
პროგრამა ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წლის 28 ივლისს დაიწყო და I კონკურსი 2009 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 12-მა სამშენებლო კომპანიამ მიიღო, პროექტის ბიუჯეტი 53 მლნ ლარით განისაზღვრებოდა. მეორე ეტაპზე მონაწილეობდა 7 კომპანია, რომლებიც 2010 წლის მაისში ტენდერში მონაწილე 34-დან შეირჩა. პროექტის ბიუჯეტი 46,7 მლნ ლარით განისაზღვრა.
წესით, პროექტ `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის~ მესამე ეტაპის გამოცხადება 2010 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა მისი განხორციელება 2011 წლისთვის გადაიდო. ამ დროისთვის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მეორე 2012 წლის ბოლომდე ჩამთავრდება.
სახელმწიფოს მხრიდან პროექტი აღიქმება, როგორც კარგი და დროული გათვლა უძრავი ქონების ბაზრის გადარჩენისთვის. უძრავი ქონების დარგის ზოგიერთი სპეციალისტიც განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო სივრცეში საუკეთესო მაგალითი, რამაც სამშენებლო სეგმენტს კრიზისის დაძლევის შანსი მისცა და მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნა ის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისია და სამშენებლო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი ხდება.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანიებმა კრედიტები სახელმწიფოს გარანტიით მიიღეს. გიგი უგულავა განმარტავდა, რომ ამ პროექტს დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნებოდა, რადგან ხელი შეეწყობოდა როგორც სამშენებლო, ისე საბანკო სექტორის გამოცოცხლებას, რომლებიც გლობალურმა კრიზისმა აგვისტოს ომმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, იქვე იმასაც დასძენდა, რომ სახელმწიფო აღნიშნული სექტორის საქმიანობაში მხოლოდ კრიზისის დასრულებამდე ჩაერეოდა.
ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელი არ აღიარებს, რომ საქართველოში კრიზისი არ დასრულებულა, გამონაკლისი არც თბილისის მერი გიგი უგულავაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის კვლავ განაგრძობს სამშენებლო და საბანკო სექტორის "დახმარებას", უფრო მეტიც, საქართველოს "მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარის განმარტებით, ახალი პირობების თანახმად მესამე ეტაპში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება და მისი დაფინანსებაც გაიზრდება.
თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ეტაპის დასაფინანსებლად 64,414 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროექტი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის ხელშეწყობასა და ძველი თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
დეველოპერული კომპანიის ”აქსისი” გენერალურმა დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მიუხედავად პროექტის წარმატებისა, მერია მის დახვეწაზე მუშაობს. მისი ინფორმაციით, მერია სამშენებლო კომპანიებს პირობებში, სავარაუდოდ, გამოთავისუფლებული ტერიტორიების განვითარების ვალდებულებას ჩაუდებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზარზე დასრულებული ბინების დეფიციტია და მშენებლობების განახლებაც, ძირითადად, მერიის პროექტის ფარგლებში მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, სამშენებლო ბაზარზე უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს.
თუმცა, სამშენებლო კომპანიების მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკისა და კომენტარების მიუხედავად, ექსპერტები კომპანიებს უძრავი ქონების ფასების სპეკულირებაში ადანაშაულებენ. უძრავი ქონების ექსპერტი ნიკო კახეთელიძე აცხადებს, რომ დღეს საცხოვრებელი ფართების გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
მისი განმარტებით, ბაზარზე მოსახლეობის მხრიდან არც მოთხოვნის ზრდა შეიმჩნევა და ფასებთან დაკავშირებით ასეთი კომენტარების გაკეთება, ექსპერტის თქმით, მხოლოდ დეველოპერებს აწყობთ.
ნინო დარბაისელი