კონკრეტული ბიზნესის ინტერესების დაცვა საზოგადოების ხარჯზერამდენიმე დღის წინ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. დაუმთავრებელი მშენებლობები და ათასობით დაზარალებული კლიენტი საკმაოდ მწვავე პრობლემაა. რამდენად გადაჭრის ახალი კანონი ამ პრობლემას, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ კანონი ძალაში შევიდა და უკვე მომავალი კვირიდან დეველოპერები ამნისტიას მიიღებენ.
კომპანიებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაწესებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ, თუმცა მათ ახალ ვადებს დაუდგენენ, რომელშიც მშენებლობის დასრულება უნდა მოხდეს.
კანონპროექტი ძირითადად იმ კომპანიებზეა გათვლილი, რომელთაც დაუმთავრებელი მშენებლობების მიზეზით ყოველდღიურად საჯარიმო სანქციები ეკისრებათ. მთავრობა ასეთ კომპანიებს ჯარიმებს გაუუქმებს, თუმცა სანაცვლოდ მათგან მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადების გაცხადებას ითხოვს. კერძოდ, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, კომპანიებმა სამი თვის განმავლობაში ქალაქის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ და შეუთანხმონ მშენებლობის ახალი ვადები, ყველა დოკუმენტაცია წესრიგში მოიყვანონ და მობინადრეებს მშენებლობის დასრულების ვადები აცნობონ.
ამნისტია შეეხება იმ კერძო პირებსაც, რომლებსაც უკანონო მიშენებების გამო ჯარიმები დაეკისრათ.
რას შეცვლის ეს სიახლე როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე დაზარალებული მომხმარებლისთვის?
`უძრავი ქონების ასოციაციის~ პრეზიდენტის ალექსანდრე ჯაფარიძის განცხადებით, ამნისტია ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომლებიც მყარად დგანან ფეხზე და შესწევთ უნარი, მოიძიონ თანხები ან მშენებლობა სათანადოდ დაასრულონ.
`ვერ გეტყვით, რამდენი იქნება ასეთი, ან რომელი კომპანია ვერ შეძლებს ამნისტიის პირობებშიც კი მუშაობის გაგრძელებას, თუმცა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბევრი მათგანი ინვესტორს იშოვის და მშენებლობების გაგრძელების გზასა და საშუალებას გამონახავს, ეს პროცესი გამოაჩენს, რამდენად არის ამ კომპანიების ადგილი ბიზნესში. დარწმუნებული ვარ, კომპანიების 2/3 იშოვის ფულს. ვისაც ეს არ შეუძლია, ჯობია დროზე გამოჩნდეს, რადგან, მოგეხსენებათ, რა დღეშია ის მომხმარებელი, რომელიც წლების განმავლობაში ბინის დასრულებას ელის. ამასთან, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით გარკვეული კომპანიების ჩაძირვა მოხდეს, თუმცა, მეორე მხრივ, კომპანიებს, რომლებიც წლების განმავლობაში რაღაცის შეცვლას ელოდებიან, ეს ამნისტია წააქეზებს, საკუთარ საქმიანობაში ცვლილებები შეიტანონ~, - აცხადებს ჯაფარიძე.
კომპანია `არსის~ წარმომადგენლის, ირაკლი როსტომაშვილის აზრით კი, ეს ინიციატივა გაჭირვებაში მყოფ კომპანიებს დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებაში მცირედით მაინც დაეხმარება, რადგან ფირმებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ.
`აქსისის~ გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის შეფასებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბევრი დაუსრულებელი მშენებლობის დამთავრებას.
`ვფიქრობ, ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, დაზარალებული მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენმა კომპანიამ კრიზისის დაწყებისთანავე ვალდებულებების კორექტირება მოახდინა, რის გამოც `აქსისს~ ჯარიმა ყოველდღიურად არ ერიცხებოდა, თუმცა არიან კომპანიები, რომელთაც ეს პრობლემა სერიოზულად აქვთ. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის ამნისტია. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ფინანსების მოძიებას და დაუსრულებელი მშენებლობების დათქმულ დროში დასრულებას. მით უმეტეს, რომ ბანკებმა დეველოპერებთან ურთიერთობა განაახლეს~, – აცხადებს კაპანაძე.
ამ ეტაპზე ამნისტია სამშენებლო სფეროში მოღვაწე 568 სუბიექტს შეეხება. მათ შორისაა 421 ფიზიკური პირი, 147 ამხანაგობა და იურიდიული პირი. დაგროვილი ჯარიმების საერთო მოცულობა 5 მილიონ 475 ათას ლარს შეადგენს.
`სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გამოასწორებს იმ დარღვევას, რომლის გამოც ის დაჯარიმდა. რაც შეეხება მის შინაარს, პრაქტიკიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად - პირველი ეს არის იურიდიული პირები, ანუ ის დეველოპერები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესს აკეთებენ. ამ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ გამოთავისუფლდეს თანხები, რომელიც მათ ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ. მეორე, ესენი არიან ფიზიკური პირები, რომლებმაც უკანონოდ, ვთქვათ, აივანი მიაშენეს, ან ავტოფარეხი ააშენეს და ამის გამო დაჯარიმდნენ. მათ მოეხსნებათ ჯარიმა, თუ დარღვევას გამოასწორებენ~, - აცხადებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად კერვალიშვილი.
ამნისტიის მისაღებად ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს.
`ჩვენ გვაქვს პოტენციური სია, თუ ვის შეიძლება შეეხოს ეს ამნისტია. ასე რომ, თუ მოქალაქეთა მხრიდან არ იქნება აქტიურობა, ინფორმაციის არქონის თუ სხვა მიზეზის გამო, ჩვენი მხრიდანაც ექნება შეთავაზებას ადგილი ამნისტიასთან დაკავშირებით~, - აღნიშნავს კერვალიშვილი.
რაც შეეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს. კომპანიებს, რომლებმაც დათქმულ ვადებში ვერ მოახერხეს მშენებლობის დასრულება, მიეცემათ საშუალება შეცვალონ, შესწორებები შეიტანონ და კორექტირება გაუკეთონ თავიანთ სამშენებლო პროექტებს. ეს ერთ-ერთი დარღვევაა და ამნისტია მხოლოდ ამ შემთხვევას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეიძლება იყოს პროექტის ჩარჩოებიდან გადახვევა, უნებართვო მშენებლობები, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა და ა.შ.
თბილისში ბევრი დაუსრულებელი მშენებლობაა, რომელიც კონსერვაციას საჭიროებს. მიზეზად კი კომპანიები სათანადო სახსრების არარსებობას ასახელებენ. მშენებლობის განსაახლებლად საგადასახადო ამნისტიის შემოღებას სამშენებლო ექსპერტთა ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება და მშენებლობების განახლებას მიზანშეწონილად და გამართლებულად არ თვლის.
სხვადასხვა მონაცემებით თბილისში დაახლოებით 150 სამშენებლო ობიექტია შეჩერებული. როდესაც დეველოპერი ვერ ახერხებს მშენებლობის გაგრძელებას, მან ზედამხედველობის სამსახურს უნდა მიმართოს კონსერვაციის უფლების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაჯარიმდება 10-დან 30 ათას ლარამდე ოდენობის ჯარიმით.
თავად დაკონსერვებული შენობაც უსაფრთხოა 1-2 წლის განმავლობაში, შემდეგ უკვე იგი საშიშია მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სამშენებლო სფეროს ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, შეჩერებული მშენებლობების უდიდესი ნაწილის განახლება არ არის მიზანშეწონილი და უსაფრთხო.