ის, რომ დღეს საქართველოში კრედიტების გაცემა თითქმის შეჩერებულია, სიახლეს არ წარმოადგენს. კარგი საბანკო მომსახურება არ გულისხმობს ისეთი კრედიტების გაცემას, რომელიც გამიზნულია მხოლოდ ტელევიზორის, მაცივრის, მობილური და ა.შ. შესყიდვისთვის. საქართველოში მოქმედი არც ერთი კომერციული ბანკი არ გასცემს სესხს ბიზნესის წამოწყების დასაფინანსებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რითაც შეიძლება ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დღეს კრედიტები უმეტესწილად საყოფაცხოვრებო ნივთების, უძრავი ქონების შესაძენად გაიცემა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ აკმაყოფილებთ ბანკის მკაცრ მოთხოვნებს. აღსნიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იპოთეკით დატვირთული ბინების რაოდენობა ძალიან მომრავლდა. თუ გასულ წლებში იპოთეკით უმეტესწილად მშენებარე ბინები იყო დატვირთული, კრიზისის შემდგომ მოსახლეობამ, რომელმაც ბანკების სესხების დაფარვა ვერ შეძლო, იძულებული გახდა ძველი ბინებიც ბანკებში ჩაედო. ამან კი, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთი კრიზისი გამოიწვიოს.
ის, თუ რატომ ვერ ხდება ბიზნესის სექტორის სტიმულირება, გვემუქრება თუ არა უძრავი ქონები ბაზარზე კრიზისი და საერთოდ, რა ბედი ელის ჩვენს ეკონომიკას, გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტის დემურ გეორხელიძის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, `ეროვნული ფორუმის~ ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ ჯავახიშვილის მოსაზრებებს.დემურ გიორხელიძე,
ეკონომიკის ექსპერტი:- ბატონო დემურ, საქართველოში ბანკების უმრავლესობა ბიზნესის საწყის ეტაპზე დაფინანსებას არ ახდენს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?- ის, რომ ბანკები ძირითადად ბიზნესს საწყის ეტაპზე არ აფინანსებენ, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ინსტიტუციური თვალსაზრისით საბანკო სისტემა, როგორც ასეთი, არ არსებობს, თუმცა თქმა იმისა, რომ ამაში მხოლოდ ბანკები არიან დამნაშავენი სწორი არ არის. სახელმწიფო პოლიტიკა, სამთავრობო პოლიტიკა, სახელისუფლებო პოლიტიკა ბანკებს ფაქტობრივად მარტო უტოვებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საშუალებას, როგორიც არის რისკების საკითხი და ბანკს არ უნდა მარტომ აიღოს თავის თავზე ისეთი რისკები, რომლებიც ცივილიზებულ დასავლურ-აღმოსავლურ საერთო სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. საბაზრო ეკონომიკა ხომ წარმოუდგენელია მარად განახლებადი პროცესის გარეშე, როცა ათასობით წარუმატებელი ტოვებს ბაზარს, კოტრდება და ახალი შემოდის. ეს ვერ მოგვცემს ეკონომიკურ ეფექტს. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი უაზრობა რომ ვინმემ თქვას, რომ ბანკი არ აფინანსებს ბიზნესს საწყის ეტაპზე, წარმოიდგინეთ, რა მძიმე დღეში ჩავარდება აშშ-ს ან იაპონიის ეკონომიკა. ჩვენ მივდივართ უმძიმესი მდგომარეობისკენ. მარტო პრივილეგირებულ, გავლენიან ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ კრედიტი. საერთოდაც, ბიზნეს-კრედიტი არც გაიცემა ქართული ბანკების მიერ, აქ საუბარია სერიოზული ბიზნესის დაფინანსებაზე, თორემ, ისე ბანკი თვენახევარი გატარებს და ბოლო-ბოლო ტელეფონზე, მაცივარზე და ტელევიზორზე კრედიტს მოგცემს. თუმცა, ეს არ არის ის სისტემა, რომელიც მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას.
- ბოლო დროს ძალიან მომრავლდა იპოთეკით დატვირთული ბინების რაოდენობა, ხომ არ გამოიწვევს ეს უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისს?- საბანკო სისტემის უდიდეს ნაკლზე მიუთითებს ის, რომ მათ უზარმაზარი ნიშა დატოვეს კერძო გამსესხებლებისთვის. საქართველოში ფაქტიურად ფულის საშინელი კრიზისია, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ ფული, მიდიან და თვეში 7-10%-იან სესხებს იღებენ, კერძო გამსესხებლებისგან, უამრავი საშუამავლო ფირმებისგან. ეს ხომ კატასტროფული პროცენტია. წლის განმავლობაში დაახლოებით 72-120% გამოდის. ჩვეულებრივი ადამიანები, მათ შორის საქმიანი ადამიანებიც კი, იძულებულები არიან წავიდნენ ამაზე, რადგან ფულის ბანკიდან მიღების პერსპექტივა ფაქტიურად არ არის. ამიტომაც გახშირდა ეს საშინელი ბიზნესი. წესიერი საბანკო სისტემა რომ იყოს, კერძო გამსესხებლებს შანსი არ ექნებათ გაასესხოს თავიანთი ფული, არავინ აიღებს ამ ფულს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბანკებსაც აწყობთ ეს სისტემა. ამ სისტემაში ნამდვილად არის სერიოზული პრობლემები და ნამდვილად არის ამის საშიშროება.
- თქვენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთეთ განცხადება, რომ მომავალ წელს საქართველოში ბევრად უარესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ვიდრე წელს. რა გაძლევთ ამის ვარაუდის საფუძველს?- ამის თქმის საშუალებას მაძლევს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, სამთავრობო ღონისძიებები და ის, რომ პერსპექტივა ქართული ეკონომიკის ზრდისთვის საკუთარი პოტენციალის ამოქმედებისთვის, ფაქტობრივად, სტიმულირებული არ არის და ეს თავისით როგორ მოხდება. როგორც აღვნიშნე, არის ფულის შიმშილი და მსხვილი, საშუალო და წვრილი ბიზნესისადმი არასწორი დამოკიდებულება. ტურიზმს, რომელიც სახელმწიფო დონეზე კეთდება, არ შეუძლია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების მოგვარება. გამორიცხულია, ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ ეს შესაძლებელია. ტურიზმი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ხელისშემწყობი სფერო, მაგრამ არა ერთადერთი და დომინირებული.
ნოდარ ჯავახიშვილი,
ეკონომიკის ექსპერტი:- ბატონო ნოდარ, მოსალოდნელია თუ არა კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე?- კრიზისს თქვენ ფასების დაცემას უწოდებთ, ეს კრიზისი არ არის. როდესაც ჩვენ ამ მშენებლობებს ვახალისებდით და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნებიც კი, ეს იყო უსაფუძვლო. ბანკების მონაწილეობით მოხდა უძრავ ქონებაზე ფასების კატასტროფული გაბერვა. ბანკები მშენებლებს ეუბნებოდნენ, ფულს რამდენსაც გინდა მოგცემთ, ოღონდ თქვენ აშენეთ, მყიდველსაც გიშოვით, მე მივცემ სესხს და გაყიდით ბინებს. ეს აუცილებლად უნდა დაქცეულიყო და დაიქცა კიდეც როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. მიუხედავად ამისა, ფასები ლოგიკურ დონემდე არ დავარდა. დღესაც უძრავ ქონებაზე ფასები გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს სამშენებლო მასალის ფასები ძალიან გაიაფდა, საზღვარგარეთიდან შემოტანილი მასალაც კი. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ფასიც შემცირდა, თუმცა არა ბინის ფასები, რადგან ბინების რეალიზაციაში მშენებლის მაღალი მოგებაა ჩადებული.
თუ ვთვლით, რომ სახლები დღესაც შენდება მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, ეს დაგეგმილი კრიზისია. მაგრამ სახლები თუ მოთხოვნის შესაბამისად შენდება, ეს კრიზისს კი არა, ფასების ლოგიკურ ნიშნულამდე დაწევას გამოიწვევს. მაგრამ მშენებლობები ისეთი ტემპით აღარ მიდის, როგორც ეს 2007-2008 წლებში მიდიოდა, ამიტომ რაღაც აჟიოტაჟურს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება ძველ ბინებს, ბანკი ბინის იპოთეკაში ჩადებისას მეპატრონეს მაქსიმუმ ბინის ღირებულების 50-70%-ს აძლევს. მაგრამ ბინის ფასები თუ დაეცა, ბანკმა შეიძლება უფრო მეტი დანაკარგი ნახოს, ვიდრე მასში გადახდილი აქვს. ბანკები ყოველდღიურად თუ იცავენ ნორმატივებს, ყოველ შემთხვევაში რომ იცავენ ეს ბალანსებიდან ჩანს, საეჭვო კრედიტებისთვის მიღებული მოგებიდან საკმაოდ დიდ თანხებს დებენ. ანუ მათ აქვთ შესაძლებლობა ეს დანაკარგი გადაფარონ.
- ბანკების უმრავლესობა ბიზნესის საწყის ეტაპზე დაფინანსებას არ ახდენს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?- ბოლო წლებია მსხვილი ბიზნესი ხელისუფლების ხელშია, ახლა კი წვრილი ბიზნესის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადაცემა ხდება. სადაც გადაცემულია, მსხვილ ბიზნესად იქცევა ხოლმე, მაგალითად მიკროავტობუსების ბიზნესი. დანარჩენი მფარველის გარეშეა დარჩენილი. საქართველოში არ არის იმის ინტერესი, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი არსებობდეს. ამ სექტორის არსებობა საშიშია დიქტატორული და ავტორიტარული ხელისუფლებებისთვის, რადგან აქ ბევრი ადამიანია ჩართული და დასაქმებული, შესაბამისად, ამ ხალხს აქვს საკუთარი შემოსავალი, შეუძლია ღირსეულად იცხოვროს, ღირსეულ ხალხს კი ვერ მართავ ისე, როგორც გინდა. ამიტომ არის, რომ მთავრობას ყველაფერი მონოპოლიზაციისკენ მიჰყავს. ყველაფერი თავისთვის მიაქვთ, ხოლო ხალხს მშიერს ტოვებენ. მშიერი კაცი კი ადვილი სამართავია. აქედან გამომდინარე, ბანკებიც არ აკრედიტებენ ამ სფეროს. ზოგიერთი ბანკი აცნობიერებს ამას, რომ საშიშია მისთვის მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობა, რადგან ამის გამო მას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას ხელისუფლების მხრიდან. ზოგიერთი ბანკი კი სტრატეგიიდან გამომდინარე არ აკრედიტებს ამ სფეროს. აი, მაგალითად: შენ სამარშრუტო ტაქსის მფლობელი იყავი და მცირე ბიზნესი გქონდა, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი დაკარგე. გამომდინარე აქედან, ბანკის ფინანსებიც სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება, თუ ამ ბიზნესზე სესხი აქვს გაცემული. ამ სიტუაციაში ბანკები თავს იკავებენ ასეთი მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებისგან. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისაც ძალიან მიკვირს, რადგან წინ არ იხედებიან და იმაზე ფიქრობენ მხოლოდ, რომ დღეს 15-20 ლარი მიიტანოს სახლში. მათ ახალი `მარშუტკების~ ყიდვას აიძულებენ, რომლის ფასი 30 ათასი დოლარ კი აღარ ფიქრობენ, 7 წლის მერე, სად უნდა წაიყვანონ ეს მანქანები. ხომ იციან, რომ სამარშრუტო ტაქსის გარდა მას სხვა გამოყენება არ ექნება და 7 წლის მერე შეიძლება ბევრმა სამსახურიც დაკარგოს, მერე რა თავში სახლელად უნდათ ეს მანქანები? სად უნდა წაიყვანონ? თუ არა და ამხელა ფულს იხდიან მის შესასყიდად და ფაქტობრივად მონურ პირობებში შრომას თანხმდებიან. ამას ნელ-ნელა მიხვდებიან და მერე გვიანი იქნება.
- ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მომავალ წელს საქართველოში ბევრად უარესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ვიდრე წელს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად აქვს მას საფუძველი?- რატომ მომავალ წელს, მწვავე პრობლემები ამ შემოდგომაზევე გვექნება. ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში გვაქვს პერმანენტული პერსპექტივა კრიზისისა და მდგომარეობის გაუარესება ნებისმიერ სფეროში. აქეთაც მიდის ყველაფერი. აი, როგორც ქვა ვარდება მთიდან, ბოლოს დახეთქებით ვარდება, ჩვენ ამ ვარდის პროცესში ვართ, ან დავეხეთქებით და დავიმსხვრევით, ან ამ ხელისუფლებას შევცვლით. თუ საზოგადოებამ ქმედითი ნაბიჯები თავის დროზე არ გადადგა, იმ დახეთქების მერე, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტაღა წამოდგება ფეხზე.
გახარებულები რომ მიდიან სხვადასხვა კონცერტებზე, თან აღტაცებულები ამბობენ, უფასოა, რა კარგიაო. ქართველმა ხალხმა კარგად უნდა გაანალიზოს, რომ უფასო დედამიწაზე არაფერია. იმ მომღერლებს ბიუჯეტიდან უზარმაზარ ფულს უხდიან და ეს ბიუჯეტი კიდევ ჩვენი ჯიბეებიდან ივსება. ეს რომ ერთმანეთთან კავშირშია, სამწუხაროდ, საზოგადოების უმეტესობას ვერ გაუგია და სანამ ამას არ მივხვდებით, არაფერი გვეშველება.
მაგდა ლორთქიფანიძე