DataLife Engine > უძრავი ქონება > სამშენებლო კომპანიებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ
სამშენებლო კომპანიებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ15 აპრილი 2009. : merabi |
|
უმსხვილესი ქართული დეველოპერები კრიზისის დასაძლევად უცხოური ინვესტიციების მოზიდვას იწყებენ. საკრედიტო რესურსების გამოყოფაზე საერთაშორისო ინსტიტუტებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. წლის განმავლობაში მენაშენეთა ასოციაციის წევრები, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი ობიექტის დასრულებას, ასევე ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.
კავშირი "საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია" 2004 წელს შეიქმნა და საქართველოში არსებულ ყველა წამყვან მენაშენეს აერთიანებს. ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან: "არსი," "აქსისი," "ბაგები სითი ჯგუფი," "მაგი სტილი," "იბერია," "ცენტრ პოინტი ჯგუფი," და "ჯიარდისი", რომელთაც უძრავი ქონების ბაზრის 55%-იანი წილი უკავიათ. ასოციაციაში ასოცირებული წევრობის სტატუსით ასევე გაერთიანებულია 10-ზე მეტი კომპანია. იგეგმება კიდევ რამდენიმე დეველოპერული კომპანიის გაწევრიანება, მათ შორის ორი უცხოურის. გვესაუბრება "საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის" პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი. - ბატონო ირაკლი, ვინ არიან ეს კომპანიები და როგორ მოახერხეთ მათთან დაკავშირება? - ამ კომპანიების ვინაობაზე საუბარი და მათი ჩამოთვლა ჩემი მხრიდან ნამდვილად არასწორი იქნება. გეტყვით იმას, რომ მათთან დაკავშირება ერთჯერადად არ მომხდარა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წელია ქართველი დეველოპერები სისტემატიურად იღებდნენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებზე და სწორედ ამ პერიოდში მოხერხდა მათთან საერთო ენის გამონახვა, ანუ უკვე დიდი ხანია მათთან გვაქვს კონტაქტი. გამოფენების ძირითადი მიზანიც ხომ ეს არის. - რომელი პროექტების დასრულებაზეა საუბარი და რა ახალი პროექტების დაწყებას გეგმავთ მათი მხარდაჭერით? - მე მგონია, რომ ამის თქმაც ამ ეტაპზე მოვლენებს წინ გაუსწრებს და გამოვა რაღაც ზერელე საუბარი. ჩვენ "მენაშენეთა ასოციაცია" რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა და თანხების მოზიდვაა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველი დეველოპმენტების გამჭვირვალობა. უცხოელს ახსნის გარეშე რომ ვთხოვოთ თანხა, რა თქმა უნდა, არავინ მოგვცემს. აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ რაში უნდა ჩადო შენ ეს ფული, რა პროექტის განხორციელებას გეგმავ, რა ოპტიმისტური და პესიმისტური მხარეები შეიძლება ჰქონდეს მას. რაც უფრო სწორი იქნება ეს გამჭვირვალეობა - რა, როგორ, რანაირად მოხდება, რამდენად რეალური იქნება, რა მოგებით და ა.შ., მით მეტი შანსია მათი მოზიდვის. ანუ ეს ძირითადი ელემენტებია. ჩვენი მუშაობა მიდის იქით, რომ მომზადდეს და მზადდება კიდეც, უკვე დასრულების სტადიაშიც კია, პროექტები, რომლებიც მათთვის იქნება მისაღები. - რომელ პროექტებზეა საუბარი, რა გაქვთ მხედველობაში? - ჯერ ვერ გეტყვით.ამ თემაზე "მენაშენეთა ასოციაცია" ჟურნალისტებისთვის პრეზენტაციას მოაწყობს და იქ გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ჯერ ძნელია რაიმეზე მსჯელობა იმ ვითარებაში, როცა დასრულებული არაფერია. მისი დასრულება კი დამოკიდებულია ბევრ მომენტზე, მათ შორის ბევრ ისეთზეც, რომელიც ჩვენც კი არ გვეხება. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ჩვენ ვაპირებთ თბილისის ავარიული ფონდის რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით უამრავი მოქალაქე ცხოვრობს ასეთ პირობებში. ეს არის გაუსაძლისი გარემო და ამ ეტაპზე სახელმწიფოს ამის შეცვლის საშუალება არ აქვს. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ უძრავი ქონების ფასები საკმაოდ შემცირებულია, ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია და ვაპირებთ კიდეც, რომ ჩვენ ვიკისროთ ეს მოვალეობა. Mმიმდინარეობს "მენაშენეთა ასოციაციის" მუშაობა მერიის სამსახურებთან. ეს უკვე პროექტია, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას და გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურია მის განხორციელება. დღეს თუ შევიძენთ ჩვენ ამ ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის ბინებს, რომელიც რეალურად 30-40%-ით იაფია ნორმალურ ბინებთან შედარებით, თან ამ კრიზისის ფონზე, რომელიც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით წლის ბოლომდე გაგრძელდება და პესიმისტურით კიდევ 2-3 წელი იარსებებს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება მოხდება. როცა ის დაიწყებს აყვავებას, ჩვენ უკვე გვექნება პროექტი საინვესტიციო და უცხოური ინვესტორებისთვისაც. - საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სამშენებლო ბიზნესში, ამას დაერთო საპროტესტო აქციებიც, ამ ფონზე როგორ შეფასებას გააკეთებდით, როგორც ასოციაციის პრეზიდენტი? - რომელ დარგშია კარგი მდგომარეობა? რატომ გამოყოფთ ხოლმე სამშენებლო ბიზნესს, ჩემთვის გაუგებარია. აქაც ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც მთელს საქართველოში. არის პრობლემები, საერთაშორისო მსოფლიო კრიზისია, არასტაბილური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში და თითქმის შეუძლებელიც კია ეს არ აისახოს ნებისმიერ მოქმედ სფეროზე. თუ არ დავიყვანთ ქვეყნის ეკონომიკას ბურღულეულის და მაკარონის დონეზე. - რა ურთიერთობა გაქვთ ბანკებთან? - ბანკებთან პირად მე და "მენაშენეთა ასოციაციის" წევრებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა აქ არის რეალური პრობლემა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იყო სერიოზული ხარვეზები როგორც ჩვენი, ასევე მათი მხრიდანაც. ჩვენ ვართ ერთი მთლიანი ჯაჭვი და ყველანი ამ ჯაჭვის შემადგენელი რგოლები, ამიტომ უნდა ვეცადოთ ერთმანეთის გატანას. ქართველებს მუდამ იმის განცდა გვაქვს, რომ ჩამოვა ვინმე უცხოელი და ის დაგვეხმარება. რეალურად უნდა გავითვიცნობიეროთ, რომ ჩვენ ჩვენი თავის გარდა ვერავინ დაგვეხმარება. იმათთან კიდევ უარესი მდგომარეობაა და იმიტომ. რაც მთავარია, ამ ეტაპზეBბანკები კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე თანახმანი არიან. - აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბანკებმა საერთოდ შეწყვიტეს იპოთეკური სესხების გაცემა, სამშენებლო კომპანიებმა დაიწყეს შიდა განვადებები, რა მდგომარეობაა ახლა? - მართალია ბანკები რაღაც პერიოდი აღარ თანამშრომლობდნენ ჩვენთან. თუმცა არავის დაუთვლია, როდის უფრო მეტი ზარალი იყო, აგვისტოში თუ ახლა. როცა დაიწყო სმხედრო დაპირისპირება რაღაც პროცენტი მაინც მოდიოდა და ეს იყო იმით გამოწვეული, რომ მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ ჩვენთან თანამშრომლობა, 11,12,13 აგვისტოსაც გვყავდა კლიენტურა. მაგრამ ეს იყო ინერციით წამოსული. ჩვენი ბიზნესის პარალელურად შესუსტდა ყველა სხვა დანარჩენიც, მაგ. პიროვნება როცა ყიდულობდა სახლს, მას შეჰქონდა იქ ამ ბინის ღირებულების 25-30%-ის ოდენობის ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. როცა შეწყდა ბინებზე მოთხოვნა, ბუნებრივია, შეწყდა ყველა დანარჩენზეც. დეველოპერულ ბიზნესს და ბანკებს პირდაპირი პორთფელით, ჩვენი ინფორმაციით, 20% უჭირავთ. საშუალო მონაცემებით ასე გამოდის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბანკებს მარტო 20%-იანი შემოსავალი აქვთ. ამას მიყვება ის ყველაფერი, რაზეც მე ზემოთ მქონდა საუბარი და რაც, საბოლოო ჯამში, 60-70%-ს შეადგენს. იმედია, ეს მოლაპარაკებები მალე დასრულდება, თუმცა უცხოური კომპანიებიც დაბნეულები არიან, ერთი ნამდვილად გაწევრიანებულია, მეორე ჯერ ზუსტად არ ვიცით. ვფიქრობ, მაისში უკვე რაღაც მიმართულება გამოიკვეთება. მანამდე მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ გავხდეთ მაქსიმალურად გამჭვირვალეები. არ უნდა ჩავიციკლოთ ერთზე, უნდა მოვნახოთ გამოსავლის რამდენიმე ალტერნატიული გზა და მსჯელობის საფუძველზე ამოვარჩიოთ საუკეთესო. კრიზისის დროს ხალხი უფრო დარაზმულია მუშაობისთვის და იმედია, წარმატებაც იქნება. აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ საქართველოს სავაჭრო პალატასთანაც და უფრო დავხვეწეთ ჩვენი თანამშრომლობა ბანკების ასოციაციასთანაც. ბანკი განკარგავს მოქალაქის ქონებას, მან არ შეიძლება შეუსწავლელად დაგაფინანსოს და გვერდში ამოგიდგეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალეობა, ბიზნესის რეგულირება, ოღონდ აქაც ზღვარი უნდა იქნეს მოძებნილი და სხვადასხვა ხერხებისგან ნაპოვნი საუკეთესო გამოსავალით ვიხელმძღვანელოთ. ესაუბრა თათია ჩაფიჩაძე |