DataLife Engine > უძრავი ქონება > "სამრეწველო სექტორის მდგრადობა ერთობ მყიფეა"

"სამრეწველო სექტორის მდგრადობა ერთობ მყიფეა"


26 დეკემბერი 2008. : vale
"საქართველოს სამრეწველო სექტორის მდგრადობა კრიზისის გარეშეც ერთობ მყიფეა"

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი უტევს. წამყვანი, განვითარებული ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის გამო მძიმე მდგომარეობაშინ არიან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოშიც ჰპოვებს გამოძახილს, თუმცა კომპანიები ამაზე ლაპარაკს თავს არიდებენ. ცნობილია, რომ რუსთავის აზოტმა უკვე დაიწყო თანამშრომლების შემცირება. რა მდგომარეობაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და კონკრეტულად მძიმე მრეწველობაში, როგორ და როდის მოგვარდება ამ სფეროში წარმოშობილი პრობლემები, ამ საკითხებზე ,,ბანკები და ფინანსები" პროფესორ თამაზ აგლაძეს ესაუბრა.

- მსოფლიო ღრმა ფინანსურ კრიზისშია, რამდენად საშიშია მისი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში გადასვლა?

- დღეს ფინანსური კრიზისი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა,Mმაგრამ სხვადასხვა რეგიონებში მისი მასშტაბი არ არის ერთგვაროვანი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, რომელიც მომავალ წელს გადავა რეცესიაში. 2009 წელს მოსალოდნელია გლობალური ზრდა 3%-ის ფარგლებში, რაც 0, 5%-ით ნაკლებია 2008 წლის და 2%-ით 2007 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამავე დროს მსხვილი განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი ინარჩუნებენ ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს (6, 9% და 9, 4% შესაბამისად). ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდის ტემპების ძლიერი ვარდნა და ხანგრძლივი რეცესია.
კრიზისმა ყველაზე უფრო დააზარალა მრავალტონაჟიანი, ბუნებრივ რესურსზე ორიენტირებული, ე.წ. კომოდიტის ტიპის პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები. ნავთობქიმიის სექტორში ვარდნა დეკემბერში საშუალოდ 25-30%-ს შეადგენს, ანალოგიური სიტუაციაა მეტალურგიის და სამშენებლო მასალების სექტორებში. ამ დარგის საწარმოები ორმაგ წნეხს განიცდიან. უკიდურესად შეზღუდულია საკრედიტო რესურსი და მკვეთრად შემცირებულია მოთხოვნა პროდუქციაზე. საბაზრო ფასების ვარდნის პირობებში მსხვილი კორპორაციები ცდილობენ შეამცირონ ნედლეულის შესყიდვა და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი რეზერვები, რაც საფრთხეს უქმნის ნედლეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ სექტორებს. აშშ-ში ავტომანქანების წარმოების და მშენებლობის მოცულობის შემცირებას ვარდნის ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, რომელმაც მეტალურგიის, ქიმიის, სამთო მრეწველობის, ელექტრონული აპარატურის და სხვა წარმოებები მოიცვა.
შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ცოდნაზე დამყარებულ ინოვაციურ პროდუქციას, უპირველეს ყოვლისა, ბიოსამედიცინო სფეროში, ხოლო ალტერნატიული ენერგიის წყაროების დამუშავებისა და წარმოების სექტორში ზრდასაც კი აქვს ადგილი, გრძელვადიანი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის შედეგად.
ინდუსტრიის ლიდერები სიფრთხილეს იჩენენ კრიზისის ხანგრძლივობის შეფასებაში. უფრო ხშირად გამოითქმება ვარაუდი, რომ კრიზისი მოიცავს მთლიანად მომავალ წელს, ხოლო ნელი აღმავლობა მოსალოდნელია 2010 წლიდან. ბოლომდე არ არის ნათელი რამდენად ეფექტური აღმოჩნდება აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მიერ გატარებული მრავალმილიარდიანი ანტიკრიზისული ღონისძიებები.

- როგორი გავლენა მოახდინა სამრეწველო პროდუქციის გაიაფებამ საქართველოს საწარმოებზე; პრობლემების არსებობა უკვე აღიარეს კომპანიებმა "მადნეულმა" და "რუსთავის აზოტმა". თუმცა ჟურნალისტებთნ არავინ საუბრობს თანამშრომლების ბედზე?

- არსებობს აზრი, რომ საქართველო სუსტად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და ამიტომ გლობალური კრიზისი ნაკლებ გავლენას ახდენს მის ეკონომიკურ მდგრადობაზე. ეს მოსაზრება არ არის მართებული. საქართველოს სამრეწველო სექტორის მდგრადობა კრიზისის გარეშეც ერთობ მყიფეა. ამის ძირითადი მიზეზია მისი არასრულყოფილი სტრუქტურა. წარმოებული პროდუქციის 75%-ზე მეტი საექსპორტოა და მოდის მსხვილ, რესურსზე ორიენტირებულ საწარმოებზე. მხოლოდ საშუალო და მცირე საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის (დაახლოებით 13% და 12%-ს შესაბამისად) ნაწილი შიდა ბაზარზე მოიხმარება. მსოფლიო ბაზარზე კომოდიტის ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნილების ვარდნა უარყოფითად აისახა საქართველოს მრეწველობის მდგრადობაზე.
კრიზისის პირობებში მოსალოდნელია სავაჭრო ბალანსის კიდევ უფრო გაუარესება, რაც უცხოეთიდან გადარიცხვების შემცირების ფონზე მყარი ვალუტის შემოდინების ჯანმრთელი წყაროების დაშრეტას მოასწავებს. საექსპორტო სექტორში დაბალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის სიჭარბე და პროდუქციის ნომენკლატურის სიმწირე ნაკლებად კონკურენტიანს ქმნის საქართველოს საექსპორტო პროდუქციას. ამავე დროს ორი ათწლეულის უკან არსებობდა საკმაოდ ძლიერი საექსპორტო სექტორი. დღეს ეს საწარმოები ან განადგურებულია ან უმოქმედოა. ჭიათურის მადნის გადამუშავებით მიიღებოდა არა მხოლოდ ფეროშენადნობი, არამედ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე მანგანუმის ქიმიური პროდუქცია: ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდი, ლითონური მანგანუმი, მანგანუმის შემცველი დენის ქიმიური წყაროები, კალიუმის პერმანგანატი, მანგანუმის ოქსიდი და მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი - რომელიც ბაზრის სხვადასხვა სეგმენტს მიეწოდებოდა. მაღალი დამატებითი ღირებულების მრავალფეროვანი პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად ზრდიდა მანგანუმის ქვედარგის მდგრადობას. ამ წარმოებით შექმნილი წლიური დამატებითი ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და უზრუნველყოფს დაახლოებით 1000 კვალიფიციური მუშის დასაქმებას. არასწორმა საწარმოო .და საპრივატიზაციო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა დარგის მდგრადობას და შეზღუდა მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლოი ბაზარზე. მონოპროდუქციის წარმოების პირობებში ჭიათურაში და ზესტაფონში ადგილი აქვს წარმოების მოცულობის მნიშვნელოვან ვარდნას. ანალოგიური ტენდენციაა სხვა დარგებშიც. კრიზისის პირობებში ფერმერები ცდილობენ შეიძინონ კომპლექსური სასუქები, რომლებიც მოიცავს სამივე სასიცოცხლო ელემენტს (აზოტს, ფოსფორს და კალიუმს), აგრეთვე მიკროელემენტების დანამატებს (იგივე მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატს). ამასთან, კომპლექსური სასუქის გამოყენება არა მარტო მდგრადი მოსავლის გარანტიაა, არამედ უფრო ეკონომიურიცაა (ეკონომია შეადგენს დაახლოებით 100-130 ლარს 1 ჰექტარზე). ამ პირობებში "რუსთავის აზოტის" რიტმული მუშაობა მარტო ამონიუმის გვარჯილის წარმოების ბაზაზე ნაკლებად სავარაუდოა.

- ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვით კრიზისის ნეგატიური შედეგების დაბალანსებას იმედოვნებს. რამდენად შესაძლებელია ეს?

- ინვესტიციების მოზიდვა და მიმართვა რეალურ ეკონომიკაში, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრადობის ზრდას. ამასთან მნიშვნელოვნია რამდენად მოხერხდება დახვეწილი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება, პრიორიტეტების სწორი შერჩევა და ძირითადად შედეგზე – მრეწველობის მდგრადობის ზრდაზე ორიენტაცია.
სამწუხაროდ, საქართველოში საინვესტიციო ბაზა ერთობ შეზღუდულია და არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო კაპიტალი მიემართება, უპირველეს ყოვლისა, მსხვილ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოხმარების მზარდი ბაზარია (ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, თურქეთი, ეგვიპტე და სხვა). შიდა ბაზრის სიმწირის და მოსახლეობის დაბალი ყიდვის უნარიანობის გამო, საქართველო ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისათვის. გარკვეული ოპტიმიზმი უკავშირდება საქართველოს, როგორც სავაჭრო პრეფერენციების ბენეფიციარი ქვეყნის უპირატესობებს. ტრანსნაციონალური კომპანიებისათვის მიმზიდველია საქართველოში ინოვაციური პროდუქციის წარმოებების შექმნა და ექსპორტი იაფი მუშახელის და პრეფერენციების გამოყნებით. სამწუხაროდ, ამ უპირატესობების გამოყენება პრაქტიკაში ერთობ შეზღუდულია. ეკონომიკის რეალურ სექტორში ანაზღაურება მართლაც ბევრად უფრო დაბალია, განვითარებად (ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, კორეა და სხვა) და მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ შრომის დაბალი ნაყოფიერების გათვალისწინებით პროდუქციის წარმოება საქართველოში უფრო ძვირი ჯდება. რამდენიმე წლის უკან მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ერთი და იგივე ანაზღაურების პირობებში შრომის ნაყოფიერება საქართველოს მსუბუქ მრეწველობაში 1,5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე განაში. ავეჯის წარმოებაში დასაქმებული მუშაკის ანაზღაურება ახლოა რუმინეთის ამავე სექტორში დასაქმებული მუშაკის ანაზღაურებისა, ხოლო შრომის წარმადობა თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. იმავე სექტორში ირლანდიაში შრომის ანაზღაურება 7-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, ხოლო ერთეული მუშაკის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა 14-ჯერ მეტია. ამ სავალალო მდგომარეობას მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი განსაზღვრავს. უპირველეს ყოვლისა კი კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, სპეციალისტების სერტიფიცირების სისტემის განუვითარებლობა წლების განმავლობაში.
იგივე ფაქტორები აფერხებენ საექსპორტო მომსახურების სექტორის განვითარებას. საქართველოში მოქმედებს 3 ტრანსნაციონალური ნახშირწყალბადების მაგისტრლური მილსადენი. მოსალოდნელი იყო, რომ ამ სექტორში მასიურად დასაქმდებოდნენ ქრთველი სპეციალისტები, რომელთა პროფესიული დონე საკმაოდ მაღალია. რეალურად კი მილსადენის საექსპლუატაციო მონიტორინგს აწარმოებენ დაახლოებით იგივე კვალიფიკაციის, მაგრამ მაღალანაზღაურებადი უცხოელი სპეციალისტები. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ საქართველოში არ მოქმედებს ტექნიკური მომსახურების დარგში სპეციალისტების სერტიფიცირების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სისტემა.
ტოტალურად გამკაცრებული ეკოლოგიური კანონმდებლობის შესაბამისად ძვირადღირებული გარემოსდაცვითი ღონისძიების გატარება მნიშვნელოვნად ამცირებს განვითარებული ქვეყნების პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. ერთობ "ლიბერალური" გარემოსდაცვითი პოლიტიკა გარკვეულ საინვესტიციო მიმზიდველობას უქმნის საქართველოს ინდუსტრიას.
რამდენიმე წლის უკან საქართველოს ხელისუფლებამ მსხვილ შვეიცარულ კომპანიას, რომელიც აწარმოებდა მადნეულის ნედლეულის მოპოვებას და ექსპორტს, საბადოს პრივატიზაცია და მისი განვითარებისთვის გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელება შესთავაზა. კომპანიამ უარყო ხელისუფლების შეთავაზება ეკოაუდიტის ჩატარების და მისგან გამომდინარე მრავალმილიონიანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის გამო. ასე რომ, ზემოთაღნიშნული საეჭვო უპირატესობა მიმზიდველია მხოლოდ მოკლევადიანი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს ბუნების შელახვის ხარჯზე აპირებს მაღალი მოგების მიღებას.

- ელით თუა არა უახლეს მომავალში ქართული საწარმოების სასიკეთოდ მოვლენების განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

- ეკონომიკის გადარჩენა მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. მოკლე ინტერვიუში ძნელია გადრჩენის სავარაუდო პროგრამის დეტალებზე საუბარი. სტრუქტურული რეფორმები მრეწველობაში და ექსპორტში ასეთი პროგრამის აუცილებელი კომპონენტებია. რასაკვირველია, ამისათვის დროა საჭირო, მაგრამ დაწყება უნდა ახლავე, რადგან მოგვიანებით ვარდნის პროცესები შეიძლება შეუქცევადი გახდეს. მოკლე ვადიან პერსპექტივაში უპირველესი ამოცანაა შუა გზაზე მიტოვებული საგანმანათლებლო და მეცნიერების რეფორმის შედეგების კრიტიკული გადახედვა და ეკონომიკის პრიორიტეტებთან შერწყმა. ამ პროგრამის ძირითადი მიზანი უნდა იყოს შემოსული ინვესტიციების და გრანტების მიმართვა ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შემუშავებისა და ინოვაციური და საექსპორტო პროდუქციის წარმოების სფეროში. მასობრივი დასაქმების პრობლემა არ არის განყენებული პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაწყდეს ზემოთ მოყვანილი ღონისძიებების მიღმა, თუ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს ხარჯების ზრდის მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც მხოლოდ ინფლაციის ზრდა მოჰყვება.
ეკონომიკის განვითარების და უმუშევრობის წნეხის შესუსტებისათვის საჭიროა პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკური მართვის ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკის მოდერნიზაციაში საზოგადოების შემოქმედებითი ნაწილის ინტეგრირებისაკენ.
იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის და ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ინდუსტრიის მქონე ქვეყანამ, მხოლოდ უცხოეთის ფინანსური დახმარების ხარჯზე კრიზისის გამოცდას, შეიძლება ვერ გაუძლოს.



ესაუბრა სალომე ცეცხლაძე