
"არსენალის" პროექტთან დაკავშირებით, ვერა ქობალიას სამინისტროს პოზიცია გაურკვეველია
თბილისში, ქალაქის ხელმძღვანელობა განუწყვეტლივ აპელირებს მეგაპროექტებით, რომლებიც ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პროექტს განხორციელება არ უწერია. ერთ-ერთი ასეთი მეგაპროექტის განხორციელების იდეა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის კომპანია "კალა კაპიტალს" ეკუთვნოდა.
"არსენალი" "კალა კაპიტალის" ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 10 წელიწადში სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს, 80 ჰექტარ მიწის ფართობზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისთვის "კალა კაპიტალი" 1.5 ამერიკულ დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. სამშნებლო კომპლექსი მოიცავს - სამთავრობო და საცხოვრებელ კომპლექსებს, საკონფერენციო ცენტრებს, ვილებს, "ა" კლასის ოფისებს და კომერციულ ფართებს, ასევე სკოლებს, საავადმყოფებს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობი ტიპის დაწესებულებებს. წინასწარი პროგნოზით, პროექტი "არსენალი" საქართველოს მშპ-ის ერთპროცენტიან ზრდას და 25 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს", - სულ რაღაც სამიოდე წლის წინ, ქართულ მედიასივრცეში მსგავსი ტიპის კომენტარებით აჭრელებული იყო ახალი ამბების გვერდები, თუმცა, პროექტის პრეზენტაციიდან (2008 წლის აპრილი) რამდენიმე თვეში "არსენალის მთის მინი ქალაქის" განხორციელების იდეას ბზარი გაუჩნდა. კახი კალაძის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო, რომელიც, პროექტის ჩავარდნასთან ერთად პოლიტიკაში წავიდა.
2008 წელს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კახი კალაძის კომპანია "კალა კაპიტალმა" არსენალის მთა 19 მილიონ ლარად შეიძინა, თუმცა, მხოლოდ ნახევარი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხის გადავადებას 3 წლით ითხოვდა, იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იყო. ამას დამატებული მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, კალაძემ და მისმა პარტნიორებმა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრისგან (ლაშა ჟვანია) მტკიცე უარი მიიღეს - `2012 წლამდე მიწის შესაძენი თანხის გადავადება შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულება და კანონი ამბობს, რომ აუქციონის პირობები უნდა შესრულდეს, აუქციონის პირობებში კი ჩადებული იყო, რომ თანხა `კალა კაპიტალს~ ერთი წლის ვადაში უნდა გადაეხადა", - ლაშა ჟვანია.
კომპანიას აუქციონის პირობების დარღვევის გამო, ჯარიმის სახით, რამდენიმე მილიონის საურავი დაერიცხა. "კალა კაპიტალის" კონფლიქტმა მთავრობასთან "არსენალ სითის" მშენებლობა გაყინა.
მოგვიანებით უკვე ზურაბ პოლოლიკაშვილის პერიოდის ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში ყველა მოქმედ ინვესტორს მეორე შანსი მისცა, რაც "არსენალ სითისთვის" ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივებას და დარჩენილი თანხის 3 წლით გადავადებას ნიშნავდა, უწყებამ "არსენალ დეველოპმენტს" არათუ ჯარიმების ჩამოწერა, არამედ კომპანიას ინვესტორების მოძიებაში დახმარებაც აღუთქვა.
რაც შეეხება ვერა ქობალიას მოღვაწეობას, მისი მმართველობის პერიოდში სამინისტრო "არსენალ სითის" გაყინულ პროექტთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლება, ქობალია ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება "კალა კაპიტალთან" ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, მაგრამ დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს.
თვით "კალა კაპიტალის" დამფუძნებელი, საქართველოს ფეხბურთელი კახი კალაძე, ამ დრომდე, "არსენალ სითის" პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს და კომენტარისგან თავს იკავებს.
რთულია, დღეისთვის ითქვას, თუ რა ბედი ეწევა არსენალის მთაზე ნახევრადშეძენილ 80 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, სადაც 10 წელიწადში უნდა აშენებულიყო მინიქალაქი. დღეისთვის, თამამად შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ არსენალის მთაზე "კალა კაპიტალის" მიერ შესყიდულ 80 ჰექტარ მიწაზე ჯერ ისევ სიმშვიდეა, აქ ჯერ არც მშენებლობა დაწყებულა და არც პროექტის დაწყების ნიშნები ჩანს.
ირაკლი ჯღარკავა