DataLife Engine > უძრავი ქონება > ვინ ძირავს სამშენებლო კომპანიებს

ვინ ძირავს სამშენებლო კომპანიებს


9 აპრილი 2009. : merabi
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. უფრო მეტიც, ზოგი ეკონომისტი კრიზისის პიკს სამომავლოდ პროგნოზირებს. შესაბამისად, მდგომარეობა საქართველოშიც უფრო და უფრო იძაბება, რაც ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსა თუ დარგს დაეტყო. ამჯერად საქართველოში ორი ყველაზე განვითარებული სექტორის ბანკებისა და სამშენებლო კომპანიების დაპირისპირებაზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას. კერძოდ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები საბანკო სექტორისადმი. მაგალითად, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის თქმით, კომერციული ბანკები დეველოპერის ფუნქციებს ითავსებენ, რაც სამშენებლოსთან ერთად სხვა ბიზნესების კიდევ უფრო ჩავარდნას გამოიწვევს.
"ყველა ბანკი დეველოპერი გახდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მათ დააგროვეს ქონება, რომელსაც ვეღარ ყიდიან და ამის გამო გარკვეული პრობლემებიც ექმნებათ", -აცხადებს რჩეულიშვილი.
"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ბანკებს მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხის გაკოტრებაში დიდი წვლილი არა ფინანსურ კრიზისს, არამედ სწორედ ბანკებს მიუძღვით. "საქართველოში ფინანსური კრიზისი არ ყოფილა და არც არის. მოსახლეობა ბანკების მხრიდან არასწორმა დამოკიდებულებამ გააკოტრა. როცა ადამიანს 20 და 30%-იან სესხს სთავაზობ, აპრიორი იცი, რომ მას აკოტრებ", - აცხადებს რჩეულიშვილი.
რჩეულიშვილის ბრალდებებს ამჯერად საბანკო სექტორი პასუხობს. "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ბანკების მიზეზით სამშენებლო ბიზნესში მდგომარეობის გართულებას კატეგორიულად გამორიცხავს და პირიქით, დეველოპერებს ბანკების ფუნქციების შეთავსებაში ადანაშაულებს.
გვასალიას განცხადებით, სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა არასწორმა მენეჯმენტმა განაპირობა. ,,მათ მოსახლეობისგან ფულის მოზიდვა და არარეალურ ფასებში ჰაერის გაყიდვა დაიწყეს, რამაც ეს სექტორი კრახამდე მიიყვანა", -მიიჩნევს გვასალია და დასძენს, რომ სამშენებლო ბიზნესში ეს პროცესები აგვისტოს ომს რომ არ დაეჩქარებინა, ადრე თუ გვიან, მაინც დაიწყებოდა.
,,კომპანიებმა ბინების ფასი სამშენებლო მასალის გაიაფების შედეგადაც კი არ შეამცირეს, რადგან ხელოვნურად გაზრდილი ფასებით უნდოდათ არარეალური მოგება ენახათ", - აღნიშნავს გვასალია. მისი აზრით, საბანკო სექტორი დაკრედიტებას იქ მიმართავს, სადაც მისი ფული თავს კომფორტულად იგრძნობს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის წარმოშობილ კონფლიქტზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი მრავალია, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. Bბიზნესი, რომელიც წარმატებით ვითარდებოდა ბოლო 3-4 წლის მანძილზე და იყო ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აგვისტოს ომი და რუსეთის აგრესიაა. ამას თან დაერთო მსოფლიო საფინანსო კრიზისი და ბანკების ლიკვიდურობის პრობლემები, რასაც თან მოჰყვა ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი შემცირება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემები თვით სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესს გააჩნდა, ვინაიდან მასზე პრაქტიკულად არანაირი ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა და ამის სიმპტომები უკვე იგრძნობოდა.
მაგალითისთვის, როდესაც საქმე ეხება კერძო ბინათმშენებლობას და საქმეში ჩართულია მოსახლეობის ფული, რომელიც წინასწარი ან ნაწილობრივი გადახდის სახით ირიცხება მშენებლის ანგარიშზე, ჩემი აზრით, უნდა ხდებოდეს ამგვარი საფინანსო საქმიანობის გარკვეული რეგულირებაც, რათა დეველოპერის და სამშენებლო კომპანიის მიერ თანხები იხარჯებოდეს კონკრეტული მოქალაქის ბინის მშენებლობაზე, კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე და არა სხვა პროექტების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ბანკების როლს, ისინი გასცემენ სესხებს, როგორც დეველოპერებზე, ასევე მოქალაქეებზე, მსესხებლის ქონების უზრუნველყოფით და, რა თქმა უნდა, ბანკი ვალდებულია კარგად გაერკვეს პროექტის რისკებში და არ დააფინანსოს მაღალი რისკის შემცველი პროექტები, თუმცა, ეს ბანკების გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის დაბრუნება საფრთხის წინაშეა, ბანკი იძულებულია დაიბრუნოს გასესხებული თანხა ან გირაოში არსებული ქონება.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სათანადო რეგულირების ან კონტროლის არარსებობის გამო, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, პირველ რიგში ზარალდება მოქალაქე. აგრეთვე პრობლემები ექმნებათ დეველოპერულ და საამშენებლო კომპანიებს და, რა თქმა უნდა ბანკებსაც. ამიტომაც ბანკების ცალსახა დადანაშაულება არ არის მართებული. პასუხისმგებლობა დეველოპერულ კომპანიებსაც ეკისრება."
კრიზისიდან გამოსვლისა და კლიენტების უფლებების დაცვის მიზნით "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი ტრანსნაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობას აპირებს.
"როცა კლიენტს, რომელიც ჯერ არ არის გარკვეული, რას ნიშნავს 20%-იანი ვალი, სთავაზობ საკრედიტო ბარათს ფუფუნების საგნის შესაძენად, ცხადია, მის მოკეთედ ვერ ჩაითვლები. გახსოვთ, ალბათ, როგორ დარბოდნენ სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები და არიგებდნენ უამრავ საკრედიტო ბარათს ფუფუნების საგნების შესაძენად. თან მათ ბინა აქვთ ჩაგირავებული. ვინ ატყუებს ახლა ამ ხალხს, მე თუ კომერციული ბანკები?" - აღნიშნავს რჩეულიშვილი. მისი თქმით, "ჰაერის გაყიდვის" პრეტენზია "ცენტრ პოინტს" არ ეხება, რადგან კომპანია კლიენტებს თავიდანვე უსახელებს იმ ფასს, რომელიც კვადრატულ მეტრში უნდა გადაიხადონ.
"იგივე ბინაში ბანკიდან გამოტანილი სესხის წყალობით ორჯერ და სამჯერ მეტი ფული უნდა იხადონ. ბანკირი რომ ხარ, ხალხის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინო. მოწინავე სახელმწიფოებში საპროცენტო განაკვეთები მიზერულია", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი. მისი თქმით, "ცენტრ პოინტი" კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ გზად ტრანსნაციონალურ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას განიხილავს.
"ვერ წარმომიდგენია, ქართველი ხალხის ნამუშევარი ფული მიწაში ჩავიტანო ან ვინმეს ოჯახი გავაუბედურო", - აცხადებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი.
ვინ არის მართალი ამ კონფლიქტში, ეს მკითხველმა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთი კი ფაქტია: საქართველოში და განსაკუთრებით მის დედაქალაქში, დაუსრულებელი მშენებლობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და სულ მალე ქვეყანაში გაჩნდება ადამიანთა მრავალათასიანი ჯგუფი, რომელიც სამშენებლო კომპანიებს, დაუმთავრებელი მშენებლობების გამო, სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებს.

გოგა აბრამიშვილი