ნანახია: 577
თბილისში ფიზიკური პირები მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილების თანახმად, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან თბილისის მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებსაც თავისივე კორპუსში მიწის ნაკვეთები თანასაკუთრებაში აქვთ. ცვლილება ასევე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრულ ფართობზე ვრცელდება. მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ავტოფარეხების მფლობელებსაც ეხებათ, რომლებიც მიმაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობს მხოლოდ ავტომობილის გასაჩერებლად იყენებენ. გადასახადისგან არ თავისუფლდებიან ავტოფარეხების მფლობელები, რომლებსაც აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკური საქმიანობისთვის აქვთ გამოყენებული. ცნობისთვის, დღემდე მიწის ქონების გადასახადს ის თბილისელები იხდიდნენ, რომლებსაც საკუთრებაში 600 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და 18 კვ. მეტრზე მეტი ავტოფარეხის ფართობი ჰქონდათ.
|