ნანახია: 2646
ოსტაპ ბენდერი თაღლითობის 400 გზას იცნობდა. ცნობილი ლიტერატურული გმირის არსენალი გაცილებით მრავალფეროვანი იქნებოდა, მას რომ თანამედროვე საქართველოში ეცხოვრა. ამ კუთხით საქართველო მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც მსურველს შეუძლია უამრავ ადამიანს თანხა გამოსძალოს და რამდენიმე წლის განმავლობაში ატყუოს ისე, რომ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენთან განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიებს აქვთ სახელი გატეხილი. მათ მიერ ჩატარებულ მაქინაციებს კი ბევრი დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც ზოგჯერ მათთვის უცნობი შინაარსის მქონე ხელშეკრულებების, ზოგჯერ კი საერთოდ ხელშეკრულების გარეშე დაიწყეს თანხების შეტანა სამშენებლო კომპანიებში. ახლა გიამბობთ ისტორიას იმისა, თუ როგორ ატყუებდა და დღესაც ატყუებს სამშენებლო კომპანია ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომლის სახლსა და გვარსაც შეგნებულად არ გთავაზობთ. არსებობს ეჭვი, რომ ასეთი მოტყუებული ადამიანები ბევრია, რომლებიც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ არსებული პრობლემის მოგვარებას. პირმა, რომლის შესახებაც მოგითხრობთ, 2007 წელს სამშენებლო კომპანია”მოდულთან” დადო ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება მშენებარე ბინის თაობაზე. მას შემდეგ, რაც კომპანია”მოდულს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და მშენებლობა ფაქტიურად გაჩერდა (აგვისტოს ომის შემდეგ), გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ კომპანია ”მოდული” შეიძლებოდა გაკოტრებულიყო და კომპანიაში მანამდე შეტანილი მთელი თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩენილიყო. კომპანია ”მოდულის” საქმიანობის მსხვერპლმა მაშინ შეიტყო, რომ არსებობს თავის დაცვის მექანიზმი, რომელსაც საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ჰქვია. თავის დაცვის ეს მექანიზმი არის რეგისტრაციის სახე, როცა მყიდველი რეგისტრირდება, როგორც ბინის მომავალი მესაკუთრე და ბინა იმ შემთხვევაში გადადის საკუთრებაში, როცა იგი მთელ თანხას გადაიხდის. ამ სახის რეგისტრაციას საფუძვლად ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება ედება. თავის დაცვის ასეთი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, თუკი სამშენებლო კომპანია გაკოტრდა, ამ ბინას ყადაღას ვერავინ დაადებს, ე.ი. მყიდველი იმას მაინც არ დაკარგავს, რაც აშენებულია. მაშინ კომპანია ”მოდულს” მყიდველმა რამდენჯერმე მიმართა ბინის წინასწარი რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა, ყოველ მიმართვაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მიზეზად ტექნიკური პრობლემები მოიმიზეზეს და ამ მოთხოვნის შესრულებას მოგვიანებით დაჰპირდნენ. ზუსტად იმავე პერიოდში ტელევიზიით გამოსვლისას კომპანია ”მოდულის’’ მაშინდელი წარმომადგენელი რევაზ ჟღენტი აცხადებს, რომ მათ არცერთ ობიექტზე წინასწარი რეგისტრაციის არანაირი პრობლემა არ აქვთ და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ამ სახის რეგისტრაცია. მიუხედავად ამ განცხადებისა, მყიდველმა ვერ შეძლო ამ რეგისტრაციის განხორციელება, რის შემდეგაც ჩნდება დიდი ეჭვი, რომ კომპანიას ეს კონკრეტული ბინა ორჯერ ან მეტჯერ აქვს გაყიდული და მხოლოდ დროის გაყვანა უნდა. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ამ ბინას ორი ან მეტი მფლობელი ჰყავს, ხოლო კომპანია ”მოდული” აღარ არსებობს. დღეს საქმე კომპანია ”მოდულსა” და ისტორიის გმირს შორის სასამართლოშია და მეორე ინსტანციაში განიხილება. პირველმა ინსტანციამ მომჩივანის მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა. კომპანია კი დღემდე უარყოფს, რომ ხელშეკრულებაზე, რომელიც მყიდველს 2007 წელს გაუფორმეს, კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერაა. მართალია ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანია ვალდებულია მასში გაწერილ ვადებში დაასრულოს მშენებლობა, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველს მის მიერ გადახდილი თანხის 1% გადაუხდის, მაგრამ თუ კომპანია გაკოტრდა, ხელშეკრულების ეს მუხლიც, ისევე როგორც მთლიანი ხელშეკრულება, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდება. კიდევ ერთი ფაქტორი, თანაც ძალიან უცნაური, რამაც მყიდველები კიდევ უფრო დააბნია და საგონებელში ჩააგდო არის ის, რომ საჯარო რეესტრში აღმოჩნდა რამდენიმე დარეგისტრირებული კომპანია სახელწოდებით ’’მოდული”, რომელთაც მხოლოდ განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი აქვთ. ამასთან, საჯარო რეესტრის საიტზე მითითებულია, რომ მათ შორის რამდენიმე კომპანიას ყადაღა აქვს დადებული. აქ ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ერთიდაიგივე პირებმა რამდენჯერმე დაარეგისტრირეს კომპანია ერთიდაიგიგვე სახელწოდებით. ისტორიის გმირმა არაერთხელ მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, თუმცა, მათგან პასუხი არ მიუღია. ეს ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, მაგრამ ბინის არქონის გამო ამას დღემდე ვერ ახერხებს. მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულებით პრობლემისადმი და თაღლითებისადმი კარგად გამოჩნდა ის, თუ რამდენად უწყობს მთავრობა ხელს ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში. `რაც 13 წლის განმავლობაში ფული ვიშოვე უცხოეთში, ჩემი ალალი შრომით, სრულად ჩავდე ბინის აშენებაში. ხელისუფლება კი ჩემი პრობლემის უგულებელყოფით ხელს უწყობს იმას, რომ მე არ დავბრუნდე საქართველოში”. ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანია ”მოდულის” ვებ-გვერდზე ვკითხულობთ შემდეგ მიმართვებს: ”განსაკუთრებული შეღავათები სამშობლოში დაბრუნებულებს!”, ”ჩვენ ვართ კომპანია, რომლისთვისაც მთავარია ადამიანური ფაქტორი”, ”ეროვნული სულისკვეთება”,”თანადგომა" და ა.შ. ახლა კი კომპანია ”მოდული” მთავრობის მიერ სამშენებლო კომპანიებისთვის შეთავაზებულ პროექტში ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, რისთვისაც ძველი თბილისის მოსახლეობის დათანხმებას ცდილობს. პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, კომპანია მიიღებს ახალ თანხებს იმისთვის, რომ გააგრძელოს მოსახლეობის მოტყუება და პირამიდების აგება. აი, ასე, შეგნებით თუ შეუგნებლად, უწყობს ხელს მთავრობა საქართველოში თაღლითებს და იმას, რომ უამრავი ადამიანის მიერ ბინის შესაძენად შეკოწიწებული ფული სწორედ თაღლითებმა მიითვისონ.
გიორგი შუბლაძე
|