DataLife Engine > ენერგეტიკა > რუმინეთთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა იწყება
რუმინეთთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა იწყება8 ოქტომბერი 2009. : merabi |
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმი გაფორმდა, გაფორმებული ოქმით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გაგრძელდება დაწყებული თანამშრომლობა და მალე ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ენერგეტიკის სექტორში.
საქართველოსა და რუმინეთს შორის, ძირითადად, განიხილება ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხი კასპიის ზღვის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე და შემდეგ უკვე ნავთობპროდუქტების გადაზიდვის შესაძლებლობა რუმინეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ნებისმიერი სატრანზიტო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, რადგან ამგვარი პროექტები მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. "ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და შაჰ-დენიზის პროექტებმა დიდი მნიშვნელობა შესძინა საქართველოს. შაჰ-დენიზიდან მიღებული გაზის საფასურად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის ღირებულება არ გაიზრდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რუმინელებთან ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მიიღებს, როგორც საქართველოს ბიუჯეტი, ასევე მივიღებთ გაზის დამატებით მოცულობებს ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგებისათვის" - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ამგვარი პროექტებით კიდევ ერთხელ ხაზი ესმება საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მნიშვნელობას რეგიონში და, როგორც ევროკავშირისათვის ერთ-ერთ ძირითად ალტერნატივას, რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიღების საკითხში. საქართველოსა და რუმინეთს შორის განიხილება პროექტი, რომელიც გულისხმობს შავ ზღვაზე გაზის გამათხევადებელი ქარხნის მშენებლობას და აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული გაზის ამ ქარხანაში გათხევადებას. შემდეგ უკვე გათხევადებულ მდგომარეობაში გაზის რუმინეთში გადაზიდვას, სადაც გათხევადებული გაზი ისევ მიიღებს ბუნებრივ სახეს და მოხმარდება ევროპული ქვეყნების გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. |