DataLife Engine > უძრავი ქონება > პრივატიზაცია თორთლაძისეულად
პრივატიზაცია თორთლაძისეულად11 დეკემბერი 2009. : merabi |
|
საქართველოში პრივატიზაციის ახალი ტალღა იწყება. ნუსხაში ყოფილი სამთავრობო შენობები და სამედიცინო დაწესებულებებია შეტანილი, სულ გაიყიდება რამდენიმე ასეული მსხვილი ობიექტი.
სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტის შედეგებმა განაპირობა. 1400-ზე მეტი სახელმწიფო საწარმოდან, რომელთა საწესდებო კაპიტალი 2 მილიარდს აჭარბებს, დაახლოებით 320 მათგანია მომგებიანი. დაახლოებით 1100 საწარმო ან არ ფუნქციონირებს, ან წელიწადს ზარალით ასრულებს. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახალი საპრივატიზაციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას გეგმავს, რადგან მიმდინარე წლის საპრივატიზაციო პოლიტიკას ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე ნეგატიურად აფასებს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 76 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმებოდა, თუმცა მხოლოდ 10 მილიონის მობილიზება მოხდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების მოზიდვის დაბალი ტემპი, რაც ასევე გულისხმობს პრივატიზაციის პროცესს, ეკონომიკის ექს-მინისტრ ლაშა ჟვანიას მიაწერეს, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ სხვისი დაგეგმილი პროცესის შემსრულებელი იყო. ანტიკრიზისული საბჭოს ცნობით, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული `წამგებიანი~ საწარმოებიდან გამოიყოფა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი 100 ობიექტები და მათ პრივატიზებას აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. დანარჩენი ობიექტების პრივატიზებას კი ადგილობრივი თვითმმართველობები მოახდენენ. ადგილობრივი თვითმართველობისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციიდან მიღებული თანხების ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 65% ადგილობრივ ბიუჯეტში მიიმართება, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ მთავრობა რეგიონალური თვითმართველობას კორუფციაში ადანაშაულებდა და ბიუჯეტის გარღვევას აბრალებდა. ასევე ცნობილია, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპრივატიზაციო ბუმი 2010 წლის იანვარში დაიწყება და გამოტანილი იქნება 100-მდე ობიექტი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის მეორე ტალღა სექტემბერში უნდა დაეწყო და 33 მსხვილი ობიექტი გაეყიდა, თუმცა ეს პროცესი ეკონომიკის ექს-მინისტრის ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენების გამო გადაიდო. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება დაუშვებლად მიაჩნიათ ექსპერტთა უმეტესობას. რადგან, მათი აზრით, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფომ შეინახოს წამგებიანი საწარმოები, თუ ისინი მათთვის მნიშვნელოვანია. საქმე შეიძლება ეხებოდეს სოციალურ, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა წამგებიანობაზე საუბარი ძალიან პირობითია, რადგან აქ საქმე მათ აუცილებლობას ეხება. თუმცა რა აუცილებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც მსგავს დაწესებულებებს თითქმის ნახევარ ფასად ასხვისებენ. რადგან, როგორც ცნობილია, საპრივატიზაციოდ გამზადებული "რესპუბლიკური საავადმყოფო" 12 მილიონ დოლარად გაიყიდება. თუმცა, მისი აქტივი 20 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ასევე ცნობილია მისი სავარაუდო მყიდველი _ "ბლოკ-ჯორჯია", რომელიც "100 ახალი საავადმყოფოს პროექტში" მონაწილეობდა, თუმცა მათგან არცერთი არ აშენებულა. არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ მიზეზი იყოს მთავრობისთვის, რათა მათ ეს საწარმოები გაყიდონ. ჩვენი მთავრობა ხომ ყველაფერს ყიდის, კონტროლის პალატა კი ამ შემთხვევაში მათ ყველანაირად უწყობს ხელს. 2004 წელს ეკონომიკის იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ ბევრისთვის მიუღებელი ფრაზა გააჟღერა: "იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა". მაგრამ რატომ მიუღებელი? ბენდუქიძის ეს სლოგანი ხომ სწორედ მსგავს შემთხვევას შეესაბამება. თუმცა ექსპერტებმა ამ აზრს სხვანაირი და უფრო დამაჯერებელი ინტერპრეტაცია მისცეს: "ჩვენ პირველი სინდისი გავყიდეთ და შემდეგ სხვა დანარჩენი". ნინო თამაზაშვილი |