DataLife Engine > უძრავი ქონება > რატომ არ დააფინანსეს ბანკებმა "ცენტრ პოინტი ჯგუფი"

რატომ არ დააფინანსეს ბანკებმა "ცენტრ პოინტი ჯგუფი"


15 ოქტომბერი 2009. : merabi
რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა "ძველი თბილისის რეაბილიტაციის" პროექტში ერთ-ერთმა ისეთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანიამ, როგორიც "ცენტრ პოინტი ჯგუფია"? ამ კითხვაზე პასუხი ყველა მხარეს აქვს, ოღონდ ყველას სხვადასხვანაირი. კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი უარის მიღების შემდეგ მიცემულ პირველ კომენტარში განმარტავდა, რომ "ცენტრ პოინტმა" ბანკებისა და მერიისგან უარი მსხვილი პროექტების შეთავაზების გამო მიიღო, რადგანაც რეაბილიტაციის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სხვა დეველოპერებისგან განსხვავებით "ცენტრ პოინტს" მოსახლეობისთვის ახლად მშენებარე კორპუსებში შეეძლო ბინების შეთავაზება, აქედან გამომდინარე, პროგრამაში მონაწილეობა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა.
მოგვიანებით კი ჩუმმა დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო არა მარტო დაუფინანსებელ კომპანიებს შორის, არამედ ზოგადად დეველოპერებსა და ბანკებს შორის, სადაც ნათლად გამოიკვეთა მათ შორის არსებული მწვავე პრობლემები, რისი კიდევ ერთი მაგალითი იყო ისიც, რომ ბანკებმა დეველოპრებს სიმწრით მოპოვებულ კრედიტებზე მკაცრი კონტროლი დაუწესეს და ამისთვის სპეციალური ჯგუფებიც კი შექმნეს.
დღეს უკვე იგივე მაია რჩეულიშვილი პროექტში ვერ მონაწილეობის სხვა მიზეზებზე ალაპარაკდა და საინფორმაციო სააგენტო "კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ `ძველი თბილისის რეაბილიტაციის~ ფარგლებში ბანკებმა მხოლოდ იმ კომპანიებზე გასცეს კრედიტი, რომლებსაც საბანკო დავალიანება უკვე ჰქონდათ. მათ მზა პაკეტზე უარი კი დავალიანების არქონის გამო უთხრეს. მაშინ, როცა ბანკები და მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროექტში მერიის გარანტიებს ენდობიან და არა დეველოპერებისას, შესაბამისად, მათ კრედიტი დავალიანება - არდავალიანების მიხედვით არ გაუციათ. ბანკმა დააფინანსა ის პროექტები, რომლებიც ჩათვალა ეკონომიკურად უფრო მყარად და მერიამ და თავად დეველოპერებმაც მისცეს იმის გარანტი, რომ დაწყებული პროექტები დასრულდება.
დღეს უკვე "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლები ჩვენთან ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ კომპანია პროექტში მეორე ეტაპისთვის აუცილებლად ჩაერთვება და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ თუკი ბანკებმა 11 დეველოპერი მხოლოდ იმ პირობების მიხედვით შეარჩია, რაც მაია რჩეულიშვილმა დაასახელა, ამ ლოგიკით "ცენტრ პოინტი" ვერც მეორე და ვერც მომდევნო ეტაპში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ გაგრძელდება ეს პროექტი.
თათია ჩაფიჩაძე