
საქართველომ მსოფლიო საფინანსო კრიზისი ერთ-ერთმა პირველმა დაძლია მსოფლიოში, - ასეთია ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების განცხადებების მთავარი შინაარსი. ძალიან კარგი, კარგი თუ დაძლია, თან ერთ-ერთმა პირველმა.
საქართველოში ფინანსურ კრიზისისს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოვლინდა. პირველი და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ საკრედიტო ბუმის შემდეგ მსესხებლების უდიდეს უმრავლესობას კრედიტორებთან დავალიანების დაფარვისას სერიოზული პრობლემები შეექმნათ. `შავი სიის~ სახელით მოქმედი ჩანაწერი, რომელიც პრობლემური სესხების შესახებ მონაცემებს გულისხმობდა, დღითი დღე იზრდებოდა. შესაბამისად, ბანკებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა კრედიტების გაცემის პროცესი მაქსიმალურად გაამკაცრეს. ამ პროცესს, თავის მხრივ, მოჰყვა ეკონომიკაში ფინანსური რესურ
ქვეყნის ხელისუფლებამ სიტუაციიდან გამოსვლის შედარებით მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილი გზა აირჩია. ეკონომიკის დაფინანსება საბიუჯეტო პროექტების გაზრდით მოხდა, თავის მხრივ, ბიუჯეტმა ეს პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული ვალდებულებებით განახორციელა. ამ ყველაფრის შემდეგ, შეიქმნა სურათი, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ერთი შეხედვით, გაუმჯობესდა, რამაც მთავრობას საშუალება მისცა ფინანსური კრიზისის დაძლევაზე ესაუბრა.
ამის შემდეგ მოხდა საფინანსო სისტემის ერთგვარი გააქტიურება. ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა კვლავ დაიწყეს კრედიტების გაცემა, თუმცა, ამჯერად უზრუნველყოფის საკითხი გააქტუალურდა. საქმე ისაა, რომ საფინანსო ორგანიზაციები პრაქტიკულად არ გასცემენ კრედიტებს მყარი უზრუნველყოფის გარეშე. კიდევ ერთი გარემოებაა აღსანიშნავი, ე.წ. ახალი საკრედიტო ბუმის პირობებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტებმა თითქოს და გაააქტიურეს საკრედიტო პოლიტიკა, ძირითადად 2008 წლამდე გაცემული და შემდეგ გაპრობლემებული კრედიტების გადაფარვა ხდება.
რეალურად, არც მთავრობის მიერ გატარებული ღინისძიებები ყოფილა ქართული ეკონომიკის რეალური განვითარების საფუძველი და არც საფინანსო ინსტიტუტების მიერ შემდგომში გააქტიურებული საკრედიტო პოლიტიკა. ამაზე ერთი, თითქოს და რიგითი რეფორმა მეტყველებს, მრავალ რეფორმათა შორის მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში. საქმე ისაა, რომ საქართველოში დაგირავებული ქონების ჩამორთმევა გამარტივდა, თუმცა, არც ამ დრომდე ყოფილა რთული.
1 ივლისიდან შეიცვალა იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი. ცვლილებამდე მოვალის ქონება პირველ აუქციონზე გადიოდა მისი საბაზრო ღირებულების 50 %-ად, მეორეზე - ღირებულების 25 %, ხოლო თუ ორივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდებოდა და ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდებოდა, მოვალის ქონება ნატურით გადადიოდა კრედიტორის საკუთრებაში.
აღნიშნული სქემით მოხერხებულად სარგებლობდნენ გამსესხებლები. მაგალითად, როდესაც პირი სესხად გასცემდა სოლიდურ თანხას და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავდა მსესხებლის უძრავ ქონებას, ხშირ შემთხვევაში იპოთეკარი `დაშლიდა~ თანხას და არეგისტრირებდა ორი რიგის იპოთეკას: პირველი რიგის იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხის უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე რიგით - მიზერული თანხა. სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი (კრედიტორი) სწორედ ამ მიზერული თანხით იწყებდა იძულებით აღსრულებას. ზოგადად, რაც ნაკლებია მოთხოვნა, მით ნაკლები ბაჟის გადახდა უწევს პირს სასამართლოში, არბიტრაჟში ან სააღსრულებო ბიუროში. თანაც, ასეთ შემთხვევაში, აუქციონზე მეორე რიგით გატანილ ქონებას თან მისდევს გარდამავალი პირველი რიგის იპოთეკა (რომლის მოთხოვნის უფლება, სინამდვილეში იგივე კრედიტორს გააჩნია). ქონებაზე, რომელსაც `დავალიანება~ მოჰყვება, მოთხოვნა, რასაკვირველია, დაბალია. შესაბამისად, ქონების იძულებითი რეალიზაციის შანსი ნაკლებია და კრედიტორი ხშირ შემთხვევაში ხდებოდა მოვალის ქონების მესაკუთრე, მიუხედავად დავალიანების მოცულობისა.
ამიერიდან, მოვალის ქონება იძულებით სარეალიზაციოდ მიექცევა პირველ აუქციონზე მისი საბაზრო ღირებულების 50 %-ად, შემდეგ ინიშნება განმეორებითი პირველი აუქციონი, სადაც ქონების საწყისი ფასი კვლავ ნახევრდება და შეადგენს საბაზრო ღირებულების 25 %-ს. აღნიშნული აუქციონების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ინიშნება მეორე აუქციონი, სადაც ქონების საწყისი ფასია ნული ლარი. ფასის მატების ბიჯი ამ აუქციონზე შეადგენს პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასის 2 %-ს. მეორე აუქციონის უშედეგოდ დასრულებისას, ქონება თავისუფლდება ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ, სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.
საინტერესოა, მოახდენს თუ არა ეს ცვლილება უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ცვლას, მაგრამ სამოქალაქო ურთიერთობებში შესვლისას აიძულებს პირებს წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული გარიგებების რისკები და შედეგები, შეამცირებს კრედიტორისათვის ზედმეტად გადაცემულ ქონებრივ სიკეთეს.
გვანცა ცატავა