ხალხის ხარჯზე გადარჩენილი "ცენტრ-პოინტის' იმიჯი
"თუკი დარჩენილ ფულს არ გადაიხდიან, თუ პიკეტირებას მოახდენენ, თუ შემოსვლის საშუალებას არ მოგვცემენ, ბინებს გავუყიდით'ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში განსაკუთრებით ნეგატიურად სამშენებლო ბიზნესზე აისახა. შეჩერდა იპოთეკური სესხების გაცემა, რასაც დაწყებული მშენებლობების პროცესის შეფერხება მოჰყვა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სამშენებლო ბიზნესის კლიენტები დაიჩაგრა. წლის პირველ ნახევარში შეჩერებული იყო ყველა დაწყებული მშენებლობა, რადგან დეველოპერებს არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად (რომ აღარაფერი ვთქვათ ახლის წამოწყებაზე), მოსახლეობას კი სავსებით სამართლიანად არ ჰქონდა ნდობა დეველოპერთა მიმართ.
მსგავსი კრიზისიდან გამოსვლას, სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტი' მრავალი მეთოდით ცდილობდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ ვერ გაიმარჯვა პროექტ `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ვერცერთ ეტაპზე – მას არცერთი ქართული ბანკი არ ენდო; არ გაამართლა არც ბარტერული გაცვლის მეთოდმა – მევალეებისგან შეწუხებული და ბათუმში გადახვეწილი მაია რჩეულიშვილი სამშენებლო მასალების მწარმოებლებს მასალების სანაცვლოდ უკვე აშენებულ ბინებში ფართს სთავაზობდა.
როცა მასშტაბური ფინანსური პირამიდის მართვა შეუძლებელი გახდა, რჩეულიშვილების ოჯახმა "ცენტრ-პოინტის" ყველა აქტივი და პასივი 'რჩეულის' სასტუმროების ქსელთან ერთად სამწლიან მმართველობაში ახლადშექმნილ საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანია 'დექსუსს' გადაულოცა და ათასობით მომხმარებელს ახალი თავსატეხი დაუტოვა.
"დექსუსი", რომელიც სინამდვილეში იგივე "ცენტრ-პოინტია" და გიორგი ქანანაშვილს მხოლოდ შირმად იყენებს, კლიენტებს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის თანახმადაც კომპანია 18%-იანი დღგ-ის დაფარვას მოითხოვს. გარდა ამისა, 'დექსუსის" მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში არაერთი საშიში პუნქტია ჩადებული.
"ისინი ბინების იპოთეკაში ჩადებას გვთავაზობენ, რათა ბანკიდან კრედიტი აიღონ. სავარაუდოდ, კრედიტის დავალიანებაც ჩვენი დასაფარი გახდება.
გარდა ამისა, "დექსუსი" ამხანაგობებისგან საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიისთვის დათმობას ითხოვს, რაც ასევე უსამართლობაა. მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ჩაბარების ნაცვლად, ისინი შავ კარკასს გვთავაზობენ, რასაც მერია არ ჩაიბარებს და ეს სარემონტო სამუშაოებიც ჩვენი სახსრებით გვექნება გასატარებელი~, - განაცხადა "დექსუსის' დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია მერაბიშვილმა.
'ცენტრ–პოინტის" კრედიტორები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ისინი ერთი კერძო კომპანიის მიერ მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს და სახალხო დამცველს წერილობით ჩააყენებენ საქმის კურსში. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ აქციები გამართეს 'დექსუსის" ოფისთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან.
"ცენტრ-პოინტის" კლიენტები კომპანიის მმართველი `დექსუსის~ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, მორიგი აქცია 20 დეკემბერს 12 საათზე აღმაშენებლის 150- ში `დექსუსის~ ოფისთან იგეგმება. ისინი "დექსუსის" მხრიდან სახელშეკრულებო კონტრაქტების შეცვლას და კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევას აპროტესტებენ.
'დექსუსი' "ცენტრ-პოინტის' მფლობელების იმიჯის გადასარჩენი შირმაა, რათა თავიანთი შეუსრულებელი ვალდებულებები `დექსუსს~ გადააბრალონ. თუკი კომპანია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, ვაპირებთ 'დექსუსის' წინააღმდეგ სასამართლოში საერთო სარჩელის შეტანას. დაიჭერენ თუ არა რჩეულიშვილს?- რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ 'ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, მარტო რჩეულიშვილი კი არ არის დასაჭერი, არამედ მთელი მანკიერი წრე. ისინი თანხის დამატებას გვთხოვენ ისეთ მშენებლობებში, რომლებიც სტანდარტების დარღვევით არის აშენებული", - განმარტავს "დექსუსის" კრედიტორი.
'დექსუსში" კი აცხადებენ, რომ სამუშაოების განახლებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი ამ ეტაპზე უკვე მოზიდულია და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებენ: ბინების შეჩერებულ მშენებლობასაც ბოლომდე მიიყვანენ და "ცენტრ-პოინტ ინვესტის' კრედიტორებსაც გაისტუმრებენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კლიენტები მათ ახალ ხელშეკრულებაზე ხელს მოუწერენ. `ცენტრ-პოინტის~ რეაბილიტაციის დეტალური გეგმა 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
'ვისაც დაფარული აქვს თანხა ბინას ავუშენებ, უბრალოდ ვერ გადავუფორმებ. ბინას მე ავუშენებ და მივცემ.
მანამდე გადახდილ ფულს ერქვა ავანსი. აი, ამ გადაცემისას კი ხდება დაბეგვრა. როდესაც ხდება გადაცემა, ხდება გადასახდელი დღგ, რომელიც 18%–ს შეადგენს. უმრავლესობა გადაფორმების გარეშე ცხოვრობს. არაფერს ახალს მე არ ვეუბნები, სხვა კომპანიები არ ამბობენ ამას, იმიტომ, რომ სხვები არ აშენებენ. ჩვენი მხრიდან გულწრფელობა, როგორც ჩანს, დარტყმას გვაყენებს. ეს არის ის თამაშის წესები, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ. თუ კლიენტი არ მოგვიწერს ხელს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, არ გადავუფორმებთ.
თუკი დარჩენილ ფულს არ გადაიხდიან, თუ პიკეტირებას მოახდნენ, თუ შემოსვლის საშუალებას არ მოგვცემენ, გავუყიდით ბინას, ხოლო ვისაც გადახდილი აქვს მთლიანი თანხა, მიიღებს ბინებს, უბრალოდ ვერ გადავაფორმებ, იმიტომ, რომ დღგ–ა გადასახდელი",- აცხადებს "დექსუსის" დირექტორი გიორგი ქანანაშვილი და დასძენს, რომ აქციები კლიენტების ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს, 18%-იანი დღგ-ს გადახდა კი სავალდებულოა.
ქართულ სამშენებლო ბიზნესში მსგავსი პარადოქსები მას შემდეგ მომრავლდა, რაც მენაშენეები, რომლებსაც ბიზნესი ფაქტობრივად 'ჰაერის' ანუ წინასწარი გაყიდვებით ჰქონდათ აწყობილი, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. არადა, ვირტუალური ბინების მფლობელთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს გასტუმრება და შესრულება უნდა. თუმცა, ქვეყანაში, სადაც კანონს ძალა არა აქვს, `დექსუსის~ მსგავსი სამშენებლო კომპანიები განაჩენს მარტივად გამოგიტანენ, მთავრობა კი ასე შეგნებით თუ შეუგნებლად უწყობს ხელს საქართველოში თაღლითებს და იმას, რომ უამრავი ადამიანის მიერ ბინის შესაძენად შეკოწიწებული ფული სწორედ თაღლითებმა მიითვისონ.
ნინო თამაზაშვილი