ნანახია: 1960
მსოფლიოში საფინანსო კრიზისი მძვინვარებს. ბუნებრივია, ეს პრობლემა საქართველოსაც შეეხო,. გარდა ფინანსური კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკას რუსეთ - საქართველოს ომმაც დიდი ზიანი მიაყენა, არსებობს კიდევ სხვა პრობლემებიც, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის წინსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორს იაკობ მესხიას გავესაუბრეთ. - ბატონო იაკობ, როგორ შეაფასებდით დღევანდელი ქართული სამშენებლო სექტორის მდგომარეობას, რა ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ფინანსური კრიზისი მასზე, რამ გამოიწვია საქართველოს სამშენებლო ბიზნესში კრიზისი და რა პერსპექტივები გააჩნია მომავალში ამ სფეროს, მოსალოდნელია თუ არა ბინებზე ფასების კლება? - სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე რეალურად მომგებიანი სეგმენტია, საბანკო სექტორის შემდეგ. ეს ის დარგებია, სადაც მოგების მარჟა 300%-დან 400%-მდე ადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სექტორები ძალიან დიდ ზემოგებას ღებულობენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას მყიდველი ჰყავს. სწორედ ეს განაპირობებს მოგების მაღალ მარჟას. სამშენებლო სექტორი დღეისათვის საქართველოში კრიზისულ მდგომარეობაშია, ეს აშკარად უნდა ითქვას. სულ ახლახან ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა, აღიარა და თქვა, რომ მთლიანად ეკონომიკაში და მათ შორის სამშენებლო სექტორშიც კრიზისია. Kსაქართველოს ეკონომიკაში კრიზისის გამომწვევ სამ მიზეზს გამოვყოფდი: მსოფლიო ფინანსური კრიზისის ზეგავლენა, რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული აგვისტოს ცნობილი მოვლენები და სუსტი სახელმწიფო ეკონომიკური მენეჯმენტი. სახელმწიფო სათანადო დონით და ხარისხით ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მართვას და რეგულირებას. ძალიან ბევრმა სამშენებლო კომპანიამ აღიარა, რომ მათ პრობლემები შეექმნათ. ასეთებია, მაგალითად, "არსი", "აქსისი", "ცენტრ-პოინტი". კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ მათ "ჩაუწვათ საქონელი", რომელთა გაყიდვა უკვე პრობლემის წინაშე დადგა, მეორე პრობლემა არის ის, რომ მათ ახალი მშენებლობების დასაწყებად საბრუნავი სახსრები არ აქვთ, ხოლო სახსრები იმიტომ არ აქვთ, რომ წარმოებულ პროდუქტს, ანუ ბინებს, ვერ ჰყიდიან, დიდი პრობლემაა საბანკო სესხების მიღებაც. ფასები სამშენებლო პროდუქციაზე უთუოდ დაეცემა, ამას განაპირობებს ჯერ ერთი ის, რომ მოთხოვნა, მოსახლეობაში ფულის არქონის გამო, დაბალია, მიწოდება ანუ პროდუქცია უკვე შექმნილია, ამიტომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა კომპანიები დარწმუნდებიან, რომ მათ მიერ დასახელებულ ფასად ვერ ჰყიდიან პროდუქციას, იძულებულნი გახდებიან დაწიონ ფასები. სამშენებლო პროდუქციაზე ფასების დაწევის მეორე ფაქტორი ის არის, რომ სამშენებლო პროდუქციაზე ფასები დაეცა, რაც მსოფლიო ბაზარზე მეტალის, ცემენტის და სხვა სამშენებლო კონსტრუქციაზე ფასების შემცირებით იქნება გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო კრიზისის გავლენაა. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზე იმოქმედებს და ფასები შემცირდება. - მსოფლიოში საფინანსო კრიზისი მძვინვარებს, მთავრობა ბოლო დრომდე ამ საკითხებზე საუბრისგან თავს იკავებდა, თუმცა წინა კვირაში პრეზიდენტმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკაში კრიზისია. რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით და რა ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე? - საქართველოში ფინანსური კრიზისი რომ დაწყებული იყო, წელიწად ნახევრის უკან ამის შესახებ ჩვენ, მეცნიერები, მკვლევარები და ექსპერტები თამამად და ცალსახად ვანცხადებდით, თუმცა ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევდა, უფრო მეტიც, ფინანსური კრიზისის დაწყების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვ. აცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ კრიზისი გავლენას იქონიებს ყველა ქვეყანაზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო რუსეთ-საქართველოს ომს და ჩვენ ნეგატიური მოვლენები ამ მიმართულებით არ გველოდება, ეს იყო ის განცხადება, რომელიც ნამდვილად არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენს ხელისუფლებას იმის ვაჟკაცობა უნდა ჰყოფნოდა, რომ დროულად გამოეცხადებინა ამის შესახებ და შეემზადებინა, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ისე ბიზნესი და მეწარმეები. დღეს საქართველოში ფინანსური კრიზისია და არა მხოლოდ ფინანსური კრიზისი, არამედ საქართველოში არის აშკარად რეცესია ანუ ეკონომიკური ზრდის დაცემა. მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც უკვე გადაზრდილია ეკონომიკურ რეცესიაში, უთუოდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა უკვე არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა ზოგიერთი ჩვენი სახელმწიფო მოხელე აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში არ არის ინტეგრირებული და მათ მხედველობაში აქვთ ის, რომ ჩვენ ძალიან ცოტა პროდუქცია გაგვაქვს ექსპორტზე, სამაგიეროდ, საქართველოს შემოაქვს 4-5-ჯერ უფრო მეტი პროდუქცია, ვიდრე გააქვთ საქართველოდან. პროდუქციის შემოტანა და გატანა არის ნიშანი საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციისა. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროგნოზები გავლენას ახდენენ იმ ქვეყნების ეკონომიკებზე, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, ბუნებრივია, რომ ეს კრიზისული პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს. - ქართულ საბანკო სექტორს 2009 წლის დასაწყისში 500 მილიონი დოლარის ვალი აქვს გადასახდელი, თქვენი აზრით, რამდენად მოახერხებენ ქართული ბანკები ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას და საერთოდ, რა აზრის ხართ, რამ გამოიწვია საბანკო სექტორში კრიზისი? Mმოსალოდნელია თუ არა, რომ ზოგიერთ ბანკს მომავალში სერიოზული პრობლემები შეექმნას? - კორპორაციული ვალები საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას და ბიზნესსექტორს გააჩნია. საქართველოს ბანკების უმრავლესობა, 23-დან დაახლოებით 16 ბანკი, პირდაპირ არის ინტეგრირებული მსოფლიოს მსხვილ ბანკებთან, განსაკუთრებით ევროპის ბანკებთან, საიდანაც ისინი ეგრეთწოდებულ ტრანშებს იღებენ, ეს არის ის ფული, რომელსაც უცხოური ბანკები ჩვენ საბანკო სისტემაში დებენ და აქედან მათ მოგება გააქვთ. ეს ფული მხოლოდ მოგების მიღების მიზნით შემოდის და არა საბანკო სექტორის ამოსაქაჩად.Eეს არის სუფთა კლასიკური ბიზნესი. ამიტომ იქიდან შემოსული თანხებით მოხდება ამ ვალების დაფარვა ე.წ. პირამიდის მეთოდით. ასე რომ, არა მგონია, ჩვენმა ბანკებმა უცხოურ კომპანიებს ვალების გადახდაში რაიმე პრობლემა შეუქმნან. მსოფლიოში მიმდინარე საბანკო კრიზისი ჩვენს საბანკო სექტორზე გავლენას იქონიებს იმდენად, რამდენადაც იმ ბანკებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ და საქართველოში ასეთი ბევრია, ისინი ძველებურად საბანკო სახსრებს ვეღარ გადაურიცხავენ. ამიტომ ჩვენს ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნებათ. სხვათაშორის, ჩემი პროგნოზებით, და ამას ექსპერტებიც უჭერენ მხარს, საბანკო სექტორში ყველაზე მძიმე მდგომარეობა 2009 წლის გაზაფხულზე შეიქმნება, რომელიც, ალბათ, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება. - მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფალნი აქტიურად ცდილობენ მსოფლიო საფინანსო კრიზისისაგან საკუთარი ქვეყნების დახსნას. ჩვენს მთავრობას, იმისდა მიუხედავად, რომ აგვისტოში ომი გადავიტანეთ და ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ გააჩნია. მათი განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე შემცირება სერიოზულ დახმარებას გაუწევს საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. როგორ შეაფასებდით ამ გადასახადის შემცირებას და რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გააჩნია ანტიკრიზისული გეგმა? - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არც გრძელვადიანი, არც საშუალოვადიანი და არც მოკლევადიანი სტრატეგია, არც პროგრამა და არც კონცეფცია. მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მართვა და რეგულირება ხდება ე.წ. იმპულსური მეთოდით. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დაგვიანებულად აღიარა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი და დაიწყო ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა. ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება კი ძალიან შრომატევადი მეცნიერული და შემოქმედებითი სამუშაოა. საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაზე (საშემოსავლო გადასახადის 25%-დან 20%-მდე შემცირება) მთავრობამ განაცხადა, რომ ამით ისინი ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან, რაც რა თქმა უნდა, უცოდინარობაა, რადგან გადასახადის 5%-იანი დაცემა არანაირ გავლენას ბიზნესზე არ მოახდენს. უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ღონისძიებათა ისეთი ნუსხა, რომელიც შიდა დანაზოგების ბიზნესსექტორში ჩადებას უზრუნველყოფს, ანუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ისეთი ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც სტიმულს მისცემს უცხოურ ინვესტიციებს, მაგრამ მომავალი ორი წლის განმავლობაში ეს ძალიან რთული იქნება. - 2009 წლის ბიუჯეტი მილიარდით მცირდება. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ბიუჯეტში სოციალური საკითხები წინა პლანზეა წამოწეული, როგორ შეაფასებთ მომავალი წლის ბიუჯეტს და რეალურად არის თუ არის ის სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული? - 2009 წლის ბიუჯეტი მილიარდით არ მცირდება. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა გაავრცელეს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 2009 წლის ბიუჯეტი, 2008 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მხოლოდ 125 მილიონით მცირდება. 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) ზრდა 2_3% ის ფარგლებშია გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა მხოლოდ 250 მილიონი ლარითაა გათვალისწინებული. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი გათვლაა. თუ მშპ 2-3%-ით იზრდება, მაშინ საგადასახადო შემოსავლები 250 მილიონზე ბევრად მეტი უნდა იყოს. 2008 წლის ბიუჯეტი 175 ათასიანი პროფიციტით დაგეგმეს. ფაქტობრივად, ის უკვე ნახევარმილიარდიანი დეფიციტია, ხოლო 2009 წელს პროფიციტზე ლაპარაკიც არ არის და მისი დეფიციტი 493 მილიონი ლარია. 2009 წლის ბიუჯეტი ოთხი მიმართულებით მცირდება: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და საბინაო კომუნალური მომსახურება. გაიზარდა გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, დასვენება, კულტურა, რელიგია, განათლება, სოციალური დაცვა და ეკონომიკური საქმიანობა. ეს უკანასკნელი 137 მილიონი ლარით გაიზარდა, ანუ 2008 წელს იყო 602 მილიონი ლარი და გახდა 739 მილიონი ლარი, მაგრამ ამ კრიზისის დროს ეკონომიკური საქმიანობისთვის 739 მილიონი ლარის გამოყოფა ძალიან ცოტაა. თუ ბიუჯეტის სახსრების ხარჯვისადმი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კონტროლი არ გაიზარდა, ჩვენს ბიუჯეტს ეფექტი არ ექნება, რადგან ბოლო წლების ბიუჯეტები საშინლად კორუფციული ხასიათისაა. - საქართველოს ბანკების უმეტესობამ კრედიტების გაცემა ძალიან გაართულა და სესხებზე პროცენტებიც გაზარდა, ამასთან, ომის შემდგომ მთავრობაც აღიარებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები თითქმის აღარ შემოდის. ამ პირობებში როგორ გესახებათ საქართველოს ადგილობრივი წარმოების განვითარება? - თუ კრედიტებზე ასეთი მაღალი განაკვეთები იქნა, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორის გავლენა ეკონომიკის სტიმულირებაზე მნიშვნელოვნად დაეცემა და ეს ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ბანკები გათავხედდნენ, რადგან ისინი უზარმაზარ მოგებას არიან გამოდევნებულნი. ჩვენთან საბაზო განაკვეთი არის 10%, რომელიც ეროვნული ბანკის მიერაა დაწესებული. ჩვენი ბანკები კი კრედიტებს 30%-დან 40%-მდე ჰყიდიან. - მთავრობაში ახალი ცვლილებების შემდეგ მოსული პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი პირდაპირ თუ ირიბად კახა ბენდუქიძეს დაუპირისპირდნენ, რომელიც ასე თუ ისე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკას განაგებდა. თქვენი აზრით, მოახერხებენ ახალი მინისტრი და პრემიერი ბენდუქიძის ჰეგემონიიდან თავის დახსნას და თუ შეძლებენ თავიანთი პოლიტიკის გატარებას? - სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკას ბოლო წლებში არ გაუმართლა იმითაც, რომ მისი მართვის სათავეებთან იდგნენ და ახლაც დგანან, არაპროფესიონალები, გამოუცდელები, თინეიჯერები, რომლებსაც ამ სფეროში არა აქვთ არც კლასიკური განათლება და არც გამოცდილება, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ბენდუქიძე ყველაზე განათლებულია იმ ეკონომიკურ გუნდს შორის, რომელიც ახლა არის მთავრობაში, მაგრამ ბენდუქიძემ ბელადის სტატუსი იმიტომ მოიპოვა, რომ ის სხვებზე ძლიერია, სხვებზე ძლიერი კი იმით არის, რომ სხვები ძალიან სუსტები არიან. რაც შეეხება პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირებას ბენდუქიძესთან, მე ამას ვერ ვხედავ. ბენდუქიძის ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული უნდა იყოს, ოღონდ სხვა სფეროში.
ესაუბრა გოგა აბრამიშვილი
|