DataLife Engine > უძრავი ქონება > თბილისის განაშენიანების მრუდი

თბილისის განაშენიანების მრუდი


14 იანვარი 2010. : merabi
არქიტექტორმა, არქიტექტორის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა კოკა ამირეჯიბმა ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ისაუბრა და მათი არქიტექტურული ღირებულება შეაფასა. კოკა ამირეჯიბმა გამოყო ისეთი მსენებლობები, რომლებიც დედაქალაქის ისტორიული ისერსახისთვის სრულიად შეუსაბამოა.


- ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს ის პროცესები, რომლებიც ბოლო დროს ვითარდება თბილისის არქიტექტურაში და განსაკუთრებით კი ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ბევრი მსხვილი პროექტი ხორციელდება ისე, რომ საზოგადოებას არ აქვს არანაირი ინფორმაცია იმაზე, თუ რა კეთდება, როგორ კეთდება და რა სახეს მიიღებს ესა თუ ის უბანი ან მონაკვეთი ძველ თბილისში. თითქმის ყველა ამ პროექტს ახორციელებს თბილისის მერია ან მისი დახმარებით რომელიღაც კერძო სტრუქტურა. მერიის ვებ-გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია, განსაკუთრებით კი ზემოთხსენებული ობიექტების შესახებ, არ არის ინფორმაცია პროექტებისა და მათი განხილვის ოქმების თაობაზე, არც ის ვიცით, საბჭოზე რა აზრები გამოითქვა ამა თუ იმ ობიექტის მიმართ, ვინ იყო წინააღმდეგი, ვინ მომხრე.
საზოგადოებას არ შეიძლება არ აწუხებდეს ეს საკითხები, რადგანაც ეს საკითხები ეხება ჩვენს ქალაქს, ჩვენ ისტორიას, ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ დღევანდელი ხელმძღვანელების ქალაქი, რომლებიც დღეს მართავენ მას და ზოგადად ქვეყანას, არამედ ეს ქალაქი გვეკუთვნის ყველას ჩვენ, და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს იმის უფლება, რომ ვიცოდეთ, რა ხდება ისტორიულ უბნებში. არა მარტო პროფესიონალებს, არამედ ფართო მასებსაც.
- იგივე `მირზა შეფის~ ტერიტორია, სადაც რამდენიმე საპროექტო ჯგუფი მუშაობდა. პროექტი არ არის დასრულებული, არ არის დამტკიცებული და ასე მიმდინარეობს მუშაობა. თან ამ ქუჩაზე ჩადენილია აშკარად კანონდარღვევა, ერთ-ერთი სახლი იყო ძეგლი, იყო ძეგლთა ნუსხაში და ეს შენობა დაანგრიეს ისე, რომ ამ ძეგლისთვის არ მოუხსნიათ სტატუსი და არც სხვა რაიმე დოკუმენტაცია შექმნილა. იჭრება ლანდშაფტი ძალიან დიდი მოცულობით, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგანაც ისტორიულ ზონაში ლანდშაფტი არის დაცვის საგანი და შედის ლანდშაფტის დაცვის ზონაში. ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია.
მეორე მსხვილი პროექტი, რომელიც ხორციელდება ყოველგვარი საჯაროობის გარეშე, არის რიყის ტერიტორიის ათვისების პროექტი. მოულოდნელად დაიწყო რიყეზე რაღაც მშენებლობა, მოულოდნელად გადაწყდა, რომ იქ რაღაც გვირაბი უნდა გაკეთდეს, რაღაც ხიდი მტკვარზე გადაიდოს, მაგრამ რაღაც კანონი ითხოვს ამ პროექტების დამტკიცებას, მის საჯაროობას,Mმის განხილვას, მის გამოფენას ინტერნეტში, ბანერებზე, სადაც ეს კეთდება, რაც ასევე არ არის გაკეთებული და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს რიყის მომავალ მდგომარეობაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგანაც 74 წლიდან, როცა დაინგრა და აღებულ იქნა რიყის უბანი, ჩატარდა რამდენიმე კონკურსი და ძალიან ბევრმა იდეამ გაიჟღერა და გაისინჯა. ამ კონკურსებში ძალიან ბევრი სერიოზული არქიტექტული ძალა მონაწილეობდა და მაინც ვერ გადაწყდა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო რიყეზე და ახლა, უცბად, ვიღაცამ, სადღაც, რაღაცა გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა. როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს და არ გაინტერესებდეს, რა ხდება იქ. იგივე ხდება იქვე, რიყესთან, ბარათაშვილის ქუჩის კუთხეში, ბარათაშვილის ხიდთან, დიდი სტალინური ეპოქის სახლში, რომელიც დაპროექტებულია დიდი ქართველი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის მიერ. მას დღეს, ყოველგვარი ფუნქციისა და გააზრების გარეშე, გუმბათი დაადგეს. რისთვის არის ეს გუმბათი საჭირო, როგორ შეიძლება ძეგლზე, და ძეგლია ეს შენობა, გუმბათის დადგმა და ასე უხეშად ჩარევა ძეგლის სტრუქტურაში. ამ გადაწყვეტილების მიღებაც მოკლე ვადაში დაუკითხავად მოხდა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმელის შენობის თემაც. ჩვენ, არქიტექტორები და ის სპეციალისტები, ვინც მუშაობს ქალაქის ისტორიაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ვთვლით, რომ ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც გამოირჩევა თავის არქიტექტორული თვისებებით, თავისი დაპროექტებებით, ფორმებით. ეს ერთ-ერთი ამ ტიპის მსხვილი შენობაა, რომელიც შემორჩა თბილისს და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. თუმცა დღეს უკვე არის იმის საფრთხე, რომ ეს სტალინური ეპოქის შენობა დაინგრევა მთლიანად და დავკარგავთ ასეთ მნიშვნელოვან არქიტექტორულ ობიექტს.
ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ის, თუ რა ხდება პირველი კლასიკური გიმნაზიის უკან. დიდი მშენებლობა მიმდინარეობს იქ, სადაც პატარა ბანერია გამოკრული, თუმცა მასზე არ არის გამოკრული ამ პროექტის იერსახე, რის მშენებლობასაც აპირებენ. ჩვენ არც ამ შენობაზე ვიცით რაიმე, 12-14 სართულიანი კოშკი იქნება ის თუ რაღაც უზარმაზარი სხვა ტიპის შენობა. მითუმეტეს, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქის განაშენიანების და იქ დიდი მასის დადგმა დაუშვებელია. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგანაც პირველი სკოლაც ასევე არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მისი მასშტაბი არ უნდა იყოს დაკნინებული და დამცირებული მის გვერდით მდგომი სხვა ახალი შენობით.
ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევეს, აგრეთვე, ისტორიული ზონის გარეთ, ცნობილი ვერის ხეობის გზა, სადაც პრაქტიკულად სამუშაოები არ სრულდება, მიმდინარეობს ხეების ჭრა და თვითონ პროექტი რა სახის არის, ეს ჯერ არავის უნახავს! არავის არ განუხილია საჯაროდ და არც ექსპერტიზა გაუვლია და რაც მთავარია, თვითონ ეს გზა არ არის დაპროექტებული ურბანისტების მიერ, ის მშენებელ-ინჟინრების მიერაა დაპროექტებული, ანუ ვინც იცის კონსტრუქცია, ბეტონი, არმატურა, ცემენტი და ა.შ. და არ იცის ქალაქის დაგეგმარება. ეს, პირველ რიგში, ურბანული პროექტია.
ასევე კითხვებს ბადებს ინფორმაცია, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე თითქმის ყველა შენობაზე სართულის დამატებასა და სახურავების აწევას შეეხება. აღმაშენებლის გამზირი მთლიანად არის ძეგლი და ერთი ხელის მოსმით ამის ასეთი სახით გადაწყვეტა არის გაუგებარი ბარბაროსობა. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ცივილიზებულ ქალაქში. ჯერ ერთი, ეს პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს და უკვე გამოდის საბჭოზე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, საბჭომ უნდა შეათანხმოს თვითონ ამ საკითხის გადაწყვეტა და თანდათანობით მშენებლობის პროცესში არქიტექტორები მიაწოდებენ მშენებლებს პროექტებს ამ დაშენების შესახებ. ასეთი მოდელით ხდებოდა ბოლო დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მშენებლობის რეაბილიტაცია, დაშენება და ასე ვთქვათ, მოცულობის გაზრდა, რაც სრულიად დაუშვებელია.
ამ სიის გავრცელება კიდევ შეიძლება. სამწუხაროდ, არ ამომიწურია ყველა ის საპრობლემო საკითხი, სადაც მოსალოდნელია ურბანული კატასტროფა. მიუხედავად ამისა, მე მოვუწოდებ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, გამოხატოს თავისი აზრი. ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხდება არქიტექტურული გარემოს პოლიტიზირება. ქალაქის ხელისუფლება იყენებს არქიტექტორულ აქციებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, მაშინ როდესაც ეს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ეს არის ჩვეულებრივი პროფესიული საქმე, რომელშიც უნდა იყოს ჩართული სპეციალისტების ფართო სპექტრი, ისტორიკოსები, რესტავრატორები, არქიტექტორები, ურბანისტები, სოციოლოგები, ეკონომისტები. ურთულესი ტექნოლოგიური პროცედურებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ მივიღოთ ნორმალური ქალაქი და ისტორიული ზონა, რომლითაც ვიამაყებთ ყველა. და ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული ისე, როგორც ამას მოითხოვს ეს ქარტია, ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვაგანაც. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი ძეგლები, რომელიც შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 2009 წლის დასაწყისში, გადატანილია ცალკე სპეციალურ სიაში, რომელსაც ემუქრება განადგურება. ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტი, აქ ლაპარაკია მცხეთაზე, ჯვარზე, სვეტიცხოველზე, არმაზზე, ბაგრატზე, გელათზე და ზემო სვანეთზე, უშგულზე. ეს არის ჩვენი საგანძური და იუნესკო თვლის, რომ ეს ძეგლები განადგურების პირასაა. იგივე ხდება თბილისში, ამიტომ ყველას ვთხოვ სამოქალაქო აქტიურობა გამოიჩინონ, რადგანაც მერწმუნეთ, სულ ცოტა დარჩა იქამდე, რომ ჩვენ საბოლოოდ დავკარგოთ კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი, თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდა. მიტომ გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ აქტიურობა და დავიცვათ ჩვენი ისტორიული ქალაქი.

მოამზადა თათია ჩაფიჩაძემ