"იმელის" შენობა დასანგრევად თბილისის მერიამ გაწირაინვესტორები თანდათან უარს ამბობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ეს გასაკვირი არც არის. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში მოღვაწე ინვესტორების თავზე შავი ღრუბლები გაჩნდა. ფინანსური კრიზისი მრავალი პროექტის შეფერხების მიზეზი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი "კემპინსკია", თუმცა მისი გაჭიანურების სხვა და უფრო რეალური მიზეზებიც არსებობს.
დიდი დავი-დარაბა, რომელიც ამ საქმეს ახლდა, ყველა შემთხვევაში იმით სრულდება, რომ საქმის დახურვის სურვილით გვპირდებიან - მართალია ყველაფერი დაინგრევა, მაგრამ აუცილებლად ზუსტად ისეთსავე შენობას ააშენებენ.
თბილისში ყველა საუბრობდა, თუ როგორ გაიყიდა ქალაქის ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობა და მის ადგილას 22 სართულიანი სასტუმრო შენდება. თუნდაც, ლეონიძის კუთხის შენობისგან განსხვავებით, რომელიც დღეს უკვე გაყალბებულია, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო და გაყიდვა არ შეიძლებოდა. იყო დისკუსიაც, ხმაურიც, პროფესიონალების და არქიტექტორების უპრეცედენტო აქტიურობა და ამავე დროს მათ გვერდით გამოჩენილი გზააბნეული პოლიტიკური სახეებიც, რომლებსაც ტრადიციულად არაფერი გაუკეთებიათ.
ყველაფერი კი 2006 წელს დაიწყო. საქართველოში არსებული სასტუმროების ცნობილ ქსელებს კიდევ ერთი სასტუმროთა ქსელის მართვის საერთაშორისო კომპანია `კემპინსკი~ დაემატა.
"საქართველოს ბანკში" საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის, თბილისში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქართული მხრიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ინვესტორმა კომპანიამ ყოფილ "იმელის" შენობაში 15 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა.
"კემპინსკი", რომელიც "ევორდის" და "კაპიტალ ვოსტოკის" მიერ დაწყებული პროექტი იყო, საბოლოოდ არაბულმა "დაბი გრუპმა" შეისყიდა. ის კომპანიის მესამე დიდი პროექტი უნდა ყოფილიყო. "კაპიტალ ვოსტოკს" კი "კემპინსკის" პროექტში 20%-იანი წილით დარჩა.
მოგვიანებით, "დაბი ჯგუფმა" ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასტუმრო "კემპინსკი" მშენებლობის ვადების გადავადების თხოვნით მიმართა. კომპანია, სამინისტროს პროექტის განხორციელების 2012 წლის ბოლომდე გადავადებას სთხოვს.
მათი თქმით, საპრივატიზაციო ხელშეკრულებით თბილისის ცენტრში, "5+"-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, "დაბი ჯგუფმა" ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამის მიზეზად გლობალურ ფინანსურ კრიზისს და 2009 წლის გაზაფხულზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს, მაგრამ რეალური მიზეზი სხვაა.
"იმელის" ცნობილი შენობის გამო არქიტექტორთა საზოგადოება მას შემდეგ ახმაურდა, რაც ინვესტორმა მისი მარჯვენა ფლიგელის დანგრევა დაიწყო. პროფესიულ წრეებში გაჩენილი პროტესტი მალე ქუჩის აქციაში გადაიზარდა. "იმელის" შენობას ძეგლის სტატუსი დაახლოებით ორი წლის წინ მოუხსნეს, შემდეგ გაყიდეს და თუ დღეს რუსთაველზე ამ შენობასთან ჩაივლით, იქ "კემპინსკის" მომავალი სასტუმროს ბანერებს დაინახავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით არც პროექტია დამტკიცებული და არც ნგრევის ნებართვა გაუცია შესაბამის სამსახურს.
მაშინ ექსპერტების საბჭოს, რომელიც "იმელის "შენობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნა-არმოხსნის საკითხს იხილავდა, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა. გადაწყვეტილებას იღებდა მინისტრი. ამჟამად ეს საბჭო მერიასთან არსებულია. როგორც არქიტექტორები აცხადებდნენ, თბილისის მერი გიგი უგულავა საბჭოზე კონკრეტული ინტერესით იჯდა - "იმელისთვის" მოეხსნათ სტატუსი. სტატუსი ყოველგვარი შესაბამისი დასკვნის გარეშე მოუხსნეს. უფრო მეტიც, საბჭოს ესწრებოდა 7-8 სერიოზული ექსპერტი, რომელთა კონტრარგუმენტებიც არ განიხილეს.
2008 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამ კანონმა ბევრი რამ გააადვილა. სტატუსის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ძეგლის გაბარიტების შეცვლა, დაშენება, ჩამონგრევა, მიშენება. ეს ყოველივე გაერთიანდა ტერმინში - ადაპტაცია. ასე რომ, ძეგლის სტატუსიც კი ვერ იქნება წინაღობა ძეგლზე აქტიური სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესში.
კიდევ ერთი სადავო მომენტი, რაც "იმელის" შენობის ნგრევასთან ერთად ამოტივტივდა, იქ ნაპოვნი საფლავის ქვებია, თბილისის ძველი სასაფლაოდან, რომლითაც არის ნაშენი შენობის გარკვეული ნაწილი. არაბული კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა გიორგი სეთურიძემ მაშინვე უარყო, რომ ნგრევა სწორედ ამ საფლავების ადგილიდან მოშორების მიზნით დაიწყო.
რუსულ-არაბულ-ქართული ფინანსური მატრიოშკის დეტალები, რა თქმა უნდა, ბოლომდე უცნობი რჩება, თუმცა ერთ-ერთი ასეთი დეტალია საქართველოში იმ ბრიტანულ-შვეიცარული, მაგრამ ზედმეტად რუსული სახელწოდების მქონე კომპანიის "კაპიტალ ვოსტოკის" ხელმძღვანელის მაიკლ ტიპინის ინტერვიუ. სწორედ ის უხდიდა მადლობას რუსულ-ქართულ ომს, საქართველოში სარფიანი ბიზნესგარემოს შექმნისთვის.
"ომის შედეგი გახლავთ ის, რომ საქართველოს ხუთდღიანი შედეგი დაუჯდა 100-დან 200 მილიონ დოლარამდე, სამაგიეროდ, საქართველოში 7 აგვისტოს შემდეგ გამოყოფილმა უცხოურმა დახმარებამ თითქმის 5 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ მიწის ყიდვის პროცესში ვართ და მადლობა ომს, რომ ეს მიწები გაიაფდა", - განაცხადა საქართველოში `კაპიტალ ვოსტოკის~ წარმომადგენელმა მაიკლ ტიპინმა.
ქართველი ჯარისკაცების სისხლით გაიაფებულ მიწაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია. უცხოელი ბიზნესმენი ქართველების გაჭირვებაზე ხელს ითბობს და ამას ხმამაღლა აცხადებს კიდეც. თუმცა, მილიონიანი ინვესტიციის მოლოდინით, მსგავს განცხადებებზე ყველა თვალს ხუჭავს.
"კემპინსკის" ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, როცა ყველა დადუმდა და თაბუკაშვილზე გავლისას ვხედავთ "იმელის" შენობის თვეების წინ ამოთხრილ საძირკველში როგორ აღმოცენდება ბუნებრივი წყალსაცავი, საეჭვო ხდება "კემპინსკის" ბედი. ისე გადახადეს სახურავი, ისე გაიყვანეს საძირკველში ხვრელები და ამოთხარეს უზარმაზარი ქვაბული, ვითომც არაფერი. ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს ზედამხედველობის სამსახური? დემონტაჟის უფლება დღემდე არ აქვთ, მაგრამ ფაქტობრივად დემონტაჟი მიმდინარეობს. მერია კომპანიას შენობის დანგრევის უფლებას ოფიციალურად არ აძლევს და დავა დღემდე გრძელდება. ამ ქვაბულში კი პერიოდულად უშვებენ წყალს, რადგან ეს გამოცდილი მეთოდია, სწორედ ასე დაინგრა პურის მოედნის ორი სახლი, მაშინაც არ ჰქონდათ დემონტაჟის უფლება, 3 დღე სარდაფში ჩაუშვეს წყალი და მორჩა. უბრალოდ, `იმელი~ მედგარი გამოდგა.
საქმე ისაა, რომ "დაბი გრუპმაც" და მერიამაც იციან რას ანგრევენ. ამიტომ, არავის უნდა თავის თავზე აიღოს ეს ნგრევა. ღიად ვეღარ ანგრევენ, სწორედ ამის გამო არის დღემდე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებული. არსებობს მოსაზრება, რომ მოთმინებით ელიან ლეტალურ შედეგს. თუმცა, "იმელი" ჯერ მედგრად დგას, აბსოლუტურად გავერანებული და უიმედო. ნუ გაგვიკვირდება, თუ ერთ დღეს იტყვიან, რომ კოჭი გაიბზარა, რაღაც ცვივა და მოსახლეობისთვის სახიფათოა – შესაბამისად, დედაქალაქის ცენტრში არსებული კულტურული ნაგებობა დასაშლელია.
ნინო თამაზაშვილი