DataLife Engine > ენერგეტიკა > "ჰიდრორესურსების გასხვისებაში დევს ის, რაც საქართველოზე ცუდად მოქმედებს"

"ჰიდრორესურსების გასხვისებაში დევს ის, რაც საქართველოზე ცუდად მოქმედებს"


27 ივნისი 2009. : merabi
საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს, რომელთა შორის ენერგეტიკული მნიშვნელობით 300-მდე მდინარე გამოირჩევა.
2007-წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დადებითად არ ასახულა საქართველოს მოქალაქეებზე. დღესდღეობით ელექტროენერგეტიკაში კიდევ არის პრობლემები, რომელთა მოგვარება არ ან ვერ ხერხდება საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს პრობლემები გახლავთ ის ჰიდრორესურსები, რომელთა არასამართლიანად გასხვისება ხდება ინვესტორებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "ბანკებსა და ფინანსებს" ენერგეტიკის ექსპერტი დავით ებრალიძე ესაუბრა.

- ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით ჰიდროელექტროსადგურების რესურსების გასხვისების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს?

-მე მაღელვებს ჰიდრორესურსის გასხვისების პირობები. ძველად ჰესები რომ სხვისდებოდა, მეპატრონეს არ ჰქონდა ელექტროენერგიის თავისუფლად გატანის უფლება ქვეყნის გარეთ. ახალი ჰიდრორესურსების გასხვისებაში კი დევს ის, რაც საქართველოზე ცუდად მოქმედებს.
გასხვისება შემდეგი პირობით მოხდა: ზამთარში ჰესებიდან გენერირებული ელექტროენერგიის 40 პროცენტი რჩება საქართველოში, ხოლო დანარჩენი ელექტროენერგია უფლება აქვს იქ გაიტანოს მეპატრონემ, სადაც თვითონ სურს. ეს პირობა ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოზე და ვხსნი რატომაც – ზამთარში მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის გენერირება ხდება, ამიტომ მისი 40% თითქმის არაფერი არ არის. ასე რომ, ჩვენი ჰიდროელექტრორესურსი შეიძლება გაჩუქებულად ჩავთვალოთ. საქართველო უშვებს თავის ჰიდროპოტენციალში უცხო ინვესტიციებს და სანაცვლოდ თითქმის არაფერს არ იღებს.
2007 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება, ისმის კითხვა: რატომ არ ხდება სამომხმარებლო ფასების შემცირება?
დღესდღეობით საქართველოში მტაცებლური პოლიტიკა მიდის. ჩვენი ჰიდრორესურსი არის საქართველოს მოსახლეობის პოტენციალი და თვითონ საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ როდესაც ექსპორტზე გადის ფასის სანაცვლოდ, ბარტერული გაცვლის მაგივრად და ამაში ვიღაც იხდის ფულს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჰიდრორესურსს აცლი საქართველოს ენერგეტიკას, სანაცვლოდ ქართველი ზამთარში ელექტროენერგიაში შედარებით მეტს იხდის. ეს არის ქვეყნის არასწორი პოლიტიკა. თუ კი ასეთ პოლიტიკას გავყვებით, ტარიფიც არ დაიკლებს და შემდგომ უკვე, როდესაც მოხმარება გაიზრდება, შეიძლება ფასის მომატებაზეც დადგეს საკითხი.

- საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთვრამეტე დადგენილების მიხედვით ელექტროენერგიაზე გადასახადი დიფერენცირებულია, რაც უფრო მეტს მოიხმარ, მით უფრო მომატებული ტარიფით იხდი ელექტროენერგიის საფასურს. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?

-ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ვითომდა რეგულირება გაეკეთებინათ მოხმარებისთვის. სინამდვილეში კი ეს გახლავთ არაპირდაპირი გზა ტარიფის მომატების, ადრე ასე პირდაპირ ვერ ახერხებდნენ ტარიფზე ფასის მატებას, ეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაც იყო, არგუმენტებიც არ ჰქონდათ, რატომ უნდა მომატებულიყო ტარიფი და ასეთი შემოვლითი ეშმაკური გზა იხმარეს, რომ ტარიფი არ იმატებს სოციალურად დაუცველებისთვის, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს, იმისთვის იმატებს, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ყველასთვის მოიმატებს.


ესაუბრა გიორგი ჯიღაური