DataLife Engine > უძრავი ქონება > სახელმწიფო დეველოპერთა სამსახურში
სახელმწიფო დეველოპერთა სამსახურში16 იანვარი 2010. : merabi |
|
ახალი წლის დადგომის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სამშენებლო ბიზნესის კრიზისიდან გამოსაყვანად და მისი მანვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ განაცხადა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სამშენებლო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პირობები გამარტივდა. ჯერ კიდევ გასული წლის ივლისიდან თბილისში მშენებლობის ნებართვები დაჩქარებული ვადით გაიცემა. თითოეული ნებართვის გაცემის ვადა ხუთიდან ერთ დღემდე შემცირდა და შესაბამისად, მომსახურების განაკვეთიც დადგინდა. თბილისის მერის, გიგი უგულავას, 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილების თანახმად კი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ერთ დღეში მომსახურების საფასური ნაცვლად 1500 ლარისა, 1000 ლარით განისაზღვრა, 5 დღეში მომსახურების ტარიფი 500-დან 300 ლარამდე, ხოლო 10 დღეში 300-დან 100 ლარამდე შემცირდა. ამავე დადგენილებით, დაჩქარებული მომსახურება და მასზე დაწესებული საფასურის განაკვეთები არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაზე; კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე; განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებზე, მესამე და მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობებზე (გარდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა); მომსახურებაზე, რომლის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებას საჭიროებს და ხაზობრივ ნაგებობებზე. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, შესაბამის ცვლილებას სამშენებლო დარგის ადმინისტრირების რეფორმა ითვალისწინებს. მინისტრის ინფორმაციით, რეფორმების შედეგად მოხდება ”არქმშენინსპექციის”, ”საქტექზედამხედველობის~ და განსაკუთრებული ნებართვების გაცემის სამმართველოს გაერთიანება, რომელიც ერთიან სტრუქტურად ჩამოყალიბდება და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაექვემდებარება. "რეფორმების შედეგად შემცირდება შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად დაწესებული ვადები, გამარტივდება პროცედურები და ამუშავდება ერთი ფანჯრის პრინციპი", – განმარტა მინისტრმა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ის პროექტები, რომელთა სამშენებლო ნებართვების მიღება ბიუროკრატიული სისტემის გამო ვერ მოხერხდა, ლიცენზიებსა და ნებართვებს უახლოეს ხანებში მიიღებენ. პოლოლიკაშვილის განმარტებითვე, სამინისტროში უკვე შერჩეულია რამდენიმე პროექტი, რომლებზეც ლიცენზიის გაცემა მოხდება და მშენებლობებიც განახლდება. აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს "მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილიც. მისი თქმით, თუკი სამშენებლო ნებართვის გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება, ეს სამსახურები სამშენებლო ლიცენზიის ან ნებართვის გაცემისას შექმნილ პრობლემებს ერთმანეთს ვეღარ გადააბრალებენ. რაც შეეხება 2010 წლის მეორე მნიშვნელოვან პროექტს - სარეკრეაციო ტერიტორიების: ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და ბახმაროს განაშენიანებას, რომლის ინიციატორად ისევ და ისევ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გვევლინება. მათმა წარმომადგენლებმა მინისტრის თანხლებით 8 იანვარს აღნიშნული კურორტების განაშენიანების გენერალური გეგმების პრეზენტაცია უკვე გამართეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონების განვითარების დეტალურ გეგმაზე იმუშავებს. ეს გეგმა კი უნდა არსებობდეს თუნდაც იმისთვის, რომ პოტენციურ ინვესტორებს ჰქონდეთ წარმოდგენა, რა სახის გეგმა და განაშენიანება იქნება რეგიონში. (მინისტრს, ალბათ, გამორჩა მხედველობიდან, რომ არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება მის ქვეყანაში და სახელმწიფომ არათუ მხოლოდ ეს უფლება უნდა მიანიჭოს მას, არამედ მოთხოვნის შემთხვევაში უარიც უნდა თქვას ამა თუ იმ პროექტის წარმოებაზე, თუკი მკვიდრი მოსახლეობა თვლის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობაზე უარყოფითად აისახება!) როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის უწყების წარმომადგენელმა გრიგოლ კაკაურიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "აღნიშნული პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა და როდის მოეწერება ამ დოკუმენტს ხელი, ჯერ არც ჩვენთვის არის ცნობილი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს პროექტი დასამტკიცებლად ჯერ ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცემა და შემდეგ წავა ის პრეზიდენტთან. შემდგომ უკვე სახეზე გვექნება სრული ვერსია, თუ რა და როგორი სახით გაკეთდება. რაც შეეხება ინვესტიციებს, ინვესტიციების მოზიდვა ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტურიზმის დეპარტამენტში და საინვესტიციო სააგენტოებში. თუმცა, ეს პროექტი მაინც სახელმწიფოს ინიციატივად დარჩება". ეს არის ის სიახლეები, რომელიც სახელმწიფოს ინიციატივით ამ წელს უკვე გაჟღერდა და რომელიც მსგავსად "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლისა" უძრავი ქონების ბაზრის წახალისებას ისახავს მიზნად. მეორე პროექტის ავტორ-შემსრულებელ-დამფინანსებლად კი, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო გვევლინება. თათია ჩაფიჩაძე |