DataLife Engine > უძრავი ქონება > გაცხადებული ლიბერალიზმის პარალელურად მთავრობა მბრძანებლური ...

გაცხადებული ლიბერალიზმის პარალელურად მთავრობა მბრძანებლური ...


19 თებერვალი 2010. : merabi
უნაღდო ანგარიშსწორების დაკანონება უძრავ ქონებაზე ფასებს გააძვირებს

საქართველოს მთავრობამ "საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსებში" შესატანი ცვლილებების პაკეტი "დუინგ ბიზნესში" პოზიციების გასაუმჯობესებლად მოამზადა. უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის შესახებ კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ცვლილებები ქვეყანაში გამჭვირვალე ფინანსური ოპერაციების დასანერგად მომზადდა, მიზანი კი ეკონომიკის კიდევ უფრო გაჯანსაღებაა. კუბლაშვილი ამბობს, რომ უნაღდო ანგარიშსწორება სახელმწიფო სექტორისთვის სავალდებულო გახდება, ხოლო კერძო სტრუქტურები ასეთ გადაწყვეტილებას სურვილისამებრ მიიღებენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საერთაშორისო "დუინგ ბიზნესის" შემქმნელების მხრიდან კრიტიკის საგანი სწორედ აღნიშნული საკითხები იყო, ამიტომ მთავრობა ცვლილებებს განახორციელებს, რითაც ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებს - უძრავი ქონების შეძენისას ნივთის ფასის გადახდა ბანკის საშუალებით სავალდებულო იქნება.
ცვლილებები მზადდება "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საბანკო ტრანზაქციის დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება. ამასთან, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების თანახმად, ქონების გასხვისებისას გადასახადებისგან თავის არიდებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება. ცვლილებებზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო მარტიდან დაიწყებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის რეიტინგში სახელწოდებით "დუინგ ბიზნეს 2010 - რეფორმების გატარება რთულ პერიოდში" - ოთხი ადგილით ზემოთ აიწია და მე-11 პოზიცია დაიკავა.
უნაღდო ანგარიშსწორების დაკანონებით ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა გაიზრდება. ამის შესახებ ექსპერტთა ნაწილი აცხადებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში გადასახადების ადმინისტრირების გამკაცრების მთავარი ორიენტირი სწორედ ისაა, რომ საგადასახადო სამსახურებმა ბიუჯეტში რაც შეიძლება მეტი თანხის მობილიზება მოახერხონ. სპეციალისტების შეფასებით, ბინის ან სხვა სახის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებული იქნება 12%-იანი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს, მაგრამ ეს, თავის მხრივ, უძრავ ქონებაზე ფასებს გააძვირებს.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე განცხადებით უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბანკებისთვის. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯით მთავრობას ბიზნესის გათეთრება სურს. ბუცხრიკიძის ინფორმაციითვე, სახელფასო ბარათებით სავაჭრო ობიექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 12 პროცენტი ხდება, 88 პროცენტი კი თანხის ბანკომატიდან გატანა ფიქსირდება მაშინ, როდესაც დასავლეთში რადიკალურად სხვა მდგომარეობაა და ბარათებს ძირითადად სავაჭრო ობიექტებში იყენებენ.
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით: "ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვა კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვას ნიშნავს. მისივე თქმით, ბანკებს გაუჭირდათ და ახლა გამოსავალს მოსახლეობის ხარჯზე ეძებენ, ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვა კი სხვა არაფერია, თუ არა ძალადობა მოსახლეობის მიმართ". გია ჯანდიერის განცხადებით, "მოსახლეობაზე ძალადობის მაგივრად ბანკებმა საკუთარი მენეჯმენტის მოწესრიგებაზე და მომხმარებლის მოზიდვაზე უნდა იზრუნონ. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვა ბანკების გააქტიურებას არ გამოიწვევს, იმდენად, რამდენადაც საბანკო სექტორში რისკები ისევ ძალიან მაღალია და ეს თავად ბანკებმაც კარგად იციან".
"საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით კი "ბანკები მზად არიან, უნაღდო ანგარიშსწორების საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინერგოს. ამ მიზნით კი ყველა სასურსათო თუ სამრეწველო მაღაზიაში პლასტიკური ბარათების მომსახურე ტერმინალები უნდა დაიდგას. მისივე განმარტებით, მსხვილი გარიგებები, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, კომერციული ბანკების მეშვეობით უნდა განხორციელდეს".
ექსპერტების აზრით, უნაღდო ანგარიშსწორებას იძულების ფორმა არ უნდა ჰქონდეს და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მომსახურების ასეთი ფორმით მიღება
ექსპერტების ნაწილი კი უნაღდო ანგარიშსწორების სავალდებულობის დაკანონებას მორიგ პიარ-აქციად აფასებს. მათი შეფასებით, მთავრობა ასეთ ნაბიჯებს იმისთვის დგამს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებით თავის მოწონება შეეძლოს. სპეციალისტების განმარტებითვე, უნაღდო ანგარისწორებას იძულების ფორმა არ უნდა ჰქონდეს და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მომსახურების ასეთი ფორმით მიღება. მათივე თქმით, მთავრობა ცდილობს აქცენტი ლარზე გადაიტანოს, რადგან დღეს ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, საბანკო ოპერაციები კი აუცილებლად ლარში უნდა განხორციელდეს. ექსპერტის მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილებით მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან მათ ბანკის მომსახურების ხარჯები ეზრდებათ.

გოგა აბრამიშვილი