მოსახლეობას. ამის მომსწრენი, ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს, მსხვილი, ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენები, რომლებიც "ნაციონალურ პარტიას" წარმოადგენდნენ, მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ყოველგვარ სიკეთეს პირდებოდნენ "წყალ წაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" და ხალხიც ფიქრობდა, რომ მდიდარი ბიზნესმენების არჩევითპარლამენტში დანაპირების ნაწილს მაინც მიიღებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს არაერთი რაიონის მაცხოვრებლებს საკუთარი რაიონის თუ ქალაქის დეპუტატი ტელეეკრანზეც კი აღარ უნახავს.
ადა ექიზაშვილი
|