DataLife Engine > უძრავი ქონება > "ჰაერი" აღარ იყიდება
"ჰაერი" აღარ იყიდება28 მაი 2009. : merabi |
|
"რაც გასაკოტრებელია, უნდა გაკოტრდეს" - ლადო პაპავა "ცენტრ-პოინტის" კრიზისი პირამიდის ჩამონგრევას წააგავს კომპანიას რთული ვითარებიდან გამოსავალი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ხელისუფლებასთან მოგვარებული აქვთ რუსუდან კერვალიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და მაია რჩეულიშვილს, მდგომარეობა მათ ბიზნესში დამაფიქრებელია. არადა არც მსოფლიო საფინანსო კრიზისს ეკუთვნის ამაში ლომის წილი და არც საპროტესტო აქციებს. უბრალოდ ხალხი თანხებს უფრო აზრიანად ხარჯავს და "ჰაერს" აღარ ყიდულობს. საინტერესოა, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების პოლიტიკური განცხადებებიც, რომლებითაც ისინი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. აი, ეს სიტყვებიც: "ბიზნესმა პოლიტიკური პარტიები არ უნდა დააფინანსოს”. რატომ, თუ კი ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელთა სიაში "ცენტრ-პოინტი" ერთ-ერთი პირველია და ეს მონაცემები, რომელმა კომპანიამ რამდენი ჩარიცხა მმართველი პარტიის ფონდში, ჩვენს გაზეთში უკვე დაიბეჭდა. პირველია და ეს მხოლოდ ოფიციალურად... არანაკლებ საინტერესოამეორე განცხადებაც: "ოპოზიციაც და ეს რევოლუციებიც (იგულისხმება საპროტესტო აქციები - ავტ.) უეჭველად დამარცხდება, რადგან მის უკან რუსეთი დგას". ამას თავის დროზე, შევარდნაძის მომხრეთა შორის პრორუსულ პოლიტიკოსად მიჩნეული ბ-ნ რჩეულიშვილი აცხადებს. თუმცა კომპანიის მგდომარეობის გაცნობა ყველაფერს ნათელს ხდის. "ცენტრ-პოინტი" დარჩენილ ფართებს რკინა ბეტონზე ცვლის, ხოლო მომხმარებლისგან შემოსულ თანხებს მუშახელის ანაზღაურებისათვის იყენებს. ამის გაკეთება და ამიტ კრიზისის გადალახვა დიდხანს შეუძლებელია. სამშენებლო ბიზნესი საკმაოზე მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ხსნა და იმედი ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა, ჯერ კიდევ არ დაჰკარგვიათ ისეთი დიდი დეველოპერების ხელმძღვანელებს, როგორიცაა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი. ის არც თუ ისე შორეულ წარსულში აცხადებდა, რომ სამშენებლო ბიზნესის გადარჩენა ჯერ-ჯერობით დაგვიანებული არ არის და სახელმწიფოს მხრიდან საუკეთესო დახმარება ბანკების ხელშეწყობა იქნება. მისი თქმით, კრიზისის დაძლევა ერთობლივი ძალით უნდა მოხერხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა დაინგრევა. იგივე მაია რჩეულიშვილი სამშენებლო კომპანიებს, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, სინგაპურის მაგალითის გათვალისწინებას და ბარტერულ გაცვლაზე გადასვლას ურჩევდა. "ცენტრ პოინტი" დარჩენილ ფართებს რკინა-ბეტონზე ცვლის, ხოლო მომხმარებლისგან შემოსულ თანხებს მუშახელის ანაზღაურებისთვის იყენებს. სინგაპურის გამოცდილების თანახმად, იქაურ ბაზარზე არსებული კომპანიების 20% სწორედ ბარტერულ გაცვლას ახორციელებს და მათი ბიზნესი წარმატებულია," - აცხადებს მაია რჩეულიშვილი. "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან არც სამშენებლო და არც ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. უფრო მეტიც, "ბაგები სითი ჯგუფის" წარმომადგენელი ჯუმბერ ხატიაშვილი სამშენებლო ბიზნესში ამ მეთოდის მიღების შემთხვევაში, ეკონომიკის დაღუპვაზე საუბრობს. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანიაში, 2006 წლის შემდეგ, გაყიდული ბინებიდან თანხის ამოღების მაჩვენებელმა 92-დან 25%-მდე დაიწია, რაც სრული ეკონომიკური კატასტროფის მაჩვენებელია. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი გადახდის უუნაროა, ნაწილს კი ფულის დახარჯვის ეშინია. არსებულ სიტუაციაში ბანკების და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აუცილებელია, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის დახმარებასაც გამოიწვევს. ექსპერტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესს კრიზისის დაძლევაში სულაც არ უნდა დაეხმაროს, რადგანაც მათი დღევანდელი მდგომარეობა გამოწვეულია არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისით, არამედ ისინი არასწორი მენეჯმენტის შედეგებს იმკიან. ისინი თავის დროზე ჰყიდდნენ ჰაერს, ამიტომ რაც გასაკოტრებელია, უნდა გაკოტრდეს. "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დღევანდელი მდგომარეობისა და სამომავლო პროექტების შესახებ "ბანკები და ფინანსები" კომპანიის საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს თინათინ რუხაძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიაში 20 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2009 წლის განმავლობაში დასრულდება 9 მშენებლობა, ხოლო ყველა დანარჩენი ობიექტი, შენატანების შესაბამის ჩვეულ სამშენებლო პროცესშია. "ყოველი ახალი პროექტის იდეა ძირითადად ქალბატონ მაია რჩეულიშვილს ეკუთვნის. ტარდება ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა მოთხოვნის ინტენსივობის შესაბამისად იწყება ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. ხოლო პროექტების დაფინანსება ხდება რეინვესტიციების, ასევე ჯგუფში არსებული საინვესტიციო ფონდის და მომხმარებლის შენატანების გზით", - აცხადებს თინათინ რუხაძე. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღე კეთდება როგორც სხვების, ასევე მათი წარმომადგენლების მხრიდან კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარება მათ დაწყებული პროექტების დასრულებაში, თბილისი შესაძლოა დაუსრულებელ ქალაქად გამოცხადდეს. "ცენტრ პოინტი ჯგუფი" დაარსების დღიდან მენაშენეთა ასოციაციის წევრია. შესაბამისად, ისინი ასოციაციის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ყოველთვის იღებენ. ამ ეტაპზე მზადდება რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ასოციაციის მიერ იქნება წარმოდგენილი და რომლის შემუშავებაშიც "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. იდეა, რომლის თანახმადაც "ცენტრ პოინტი" ძველი ბინების შესყიდვასა და შემდგომ ერთი კვადრატული მეტრის 350 დოლარად გაყიდვას აპირებდა, დღესდღეობით შეჩერებულია. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ყველა იმ ყოფილი საწარმოს რეკონსტრუქცია, რომლებმაც მომხმარებლის ინტერესი გამოიწვია. შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, პროექტის მასშტაბები დროებით შემცირებულია. ამ ეტაპზე კომპანიამ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სასინჯად დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომსა და მოსკოვის პროსპექტზე. კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამჟამად სახელმწიფოს "ცენტრ პოინტის", როგორც ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი შემავსებლის მიმართ, პასუხი ასეთია, – "კერძო ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი ურთიერთობები სახელმწიფო სექტორსა და ბიზნესწრეებს შორის აუცილებელია. ჩვენი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდით პირნათლად შეგვესრულებინა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და გახსნილი ვყოფილიყავით ურთიერთობებისთვის. ვფიქრობთ, მსგავსი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას." საკითხის გარშემო ასეთი მოსაზრება აქვს ექსპერტ იაკობ მესხიას, - "ცენტრ პოინტი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მათ მშენებლობის მოცულობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავთ და თუ არ ვცდები, წელიწადში ეს მილიონ, მილიონ ნახევარი ფართობის აშენებას გულისხმობს. თუმცა, ეს იყო ადრინდელი მონაცემებით. მე არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო მათ საქმიანობაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ დაწყებული პროექტების დასრულების დროა და აბსურდულია რაიმე სახის წარმატებაზე საუბარიც კი. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს - სამშენებლო სექტორი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გადასახადებისგან. აქ არ უნდა იყოს დაწინაურებული და გამორჩეული კომპანიები იმის მიხედვით, თუ ვის რამდენი შეაქვს ბიუჯეტში, რა ტენდენციაც ჩვენთან, სამწუხაროდ, შეიმჩნევა." თათია ჩაფიჩაძე |