DataLife Engine > უძრავი ქონება > დედაქალაქის საბინაო ფონდი უმძიმეს მდგომარეობაშია

დედაქალაქის საბინაო ფონდი უმძიმეს მდგომარეობაშია


30 იანვარი 2010. : merabi
ვარკეთილსა და სამგორში საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობას ჩამონგრევა ემუქრება

ექსპერტების ნაწილი თბილისში საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ ნგრევას პროგნოზირებს. ეს განცხადება სპეციალისტებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც თბილისში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე"-ს თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, ძველი შენობები 7 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ყოველწლიურად ამორტიზაციას განიცდის, რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს. "დღეს 7 ბალიან მიწისძვრას ე.წ. "ხრუშჩოვკები" ნამდვილად ვერ გაუძლებენ, მაგრამ არც დაინგრევა, შეიძლება დაიბზაროს და უვარგისი გახდეს მაგრამ ის, რომ კატასროფულად დაინგრეს, ასე ნამდვილად არ მოხდება, იმიტომ რომ სამშენებლო ნორმები, სტანდარტები და მასალები სრულყოფილად არის გამოყენებული და პირობები დაცულია", _ აცხადებს საკანდელიძე.
მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია სამშენებლო კომპანიები მშენებლობაში ჟანგიან არმატურებს იყენებენ, რომლებიც უკვე იჟანგება და მათ აღარაფერი ეშველება. წლების განმავლობაში არმატურის დიამეტრი ნელ-ნელა მცირდება და უვარგისი ხდება. მსოფლიოში არ არის ასეთი ქვეყანა, სადაც მიეცათ უფლება, რომ მშენებლობაში ამდენი ჟანგიანი არმატურა გამოეყენებინათ. "თუკი სადმე ჩვენს გარშემო ქვეყნებში არმატურა დაიჟანგა, ყველა აქ შემოვიდა და აქ არის გამოყენებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მიწისძვრის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ, იმაზე, რომ მშენებლობა არანაირი სტანდარტების დაცვით არ ხდება, არავინაა პასუხისმგებელი", _ აცხადებს ანზორ საკანდელიძემ.
დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადასტურებენ, რომ დედაქალაქის საბინაო ფონდი უმძიმეს მდგომარეობაშია.
სამსახურის უფროსის მოადგილის დევი კახოიძის ინფორმაციით, თბილისში 200-მდე ავარიული სახლია, რომელთაგანაც 70-მდე აღდგენასა და შემდგომ ექსპლოატაციას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, ეს ძირითადად ე.წ. "ხრუშჩოვკებია", რომლებიც აუცილებლად უნდა დაინგრეს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პოზიცია არ აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიხეილ ავალიანს. გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ეცადა მასთან დაკავშირებას, მაგრამ როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, ბატონ მიხეილს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.
საბინაო ფონდის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე თბილისის გარეუბნებში - ვარკეთილსა და სამგორშია. ამის შესახებ კი "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ამ უბნებში არა მარტო `ხრუშჩოვკები~, არამედ შედარებით გვიან აშენებული კორპუსების უმრავლესობაც ავარიულია და მათ ნაწილს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი კი თბილისის ზღვის წყალია, რომლითაც მიწისქვეშა ქანებია გაჟღენთილი და კორპუსების საძირკველს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ამასთან, მერიამ გადაწყვეტილება მიიღო და ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპში მონაწილე დეველოპერებს ე.წ. "ხრუშჩოვკებში" მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფასაც სთავაზობენ. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, თუკი კორპუსის ყველა მაცხოვრებელი შეთანხმდება, დაინტერესებული დეველოპერული კომპანია მათ ახალი საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს.
"მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, წინასწარ ძნელი სათქმელია, რამდენად მომგებიანი იქნება "ხრუშჩოვკების" გამოთავისუფლება დეველოპერებისთვის, მაგრამ მისი შეფასებით, წინადადება ძალიან საინტერესოა
"აქსისის" გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, კომპანია აღნიშნული შემოთავაზებით აუცილებლად დაინტერესდება. "აქსისს" განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას კვარტლებში განთავსებული "ხრუშჩოვკები" აინტერესებს, რადგან კომპანია ძირითადად მშენებლობებს საბურთალოზე აწარმოებს და მოსახლეობისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზება არ გაუჭირდება.

სერგი ბოჭოიძე