"ძველები" "ძველი თბილისის" მეშვეობით მდიდრდებიანდეველოპერული კომპანია "არსი" "საქართველოს ბანკისგან" აღებული სესხის დასაფარად თბილისის მერიისგან თანხებს ტრანშებად მიიღებს. მუნიციპალიტეტი კომპანიას თანხებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში გადაურიცხავს.
მიღებული საკრედიტო ხაზით "არსმა" საცხოვრებელი კომპლექსის "ორთაჭალის ტურფა" მშენებლობა დაასრულა. თბილისის მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, 1,106 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს, ხოლო დარჩენილ 3,284 მლნ აშშ დოლარს 2011 წლის იანვარში. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ გიგი უგულავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში ხალხი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოცემული თანხის გამოყოფა არავისთვის უკითხავთ. ან საერთოდ რატომ უნდა დაფინანსდეს გადასახადის გადამხდელთა მიერ კერძო სამშენებლო კომპანია?
პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" 2009 წლის 28 ივლისს დაიწყო და I კონკურსი 2009 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 12-მა სამშენებლო კომპანიამ მიიღო, რომელთაგან ყველაზე მეტი თანხა – 9 007 060 დოლარი სწორედ "არსს" გამოეყო, რატომ "არსს", არავის განუმარტავს და დაუსაბუთებია.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანიებს კრედიტები სახელმწიფოს გარანტიით უნდა მიეღოთ. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ამ პროექტს დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება, რადგან ხელი შეეწყობა როგორც სამშენებლო, ისე საბანკო სექტორის გამოცოცხლებას. მაგრამ რატომ გადაეცემა კომპანია "არსს" თანხები ბიუჯეტიდან ტრანშის სახით, გაურკვეველია
სამშენებლო სექტორში დღეს არსებული ტენდენციების შესახებ ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი აცხადებს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი დაკისრებულ ვალდებულებებს დღემდე ვერ ასრულებს და მიუხედავათ კომპანიების მხრიდან იმის მტკიცებისა, რომ სამუშაოები არ ფერხდება, სინამდვილეში სულ სხვა სურათია. ექსპერტის განმარტებით დეველოპერებს პრობლემები ეკონომიკური კრიზის გარდა მათ მიერ გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯებმაც შეუქმნა, რისთვისაც პასუხი თავად უნდა აგონ. ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი ვალდებულებები 70-80%-ს აღწევს, შესაბამისად, საკმაოდ დიდია დაზარალებული მომხმარებლების რაოდენობა. თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას სასამართლო დავა აქვს კლიენტთან და, შესაბამისად, მათი ქონებაც დაყადაღებულია. ამ ფონზე დეველოპერების დახმარება ურიგო არ არის, მაგრამ ბიუჯეტიდან, ანუ მოსახლეობის ჯიბიდან კომპანიაზე თანხების გადაცემა დაუშვებელია.
კომპანია "ისტ-გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს, აცხადებს:
"ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების სერიოზული ანალიზი მაქვს გაკეთებული. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამშენებლო სექტორის არნახული გააქტიურება იყო. რასაკვირველია, ხანმოკლე საუბრისას ამის დასაბუთება ძნელია, მაგრამ ეკონომიკის სტიმულირება იმით, რომ სამშენებლო სექტორს მისცენ ფული ავანტიურული სქემების დახმარებით, აბსოლუტურად მცდარი გზაა. ვფიქრობ, ეს არის ფინანსური პირამიდა, რომელიც წინასწარ განწირულია მარცხისთვის. მართალია, ეს არაჩვეულებრივი რამ არის იმ ხალხისათვის, ვინც ავარიული სახლებიდან ახალ ბინაში გადავა, მაგრამ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისათვის იქნება ცუდი. გააჩნია, რა კუთხით განვიხილავთ პრობლემას. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის ავანტიურისტული გარიგება!"
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ბ&ფ" დეველოპერულ კომპანია "არსს" დაუკავშირდა. კომპანიაში დაადასტურეს, რომ მერიიდიან თანხების მიღებას მართლაც ქონდა ადგილი და ეს თანხები სწორედ ბანკის კრედიტის დასაფარავად იქნა გამოყენებული.
"არსის" წარმომადგენლების განმარტებით, მართალია მშენებლობა სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტით მიმდინარეობდა, მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ კრედიტის დასაფარად სწორედ მერიას უნდა გამოეყო სახსრები. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან მოხდა ბინების შეძენა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც თანხმობა განაცხადა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტში მონაწილეობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია ქალაქის მერიაშიც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანია მიიღებს მერიისგან თანხებს. მხოლოდ ეს იმ ეტაპზე, როცა მშენებლობა დასრულდება და რეალურად მოხდება ხალხის შესახლება ახალ ბინებში. მანამდე კი მერია სამშენებლო კომპანიებს მხოლოდ გარანტორად უდგება სესხის მისაღებად.
ლოგიკურია დაისვას შემდეგი კითხვები: რატომ უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივმა მოსახლეობამ, ანუ გადასახადის გადამხდელებმა ბინების მშენებლობის თანხა? ან თუ მაინცდამაინც რატომ პირდაპირ არ გადასცა მერიამ მშენებლებს თანხები ბინების დასრულებისთვის, ბანკიდან აღებულ კრედიტს ხომ საპროცენტო ხარჯიც დაემატებოდა? რაიმე გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი მერიას და ბანკებს შორის?
ფაქტი ერთია, ამ პროექტით მოგებული რჩება ერთის მხრივ ბანკები, რადგან მათ სესხების გაცემა მინიმალური რისკით მოუხდათ, მეორეს მხრივ, დეველოპერები, მათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლეს კრედიტების მიღება. მაგრამ მოსახლეობა და სახელმწიფო, პირიქით, დაზარალდა. ხალხმა თავიანთი ჯიბიდან დააფინანსა გარკვეული მშენებლობები, ისე, რომ ეს მათთვის არ უკითხავთ. რეალურად ხომ სწორედ ბიუჯეტიდან დაფინანსდა ცალკეული სამშენებლო პროექტები. მოსახლეობისთვის რაიმე სარგებლის მოტანაზე თუ შეიძლება ვისაუბროთ, ეს იქნება ხალხის ის მცირე ნაწილი, რომელიც ახალ ბინებს მიიღებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება მათთვის უსასყიდლო, მათ ხომ ძველი ბინები უნდა დათმონ ახლის მისაღებად.
რა გამოდის, მერიამ ხალხს თავად ააშენებინა ის საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც თვითონ უნდა იცხოვრონ, ხოლო ძველი ბინები და შესაბამისად ტერიტორიაც თავად გადაიფორმა და როგორც უნდა ისე განკარგავს. ეს ფაქტობრივად საკუთრების ჩამორთმევაა შენიღბული და ირიბი გზით.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და არ ვილაპარაკოთ სახელმწიფო-ბანკები-დეველოპერების გარიგებაზე, ფაქტი ერთია, სამშენებლო და საბანკო სფეროს სფეროს ხელშეწყობა მოსახლეობის ხარჯზე მოხდა, თან კრიზისის პერიოდში, როდესაც თავად ბანკებს მოსახლეობით მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია და ვითარებიდან გამომდინარე საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობისთვის არ გადაუხედავს. ბანკების რისკები კი ჩვენ მომხმარებლებმა დავაფინასეთ. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ თუ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მცხოვრები თბილისელი იუმჯობესებს საბინაო პირობებს, (თუ იუმჯობებსებს), ეს არასგზით ეხება უამრავ უბინაოს, უსახლკაროს, უმძიმეს პირობებში მყოფებს. ეს კი უბრალოდ და მარტივად სოციალური უთანასწორობის ერთგვარი გამოვლინებაც არის.
ნოდარ ჭიჭინაძე