ნანახია: 929
საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, პრივატიზაციის პროცესმა აქტიური სახე მიიღო და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდა. საპრივატიზაციო გეგმის შესასრულებლად ხელისუფლება უკან არაფერზე იხევს და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასაც არ ერიდება. ერთ-ერთი მათგანი "საქართველოს რკინიგზაა". ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამის შესახებ, მაგრამ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების საკითხი დღის წესრიგში იმაზე ადრე დადგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა გასხვისება ნაწილ-ნაწილ ხდება. მისი პრივატიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაბი კი, რკინიგზის ანგარიშზე არსებული ვალების მოცულობა უნდა იყოს. შეგახსენებთ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 360 მლნ ევროდაა შეფასებული, აქედან "საქართველოს რკინიგზა" 100-100 მლნ ევროს ოდენობის კრედიტს 9 წლიანი ვადით იღებს - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაA(EBღD) და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB). გარდა ამისა, რკინიგზის სესხს უკვე დაემატა 250 მლნ დოლარის ოდენობის ობლიგაციები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ეს კი კვლავ დამატებითი სესხის აღებას ნიშნავს. საქართველოს მთავრობა რკინიგზის შესაძლო გასხვისებას უარყოფს, მათი განმარტებით რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორთა სტრატეგიებშიც შედის. თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" ნაწილი, კერძოდ კი, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის შენობა-ნაგებობები და ტერიტორია უკვე გასხვისებულია. ბორჯომის რაიონის მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია, პრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს გადაეცა მმართველობაში, მაგრამ რა პერიოდით და რა ფასად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "საქართველოს რკინიგზას" შემდეგი კითხვებით მივმართეთ: რა თანხად გაიყიდა ეს ტერიტორიები? ან ვის გადაეცა დროებით მმართველობაში და რა ინფორმაციას ფლობენ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ახალი მფლობელის შესახებ: ჩატარდა თუ არა ტენდერი, რა პირობებით მოხდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის გადაცემა, ევალება თუ არა ახალ მმართველს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუნარჩუნოს რკინიგზას პროფილი? და ა.შ. მაგრამ "საქართველოს რკინიგზამ" ამ საკითხებზე ინფორმაციის მოწოდება არ ისურვა.
ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის სადგური, მოსაცდელი დარბაზი, შემნახველი კაბინეტები, სალაროები უქმდება, იგეგმება ლიანდაგების აყრაც. მატარებელი კი ახლანდელი რკინიგზიდან 1 კილომეტრის მოშორებით, რაიონული მატარებლებისთვის განკუთვნილ ლიანდაგებზე გაივლის, ხოლო ბორჯომის რკინიგზის სადგური ე.წ. "ჩარხის წყალთან" გადავა. ანუ, ბორჯომის ახლანდელი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გამოთავისუფლდება, რომელიც უკვე ახალი მმართველის მფლობელობაშია.
ბორჯომის მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯობ-ბაკურიანის რკინიგზის სადგურში 142 ადამიანი მუშაობდა, ახალმა მმართველმა მათი ნაწილი დაითხოვა და დღეისთვის მხოლოდ 79 ადამიანი დაიტოვა სამუშაოდ. თუმცა ამ ადამიანთა მუშაობის საკითხიც სამომავლოდ გაურკვეველია, რადგან ახალმა მმართველმა შესაძლოა ეს ხალხიც დაითხვოს. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაში მომუშავე პერსონალი, ახალი პროფილის შენობა-ნაგებობების აშენების შემდეგ შესაძლოა აღარავის დასჭირდეს.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება "საქართველოს რკინიგზის" შემთხვევაშიც არ ღალატობს თავის ჩვეულ წესს და მილიონობით ლარს უგზოუკვლოდ ხარჯავს. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ჯერ გაარემონტა და შემდეგ გაასხვისა. სარემონტო სამუშაოები ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის სადგურზე 2008 წლის ივლისში დასრულდა და მისი გარემონტება მილიონობით ლარი დაჯდა. ერთი შეხედვით გაურკვეველია, რატომ დახარჯა მთავრობამ მილიონობით ლარი რემონტზე, თუ მისი გასხვისება იგეგმებოდა და რატომ არ მოხმარდა ეს თანხა ბევრად მნიშვნელოვან, ქართველი ხალხისა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს. მაგრამ ბორჯომის რკინიგზის სადგურის ახალი მფლობელის ვინაობის გათვალისწინებით გაურკვეველიც კი გარკვეულია.
საქართველოს ხელისუფლების თავსატეხს შენობა-ნაგებობების პრივატიზების გარდა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციების მოცულობის მაქსიმალური ზრდაც წარმოადგენს. რკინიგზის გაუქმებისა და ლიანდაგების აყრის ხარჯზე ტერიტორიის გამოთავისუფლება პირველად ბორჯომში არ ხდება, ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს უკვე ნაცადი ხერხია და მათი განმარტებით ეს ახალი, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია. თუმცა ბორჯომის შემთხვევაში საქმე საკურორტო ზონას ეხება. როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ასევე დიდად იღწვის ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და ათასობით ტურისტის მოზიდვისთვის, ერთი შეხედვით ცხადი ხდება, რატომ სურს ქალაქ ბორჯომის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ადგილას, სასტუმრო-რესტორნები ააშენოს. მაგრამ საკითხავია, თუ ვინმემ მოინდომა ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება, რკინიგზის სადგურის გარდა, ამ რაიონში სხვა შენობა-ნაგებობა, ან ტერიტორია არ მოინახა? რადგან უდიდესი ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყნის პირობებში, ჯერ რკინიგზის რემონტზე დახარჯული მილიონები და ახლა მისი გადაადგილებისთვის გაწეული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებას უდიდეს ზარალს აყენებს და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის ძმამ მოისურვა ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდება?
მართალია, არც "საქართველოს რკინიგზა" და არც ხელისუფლება ბორჯომის რკინიგზის გასხვისებას არ ადასტურებს, მაგრამ ფაქტია, რომ რკინიგზის სადგურების ნაწილ-ნაწილ გასხვისება დაწყებულია. შემდეგი სადგური - ჯერ უცნობია.
თეონა ჭიტაძე
|