DataLife Engine > უძრავი ქონება > რატომ არ ენდობიან ბანკები დეველოპერებს

რატომ არ ენდობიან ბანკები დეველოპერებს


16 ოქტომბერი 2009. : merabi
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში, რომელშიც, საბოლოო ჯამში, 11-მა დეველოპერულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 11-ვე გამარჯვებულად დასახელდა. კომპანიებს უკვე შეუძლიათ ბანკებიდან დაფინანსების მიღება და მშენებლობების დაწყება. ყველაზე მსხვილი მომწოდებელი დეველოპერული კომპანია "არსია" 100 საცხოვრებელით, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობას – 14 საცხოვრებელ ფართს, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე "ეუბე ჯორჯია" წარმოადგენს. რაც შეეხება ფასებს, კვადრატული მეტრ მიწაზე ყველაზე დაბალი ფასი, 630 დოლარი, "ტექს ჯგუფს" აქვს, ყველაზე მაღალი კი "ვაკე პალასმა" წარმოადგინა, მის ერთ-ერთ პროექტში კვადრატული მეტრი მიწა 2658 დოლარი ღირს.
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში სესხის ყველაზე მსხვილი გამცემი "საქართველოს ბანკია," მეორე ადგილზეა "თი ბი სი ბანკი", ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებზე "ბანკი ქართუ" და "ბანკი რესპუბლიკა" გადანაწილდნენ.
აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი კი შესაძლოა სახელმწიფოს ნაცვლად კერძო ფონდებმა დააფინანსონ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მაგრამ ეს ყველაფერი მეორე ეტაპზე და თანაც იმ შემთხვევაში, თუკი პირველი წარმატებით დასრულდება. მის წარმატებით დასრულებაზე კი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დადებითი შეფასების გაკეთება ჯერ-ჯერობითYძნელი და თანაც ნაადრევია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომKკომერციული ბანკების ნაწილი ამ პროექტისთვის ვაივაგლახით გაცემული კრედიტების მიზნობრივ ხარჯვას მკაცრად გააკონტროლებს. "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ ამ პროექტში მერიის გარანტობამ ერთადერთი რისკი დატოვა, რომ დეველოპერებმა დაწყებული მშენებლობები დაასრულონ.Aამიტომ "საქართველოს ბანკი" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესზე მკაცრ კონტროლს დააწესებს. "საქართველოს ბანკი" ოთხი სამშენებლო კომპანიის – "არსის" "კალასის" "ბაგები სითი ჯგუფის" და "ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებარე პროექტებს დააფინანსებს, რაც საბოლოო ჯამში 18 მილიონ ლარს შეადგენს.
იგივეს აპირებს "თი ბი სი ბანკიც." Bბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცრიკიძე აცხადებს, რომ მათი მხრიდან დეველოპერების დასაფინანსებლად მიღებული გადაწყვეტილება უფრო მეტად სახელმწიფოსა და მერიისადმი ნდობის გამოხატულება იყო, ვიდრე თავად დეველოპერებისადმი. ბანკი ამ პროექტში სულ 10 მილიონი დოლარის კრედიტს გასცემს, რომელიც სამ პროექტს მოხმარდება. ბანკი "რესპუბლიკა" და "ბანკი ქართუ" კი თითო-თითო პროექტს დააფინანსებენ.
მერიის მიერ ინიცირებული "ძველი თბილისის რეაბილოიტაციის" პროექტმა ბანკებსა და დეველოპერებს შორის არსებული პრობლემები კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოაჩინა. ის, რომ ბანკები სამშენებლო სექტორის მიმართ დიდი ნდობით არ სარგებლობდნენ, ჯერ კიდევ კონკურსამდე იყო ცნობილი. როცა სამშენებლოები ბანკებისგან საგარანტიო წერილების მიღებას ცდილობდნენ. მაშინ არცერთი დეველოპერი არ უარყოფდა, რომ ბანკებთან მოლაპარაკება საკმაოდ რთულ რეჟიმში წარიმართა, ამის გამო ზოგიერთმა კომპანიამ მზა პაკეტი მეორე ეტაპისთვის გადადო, რადგანაც ბანკებისგან დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო. Dდაუდასტურებელი ინფორმაციით აღნიშნული პროექტი ჩაშლის პირასაც იდგა, რადგანაც ბანკები არცერთი დეველოპერის დაფინანსებას არ გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს პროექტის წარმომადგენლებმა და ყველა თუ არა, დეველოპერების მიერ წარდგენილი პროექტების ნაწილის დაფინანსებით დაადასტურეს. იგივე "საქართველოს ბანკში" დასაფინანსებლად 12 პროექტი შევიდა, თუმცა მათგან თანხმობის მიღება მხოლოდ 5-მა პროექტმა შეძლო, რომლის მშენებლობის მკაცრ კონტროლს ბანკში სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი არქიტექტორებისა და ინჟინრების ჯგუფი ორ კვირაში ერთხელ განახორციელებს.
სესხების მიზნობრივ ხარჯვას განახორციელებს "თი ბი სი ბანკიც." ბანკმა სამშენებლო კომპანიების "არსისა" და "ნიკეს" პროექტები ჯამურად 10 მილიონი დოლარით დააფინანსა. რაც შეეხება პროექტში მონაწილე კიდევ ერთ ბანკს, "ქართუ ბანკს", როგორც მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ბანკმა სესხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის მიზნით ინჟინრის შტატი სპეციალურად დაუშვა, რომელიც ფინანსებთან ერთად მშენებლობის ხარჯებს გააკონტროლებს."ბანკმა ქართუმ" რეაბილიტაციის ფარგლებში კომპანია "აქსისს" ორი მშენებარე კორპუსის დასამთავრებლად 1 მილიონ 400 ათასი დოლარის საგარანტიო წერილი მისცა. ხოლო რაც შეეხება სამშენებლო კომპანიებს, მათი ნაწილი თვლის, რომ ბანკის მიერ გამოყოფილი სესხების ხარჯვის გაკონტროლება სტანდარტული პროცედურაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბანკებს მშენებლობის კონტროლი ძალიან გაუჭირდებათ. რადგანაც ამ თანხების გაკონტროლება, "არსის" გენარალური დირექტორის თორნიკე აბულაძის განცხადებით, თავად დეველოპერებსაც უჭირთ, რაც სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
თუ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, საეჭვოა, რომ მეორე ეტაპი ბანკებისთვის მომგებიანი იყოს და მათ კიდევ უფრო დიდი პროექტების დაფინანსების სურვილი გაუჩინოს, როგორც ამას დეველოპერები აფიშირებენ, რადგანაც ისინი მიკროსკოპით აპირებენ მშენებლობის პროცესის გაკონტროლებას და თუ ამას ვერ მოახერხებენ და ვერ გაიგებენ მათ მიერ გამოყოფილი მილიონების ზუსტი გზა საითკენ იქნება მიმართული, მეორე ეტაპისთვის მერიის გარანტობაც აღარ იქნება დასაფინანსებლად საკმარისი. რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისის მერის იმ წინასწარ პროგნოზზე, რომ ამ პროექტში მეორე ეტაპისთვის კერძო ფონდების ჩართვაც მოხდება და რაც მთავარია, ამას ისინი საკუთარი ნებით განახორციელებენ.

თათია ჩაფიჩაძე